მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ხვალ უყრის კენჭს

20.07.2018 • 2571
აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო ხვალ უყრის კენჭს

აჭარის უმაღლესი საბჭო ხვალ, 21 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე კენჭს უყრის აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაა წარდგენილი. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, თანამდებობაზე დასამტკიცებლად კენჭი ეყრება მთავრობის წევრი ოთხი მომავალი მინისტრის კანდიდატურასაც: სოფლის მეურნეობის მინისტრად – ტიტე აროშიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად – ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრად – ზაალ მიქელაძე.

ინგა შამილიშვილი და ზაალ მიქელაძე დღეს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები არიან.

აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს ხმათა უმრავლესობაა საჭირო. უმაღლეს საბჭოში სულ 21 წევრია.

უმრავლესობამ [ უმაღლესი საბჭოს 14 წევრი „ქართული ოცნებიდან“ – რომლებიც სამ ფრაქციაში არიან გაერთიანებული] უკვე განაცხადა, რომ მხარს უჭერს წარმოდგენილ კანდიდატურებს. შესაბამისად, საბჭო მთავრობის ახალ შემადგენლობას უპრობლემოდ დაამტკიცებს.

მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელშიც უმაღლესი საბჭოს 4 წევრია.

უმაღლეს საბჭოში თითო დამოუკიდებელი წევრია ასევე შემდეგი პარტიებიდან: „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „ევროპული საქართველო“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ტოვებდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს.

ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან 4 ივლისს გადადგა. პატარაძე ამ თანამდებობაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

მთავრობის თავმჯდომარის გადადგომა ავტომატურად მთავრობის გადადგომას გულისხმობს, ამიტომ ზურაბ პატარაძის მთავრობის წევრი ყოფილი მინისტრები, დღეს მოვალეობის შემსრულებლები არიან. ამ დრომდე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ზურაბ პატარაძეც, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: