მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა: საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება

25.05.2018 • 2931
აჭარის მთავრობა: საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის პირველი სართულის კოლონების მშენებლობა დასრულდა და დაწყებულია მათი გადახურვა; დაწყებულია ასევე მეორე სართულის კოლონების მოწყობა; ივნისის თვიდან კი იარუსების [სკამების] მოწყობა დაიწყება; პარალელურად მიმდინარეობს მეორე სართულის გარკვეულ მონაკვეთებზე კოლონების დახურვა, რკინა-ბეტონის სამუშაოები.

მთავრობაში აცხადებენ, რომ სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოებიც, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. ხელშეკრულების მიხედვით კი, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, ანუ 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებარე სტადიონი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ და ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დაათვალიერეს.

„სამშენებლო პროცესში მეხუთე კლასის შენობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები არიან ჩართული,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ დღეს, 25 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში. თუმცა სტადიონის მშენებლობა მეხუთე თვეა ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სტადიონის მშენებლობას, რომელიც 2018 წლის იანვრიდან შენდება, ორი ინჟინერ-კონსტრუქტორი ზედამხედველობს. სტადიონის მშენებლობასა თუ ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის „დროებითი ზედამხეველების“ კავლიფიკაციის შესახებ, წერილობით გამოვითხოვეთ. ინფორმაცია არც „სტადიონმა“ მოგვაწოდა, არც სამინისტრომ და არც აჭარის მთავრობამ. აჭარის მთავრობიდან მოგვწერეს, რომ ინფორმაციის მისაღებად შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით: „ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ვერ უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის და უეფას ლიგის ფინალურ თამაშებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალის და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არ არის შესაძლებელი“.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ბათუმის საფეხბუთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია.

აქედან ზედამხედველობისთვის გათვლილი 5 550 000 ლარიდან:

  • ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3 520 474 ლარია გათვალისწინებული. „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ კი „სტადიონს“ ზედამხედველობას 2 847 000 ლარად სთავაზობს;
  • საექსპერტო ზედამხედველობისთვის 25 424 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა, შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ რევაზ კახიძესთან 13 650 ლარზე გაფორმდა;
  • საავტორო ზედამხედველობაზე შპს „სტადიონი“ მოლაპარაკებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან აწარმოებდა, მასთან ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გასაფორმებლად, თუმცა რა თანხაზე, „სტადიონში“ არ დაგვიკონკრეტეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ „თურქულმა პროექტმა, რომლის მიხედვითაც შენდება საფეხბურთო სტადიონი, სწორედ „სამხარაულში“ გაიარა ექსპერტიზა და ამიტომ „სამხარაული“ პროექტის ერთგვარი თანაავტორი გამოდის“. 
მთავარი ფოტო: ბათუმის მშენებარე სტადიონი / ფოტო: აჭარის მთავრობა.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/137618/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: