შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.
„მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 242 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 78 332 ლარი შეადგინა,“ – წერს შემოსავლების სამსახური.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, „კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 8 215 ლარით დაჯარიმდა.“






