მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა ბედი ელის ჭოროხის ხეობას

28.12.2012 • 2882
რა ბედი ელის ჭოროხის ხეობას

რეზო წითელაძე ჭოროხისპირას, დოლამაჯეს უბანში ცხოვრობს. მისი მიწის ნაკვეთი ასიოდე მეტრითაა დაშორებული იმ ადგილს, სადაც ჰესი შენდება. რეზოს მეზობლებმა კომპენსაცია აიღეს, თუმცა მან  ვერა.

„მამაპაპისეული მიწაა. რეგისტრირებული არ გაქვსო და არ მომცეს. არც ნარგავებში მაძლევენ ფულს. ამ კაკალს რამდენი წელი უნდა იცი, რომ გაიზარდოს?  20 ლარად გაყიდეს კვადრატული მეტრი მიწა. არც ის ვიცი, ასახლება მოგვიწევს თუ არა. ჯერ მხოლოდ მიწის ფული მისცეს ხალხს,“ _ ამბობს რეზო წითელაძე.

დოლამაჯეს მცხოვრებთაგან განსხვავებით არაფერი შეუთავაზებიათ სოფელ ნაკირნათევის მცხოვრებთათვის. ნაკირნათევში 20 ოჯახი ცხოვრობს. სოფელი მთაზეა შეფენილი და ჰესის მშენებლობის უშუალო ზონაში არ მდებარეობს. ნაკირნათევი მეწყერსაშიში ზონაა. სოფელში რამდენიმე სახლი დამეწყრილია.

„მოსახლეობას არავინ არაფერს არ ეკითხება. აგერ მიწა მოშვავებულია, რომ აფეთქებენ, უფრო შვავდება. რომ წამოვიდეს მეწყერი და ჩაგვიტანოს, მერე სად წავიდეთ? კომპენსაციას ვერ ვიღებთ. იმიტომ, რომ გვეუბნებიან, 200 მეტრში ვინც არ ცხოვრობს, იმას არაფერი საფრთხე არ ემუქრება და კომპენსაცია არ გეკუთვნითო,“ – ამბობს სოფელ ნაკირნათევში მცხოვრები ლიანა შუშანიძე.

ლიანა შუშანიძე ამბობს, რომ  მას ხელთ აქვს გეოლოგების დასკვნა, რომლის მიხედვითაც სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. მისი თქმით, ჰესის მშენებლობის გამო მიმდინარე აფეთქებები მათ ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს. რა უნდა მოიმოქმედოს მოსახლეობამ, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას? ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგრამის კოორდინატორი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ  ამ პირობებში რაიმე ზემოქმედების მოხდენა დაგვიანებულია.

„მაგრამ თუ დაწერენ წერილს, სადაც აღწერილი იქნება მათი პრობლემები და შეაგროვებენ ხელმოწერებს სოფელში, შეიძლება კიდევ რაღაც შეიცვალოს. კერძოდ, ეს წერილი უნდა გაიგზავნოს აჭარის უმაღლეს საბჭოში, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებში და ასევე კომპანიაშიც ,“ _ ასეთია გარემოსდამცველის რეკომენდაცია მოსახლეობისადმი.

სოფლის მცხოვრებლები კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-სგან დეტალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს. მოსახლეობისთვის ახალ თავსატეხად ხიდი იქცა, რომელსაც კომპანია ჭოროხზე აშენებს.

„ამბობენ, რომ აქ ყველაფერს გადაკეტავენ და შემოვლით გზას გააკეთებენ. ეს ხალხი მარადიდში უნდა გავიდეს და ისე უნდა იმოძრაოს? რა უნდა ქნას? მთავრობა არაა, პატრონი არაა. ვინმე რამეს არ ლაპარაკობს,“ –  ამბობს გუგული კახიძე.

„ბათუმელები“ კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ის კომპანიის წარმომადგენლებს მშენებარე ჰესთან შეხვდა. ჩვენს კითხვებს კომპანიის წარმომადგენელმა, სოფო ვარშალომიძემ და „აჭარ ენერჯი 2007“ -ის ტექნიკურმა მენეჯერმა ფარუქ ათალარმა უპასუხეს.  მათი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა 2015 წლის ივნისში უნდა დამთავრდეს. ფარუქ ათალარის თქმით, ისინი საქართველოს კანონმდებლობით მოქმედებენ და ვისაც ეკუთვნის, ყველა პირი მიიღებს კომპენსაციას.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას ის ადამიანები, ვინც  უშუალოდ ჰესის მშენებლობის ზონაში არ ცხოვრობს, სოფო ვარშალომიძე პასუხობს: „მშვენიერი ხედი ექნებათ, რაღა უნდათ“.  კომპანიის ტექნიკური მენეჯერის თქმით კი, იმ შემთხვევაში, თუკი მისასვლელი გზები ან ელექტროგადამცემი ხაზები გაფუჭდება, კომპანია აღადგენს“.

ფარუქ ათალარის თქმით ხიდი, რომელიც ჭოროხზე შენდება, დროებითია და მშენებლობის დასრულების შემდეგ მას აიღებენ. ათალარმა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსახლეობის ეჭვები შემოვლითი გზის გაკეთების შესახებ. მისი თქმით, ხეობაში ისტორიული გზა დარჩება.

კითხვაზე, იყო თუ არა ხიდის მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გათვალისწინებული, კომპანიის წარმომადგენელი სოფო ვარშალომიძე პასუხობს:

„გეზეშეში ეს მიდამოები მთლიანად არის შესული. ერთი ხიდი აშენდება აქ,  ორი თუ სამი, ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს,  გეზეშეში იქნება თუ არა აღნიშნული,” –  აცხადებს ვარშალომიძე.

ტექნიკური მენეჯერის თქმით, კი ის შენიშვნები, რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდა, გაითვალისწინეს და აღმოფხვრეს.

ჭოროხის აუზში მდებარე ქართული სოფლების მოსახლეობა ეჭვობს, რომ ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს.

„ამბობენ, რომ მოსავალი აღარ მოვა, სულ ნისლი იქნებაო. თუ მოსავალს ვერ მივიღებთ, სოფელში თავი როგორ ვირჩინოთ?“ – კითხულობს ნაკირნათეველი ლიანა შუშანიძე.

„მოდით მაშინ მეც შეგეკითხებით, იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთებთ ჰესს, ეს იქნება პირველ რიგში ძალიან ლამაზი, მეორეც თევზსაჭერი ადგილი იქნება და მოსახლეობას შეეძლება  იცურაოს კიდეც და ამაში მე გადამიხდის ფულს ეს მოსახლეობა? შეიძლება არც მიადგეს  ზარალი. შეიძლება უფრო უკეთესი რაღაც დაითესოს. წინასწარ იმის თქმა, რომ ასე იქნება, არ შეიძლება, “ – განუცხადა „ბათუმელებს“  „აჭარ ენერჯი 2007“ -ის ტექნიკურმა მენეჯერმა ფარუქ ათალარმა.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი, ვახო წულაძე ამბობს, რომ მთავრობა ჰიდროპროექტების გადახედვას გეგმავს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ის თავად უხელმძღვანელებს. დღემდე სამმართველოს ახალმა უფროსმა მხოლოდ ერთ კომპანიასთან მოახერხა შეხვედრა. წულაძე ამბობს, რომ „აჭარ ენერჯი 2007“- თან  მას შეხვედრა არ ჰქონია და არც პროექტს იცნობს.

„იმდენ ხანს გეცოცხლოს, სანამ ჭოროხი დაშრება და ზედ ბოტანიკური ბაღი აშენდებაო“ _  მამაჩემი იტყოდა, მახსოვს, ის ბრძენი კაცი იყო.  აჰა, იმ დღესაც მოვესწარ, რომ აღარა ჭოროხი. ჰესს აშენებენ. კაი რამეს არ მოგვიტანს ეგ ჰესი, რა იქნება, არავინ არ იცის“, _  ამბობს სოფელ გვარაში მცხოვრები გუგული კახიძე „ბათუმელებთან“ საუბარში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: