მთავარი,სიახლეები

რატომ მოსთხოვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მობილურის დატოვება – აჭარის მთავრობის განმარტება

24.08.2018
რატომ მოსთხოვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მობილურის დატოვება – აჭარის მთავრობის განმარტება

„დეპუტატებს არ უთქვამთ, რომ კონტროლის განხორციელების მიზნით იყვნენ შემოსული… ასეც რომ ყოფილიყო, კონტროლის განხორციელებას თავისი წესი აქვს. რეგლამენტში დეტალურიად გაწერილია, რას გულისხმობს კონტროლის ფუნქცია,“ – ასე პასუხობს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებმაც გუშინ, 23 აგვისტოს, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“: ელგუჯა ბაგრატიონს, გია აბულაძეს და გიორგი დიასამიძეს დაცვის სამსახურმა მობილური ტელეფონების დატოვება მოსთხოვა, მათ კი ამაზე უარი თქვეს. მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრა დეპუტატებმა მთავრობის სახლთან გამართული მეთხილე ფერმერების საპროტესტო აქციის დროს გადაწყვიტეს. ამ დეპუტატებმა დღეს, 24 აგვისტოს, ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ აჭარის მთავრობამ კანონი დაარღვია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით კი, მთავრობას უნდა დაესაბუთებინა და საზოგადოებისთვისაც აეხსნა, რატომ არ შეუშვეს დეპუტატები აჭარის მთავრობაში კონკრეტულ თანამდებობის პირთან შესახვედრად.

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი განმარტავს, რომ გუშინ თვითონ უშუალოდ შეხვდა დეპუტატებს და აუხსნა, რომ მობილური ტელეფონების დაცვის თანამშრომლებთან დატოვება კანონით დადგენილი მოთხოვნაა და ამ წესს ყველა უნდა დაემორჩილოს, იმ პირების გარდა, ვინც აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობს. არჩილ ჩიქოვანი კონკრეტულ კანონს ასახელებს – „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“.

„ამ კანონში წერია, რომ უსაფრთხოების მიზნით ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მოსთხოვოს სამართალდამცველმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მეტალოდეტექტორის თაღის ქვეშ გავლა და მობილური ტელეფონის დატოვება. ეს წესი ვრცელდება უმაღლესი საბჭოს, ასევე პარლამენტის წევრებზეც. ეს დეტალურად განუმარტეს დეპუტატებს სამართალდამცველებმა, მაგრამ ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ შეფერხების გარეშე უნდა შევიდნენ მთავრობის შენობაში. გასაგებია, რომ კანონში ეს წერია, მაგრამ იგივე ჩანაწერი ადგენს გამონაკლისს,“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

დეპუტატების ბრიფინგს არ გამოხმაურებია აჭარის უმაღლესი საბჭო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: