მთავარი,სიახლეები

რატომ ისაუბრა პატრიარქმა პირველად ეპისტოლეში ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნაზე – ინტერვიუ

10.04.2018 •
რატომ ისაუბრა პატრიარქმა პირველად ეპისტოლეში ეკლესიის და სახელმწიფოს გამიჯვნაზე – ინტერვიუ

ეკლესია და სახელმწიფო – პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან ძირითადად ამ საკითხმა გამოიწვია საჯარო დისკუსია. სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა თქვა, რომ „ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც“.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს პირველად პატრიარქის ეპისტოლეში ამ თემის გააქტიურება და რა გზავნილებია წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

ბატონო მირიან, თქვენთვის რა იყო მთავარი გზავნილი ახალ სააღდგომო ეპისტოლეში?

ეპისტოლე მხოლოდ ერთხელ წავიკითხე და რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ესაა მისი ეკლექტური წყობა, ძალიან არეულ-დარეული თემატიკა. პატრიარქს აქვს ასეთი სტილი, რომ წლის განმავლობაში, რასაც ის ჩათვლის მნიშვნელოვნად, ინიშნავს ამ თემებს და შემდეგ ცდილობს, ასახოს იგი ეპისტოლეში. პირველივე ხაზი, რაც მოსდევს სტანდარტულ შესავალს, არის ზნეობრივი ღირებულებების შესახებ, რომ ის რაც მცდარია, ცხადდება ნამდვილად, დაუშვებელი – დასაშვებად… ამჯერადაც ერთგვარად მორალურ დათრგუნვას ახდენს ეს წერილი.

შემდეგ ამას მალევე მოსდევს, მაგალითად, აბზაცი, სადაც წერია, რომ ადამიანები მდარე პროდუქტებით იკვებებიან. საერთოდ, საკვებთან მიმართებაში პატრიარქი ხშირად უშვებს ხოლმე მნიშვნელოვან შეცდომებს. გასაგებია, რომ ის იკვებება მაღალი დონის საკვებით, მაგრამ რაღაცნაირად შემხებლობაში ხომ უნდა იყოს საკითხთან, რაზეც საუბრობს? რამდენიმე წლის წინ სააღდგომო თუ საშობაო მარხვა ხსნილად გამოაცხადა ხიზილალით. ეს ხომ დაცინვაა მრევლის, სადაც ალბათ თაობები არსებობს, რომელმაც არც კი იცის, რა არის ხიზილალა და არასდროს გაუსინჯავს მისი გემო, ამ პროდუქტის ძვირდაღირებულების გამო. ამ ეპისტოლეშიც ისე საუბრობს პატრიარქი, თითქოს ადამიანებს აქვთ საშუალება და არ იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით.

 

შესაძლოა, ამ ფორმით საპატრიარქომ გააპროტესტა სურსათის ხარისხი…

მაშინ არ უნდა იწვევდეს ეს აზრი სხვადასხვა გაგებას. მას შეეძლო პირდაპირ ეთქვა, რომ ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს საქართველოში სურსათის ხარისხს, არ მუშაობს სათანადოდ და ასე შემდეგ. სურსათი ზოგადად ის თემაა, რაზეც პატრიარქი ხშირად საუბრობს ეპისტოლეებში. ერთხელ, მახსოვს, ხორბლის ჯიშებზეც კი დაწერა პატრიარქმა და დიდი ადგილი ეთმობოდა ამ საკითხს ეპისტოლეში. სინამდვილეში, ის უნდა შეიცავდეს რაღაც ტიპის სულიერ გზავნილს და უნდა ეძღვნებოდეს კონკრეტულ პრობლემებს. თუ გახსოვთ, პატრიარქს ერთ-ერთ წინა ეპისტოლეში ჰქონდა საუბარი ხელოვნურ განაყოფიერებაზე. ამ კონკრეტულმა ფრაზამ ახადა ფარდა ძალიან დიდ სფეროს. აღმოჩნდა, რომ იქ ადამიანები ქალებს ქირაობენ და ასე შემდეგ. ანუ თემა არსებობდა, მაგრამ ასეთი განხილვა მანამდე არ ყოფილა.

ეკლესია და სახელმწიფო – პატრიარქი აღნიშნავს, რომ ინსტიტუციურად ეს ორი ინსტიტუტი გამიჯნული უნდა იყოს და ასეც არის. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ საკითხის გააქტიურება ეკლესიის მხრიდან?

ეს საკითხი ამგვარი ფორმულირებით პირველად მოხვდა ეპისტოლეში, მაგრამ საკმაოდ მცირე დოზით. იმდენად მცირე აბზაცი ეთმობა მას, რომ დისკუსიის საგანიც ვერ გახდა. პატრიარქი წერს, რომ სტრუქტურულად უნდა იყოს გამიჯნული სახელმწიფო ეკლესიისგან. მანამდე ის სულ ერთიანობის შესახებ წერდა. ეტყობა, ვიღაცამ ურჩია, რომ პატარა ლუკმა დემოკრატიისთვისაც უნდა გადაეგდო. თუმცა იქვე, მეყსეულად აღნიშნავს, რომ საერთო საქმეში ეკლესია და სახელმწიფო ერთად უნდა იყვნენ.

ამავე აბზაცში აღნიშნულია, რომ „ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს“.

კი. ამით პატრიარქმა მიანიშნა, რომ ის შეეგუება სახელმწიფოს და ეკლესიის გამიჯვნას მხოლოდ ფორმალურ დონეზე. თვისობრივად მას სურს, რომ იყოს მჭიდრო კავშირში ეს ორი ინსტიტუცია.

მასმედიაზე აქამდეც არაერთხელ უსაუბრია პატრიარქს ეპისტოლეებში. ამჯერად რა ჩანს მასმედიასთან მიმართებაში?

აქ საინტერესოა ორი მომენტი. ეკლესია დიდი ხანია ინარჩუნებდა საინფორმაციო შეუვალობას. აქამდე მიუხედავად პატარ-პატარა წაკბენებისა, ეკლესიას ჰმოსავდა ერთგვარი გარსი, რომელიც მას ინფორმაციის გავრცელებისგან იცავდა. „ციანიდის საქმის“ შემდეგ ეს გარსი მთლიანად ჩამოიშალა. ამის პარალელურად, საინფორმაციო საშუალებებს ეკლესიაში გაუჩნდათ მოკავშირეები. ეს არის აპოკალიფსური სურათი პატრიარქისთვის, რადგან იცის, რომ თუკი მასმედია რეალურად დაინტერესდება საპატრიარქოს შიგნით არსებული სიტუაციით, იქ ბევრ მნიშვნელოვან ამბავს წააწყდება. ან მოხდება მათი წარმოჩენა სხვაგვარად. მაგალითად, საუბარი საეკლესიო კორუფციაზე. ეკლესიას ხომ ფიქსირებული ქონება არ გააჩნია, არც საბანკო ანგარიშების ვალდებულება აქვს მას. სინამდვილეში არსებობს კორუფცია, მაგრამ ეკლესიას ეს სხვაგვარად ესმის.

მეორე მომენტი არის ის, რომ ეკლესია აქამდე იყო სერიოზული აქტორი შეხედულებების დამკვიდრების საქმეში, ეს იქნებოდა პოლიტიკური, სოციალური თუ მორალური შეხედულებები. მას უკვე გამოუჩნდა კონკურენტი მასმედიის და მათ შორის, სოციალური მედიის სახით. უკვე ერთმა ადამიანმაც კი შესაძლებელია გამოავლინოს ეკლესიის რომელიღაც მანკიერი თვისება სოციალური ქსელის დახმარებით. პატრიარქის კრიტიკა მთლად თითიდან გამოწოვილი არ არის, როცა იგი ავტორიტეტებზე საუბრობს. დღემდე ქართული მედია ვერ ახერხებს არსობრივად საკითხის განხილვას და ხშირად შეხლა-შემოხლის ორგანიზებით შემოიფარგლება. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც არ ეზარება ლაპარაკი და აქვს კავშირები ტელევიზიასთან, ახერხებს მისი აზრი გახდეს მნიშვნელოვანი. პატრიარქი უკვე გრძნობს ამ კონკურენციას.

აქ ჩნდება ასევე კითხვა: არის თუ არა რეალური ეკლესიის ძალაუფლება? აქამდე 10 წელია, თუ უფრო მეტი, ჩვენ გვესმოდა, რომ ეკლესია არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი და ჩვენ გვჯეროდა ამის…

ეს გამოკითხვებიდანაც ჩანდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობოდა ეკლესიას.

მეც მინდოდა, რომ თქვენ ეს ჯადოსნური სიტყვა – გამოკითხვა გეხსენებინათ. რას ნიშნავს გამოკითხვა? ის საქართველოში იმგვარად არის კონსტრუირებული და ისე ეკითხებიან, რომ რეალურად რთულია გამოკითხულის პოზიციის გაგება. ადამიანი, რომელსაც სურს სწრაფად გასცეს კითხვებს პასუხი, პირველი, რაც ჩამონათვალში თვალში ხვდება, არის ეკლესია. თუკი ადამიანს ეტყვი, რომელს უფრო ენდობი – ეკლესიას, იუსტიციის სამინისტროს თუ პატრულს, გეტყვის ეკლესიასო, რადგან ეკლესიას აქვს სიმბოლური ნდობა, ის უფრო პრეზენტატიულია, არსებობს ისტორიული მეხსიერება მის შესახებ. ამ ნაწილში, როცა პატრიარქი ამბობს, რომ მედიას შეუძლია დაამკვიდროს ღირებულებები, ეს არის კონკურენციის მძაფრი განცდის გამოძახილი. მან იცის, რომ მედიამ შეიძლება წაართვას ეს სიმბოლური კაპიტალი, რაც მას ჯერ კიდევ აქვს. ესაა ფუნქცია, რაზეც დგას საპატრიარქოს ფუყე ავტორიტეტი და ის შეიძლება ხელიდან გამოაცალოს სწორედ მასმედიამ. ავტორიტეტებს ებრძვიანო როცა ამბობს პატრიარქი, ის თავის თავს გულისხმობს პირველ რიგში. რამდენიმე წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ პატრიარქის მიმართ ასეთი კრიტიკა იქნებოდა შესაძლებელი, როგორც ახლაა.

ეპისტოლეში ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა ღირებულებებს. „ყველგან თვალშისაცემია ტრადიციული ღირებულებების მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებისა და ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

ამავე აბზაცს თუ დააკვირდებით, საინტერესოა ის, რომ პრობლემების ჩამონათვალი იწყება „აგრესიით“ . აგრესია არის თვისება, რომელიც ხშირად სწორედ ეკლესიასთან ასოცირდება. ბოლო წლებში ეკლესია გვესმის სწორედ ძალმომრეობის კონტექსტში იქნება ეს ფიზიკური დარბევა, კონცერტის ჩაშლა თუ კულტურულ ძეგლზე გამოვლენილი ძალადობა მისი გადაკეთების მიზნით. როცა ისტორიულ ძეგლს შენს ჭკუაზე ასხვანაირებ, ესეც აგრესიაა, ძალადობაა, რასაც ეკლესია აკეთებს. ეპისტოლე ისევ ატარებს საპატრიარქოს სრულიად მცდარ სტრატეგიას, რომ ხალხს რაღაცისკენ მოუწოდო, მაგრამ საამისოდ თავად არაფერი იღონო. პატრიარქი უკვე მერამდენედ, ალბათ მეოცე წელია, აპროტესტებს, მაგალითად, აბორტს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი ამას არ მოჰყოლია არასდროს მისი მხრიდან. კათოლიკური ეკლესიაც კრძალავს აბორტებს, მაგრამ ის ცდილობს ალტერნატიული გზები შესთავაზოს მრევლს. მაგალითად, არსებობს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მარტოხელა დედებს, რომ მათ შვილები გააჩინონ. არსებობს მონასტრები, სადაც შეუძლია ახალგაზრდა გოგოს შვილი გააჩინოს, თუ მას სირცხვილის გრძნობა აქვს კონკრეტული მდგომარეობის გამო და ა. შ. საქართველოში გსმენიათ მსგავსი პროგრამის შესახებ, რასაც ეკლესია ახორციელებს? ერთადერთი, ნარკომანიის რეაბილიტაციის ცენტრი არსებობდა და იმანაც არ იმუშავა. ეს არის უპასუხისმგებლობა. ეკლესიაც პასუხისმგებელია ნარკომანიაზე, აბორტზე და ნებისმიერ სხვა უმსგავსობაზე, რაც ერში ხდება.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ეპისტოლე ამახვილებს ყურადღებას: „დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნებს აღარ კითხულობს“.

არ არის ეს სიმართლე. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტი არ აქვს და წიგნი ისევ რჩება მნიშვნელოვან პროდუქტად. ამაზე მეტყველებს ის, რომ წიგნი საკმაოდ ძვირი ღირს საქართველოში და ის იყიდება.

მედიაში დისკუსია ამჯერად ამ ეპისტოლეს არ მოჰყოლია. თავად საპატრიარქომ ხომ არ აარიდა თავი ახალი დისკუსიის წამოწყებას?

ეპისტოლე მაშინ არის რეზონანსული, როცა ის კონცენტრირებულია რაიმე ტიპის პრობლემაზე. რამდენადაც ეს ეპისტოლე ეკლექტიკურია, ის მედიის ინტერესის საგანი არ გამხდარა. მისი ძირეული ანალიზით არავის შეუწუხებია თავი… არა მგონია, რომ ეს შეგნებულად გათვალა პატრიარქმა. მას სურდა, რომ რაც შეიძლებოდა მეტი მნიშვნელოვანი საკითხისთვის გაესვა ხაზი და ამიტომაც საკმაოდ ვრცელი ეპისტოლეა, მეორე მხრივ, ეკლესია დაიღალა ამდენი ყურადღებით და ვეღარ უძლებს ზეწოლას.

კიდევ ერთი დეტალისთვის მინდოდა გამესვა ხაზი – თითოეულ ეპისტოლეში ეთნიკური უმცირესობის თითო ჯგუფი ჩნდება, როცა პატრიარქი ეპისტოლის დასასრულს საერთო მიმართვას აკეთებს. ამჯერად ამ ჩამონათვალს მიემატა: ასირიელები, ქურთები, ინგუშები, ჩერქეზები, ლეკები. ამ ეპისტოლეში ქურთული წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობების სრული პალიტრა მოხვდა, რაც არავის შეუმჩნევია. ესაა გამოძახილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესისა, სადაც ხსენებული ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ და თვითდამკვიდრების აქტიურ პროცესს გადიან.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: