მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კობალთაში მცხოვრებ ოჯახებს სახლის გადასატანად ფინანსურად დაეხმარებიან

01.05.2018
კობალთაში მცხოვრებ ოჯახებს სახლის გადასატანად ფინანსურად დაეხმარებიან

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში მცხოვრებ ათ ოჯახს სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 15 000 ლარს გამოუყოფენ თითოეულს. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება მხოლოდ იმ ოჯახებს გაეწევა, რომლებიც მერიას უსაფრთხო ადგილზე არსებულ მიწის საკუთრებისა და ამ მიწაზე სახლის ასაშენებლად გეოლოგიურ ცნობას წარუდგენენ.

„სახლის ადგილმონაცვლეობისთვის თანხას პირველ ეტაპზე მხოლოდ კობალთაში მუდმივად მცხოვრები ათი ოჯახი მიიღებს. რაც შეეხება დროებით მცხოვრებლებს, მათზე შემდგომში ვიმსჯელებთ. თუ მიწა არ გააჩნია ოჯახს და ცნობა, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სახლის აშენება უსაფრთხო არ არის, მაშინ თანხა რისთვის მივცემთ? თანხა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. ამ დროისთვის სახლის ადგილმონაცვლეობისთვის სამმა ოჯახმა მოგვმართა, ოჯახებს მიწის ნაკვეთები ხელვაჩაურსა და ოზურგეთში აქვთ,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

ზაზა ზოიძის თქმით, კობალათაში მცხოვრები ათი ოჯახი განსახლების პროგრამით მხოლოდ იმის გამო ვერ ისარგებლებს, რომ პრობლემა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას ეხება და არა საცხოვრებელ სახლებს.

„განსახლების პროგრამა ფინანსურად დახმარებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია, იქედან გამომდინარე, რომ კობალთაში საცხოვრებელი სახლები საფრთხის ქვეშ არაა, პროგრამაში ვერ მოხვდება, ამიტომ ვთავაზობთ სახლის ადგილმონაცვლეობისთვის ფინანსურ დახმარებას, ყველა ოჯახის საცხოვრებელი სახლი ხისაა და შესაძლებელია მათი ადგილმონაცვლეობა მოხდეს,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

გზა, რომელიც სოფელ კობალთას გარე სამყაროს აკავშირებს, გეოლოგიური დასკვნით საფრთხის შემცველია და მასზე დამცავი კედლისა თუ ხიდების მოწყობა რეკომენდებული არ არის, არსებული გეოგრაფიული რელიეფი კი ამ სოფელთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის გაყვანის შესაძლებლობას არ იძლევა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: