მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მიწებს აჭარაში წელსაც „მექანიზატორი“ დაამუშავებს – რა ღირს დახვნა?

27.03.2018 • 3535
მიწებს აჭარაში წელსაც „მექანიზატორი“ დაამუშავებს – რა ღირს დახვნა?

სასოფლო-სამეურნეო მიწებს აჭარაში, წინა წლების მსგავსად, წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. „მექანიზატორის“ ტექნიკით, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება – 140, ყამირი მიწის დამუშავება – 180 ლარი ღირს, თუმცა ეს ტარიფი ხულოსა და შუახევის შემთხვევაში, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, განსხვავებულია.

შუახევსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში სახნავ-სათესი მიწების დამუშავების ტარიფს  ნიადაგის დახრილობით განსაზღვრავენ და იმ შემთხვევაში, თუ  დასამუშავებელი მიწა დახრილფერდობიანია, ტარიფი იზრდება.

შპს „მექანიზატორის“ აჭარის სერვისცენტრის მენეჯერი, ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ დახრილი ნიადაგის დამუშავებას მეტი დრო და შესაბამისად, მეტი საწვავი სჭირდება, აქედან გამომდინარე, ერთ ჰექტარზე ტარიფი შეიძლება რამდენიმე ლარით გაიზარდოს.

„მთაში ფერდობებია, რთულია მიწის დამუშავება. მაგალითად, ქობულეთის მიწებისგან განსხვავებით, მიწის ტექნოლოგიურად დამუშავება აჭარის მთიანეთში ცალმხრივად ხორციელდება – დახრილ ფერდობებზე ტრაქტორს ცარიელი სვლის გაკეთება უწევს, შესაბამისად საწვავიც მეტი იხარჯება.

რაც შეხება ტარიფებს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მომსახურების გაწევა სჭირდება ფერმერს, მხოლოდ მიწა უნდა მოხნას, დაფარცხოს, სიმინდი დათესოს თუ სხვა სამუშაოები ჩატარდეს. ხულოსა და შუახევის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში ტარიფი ერთნაირია,“ – ამბობს ზურაბ ბერიძე.

ზურაბ ბერიძის თქმით, წელს რეგიონის მასშტაბით „მექანიზატორის“ 25 – 27 ტრაქტორი მოემსახურება, შუახევსა და ხულოში 3 ტრაქტორი იმუშავებს, ქედასა და ხელვაჩაურში, თითოეულში –  8, ქობულეთში – 12 და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე – 4.

„ტექნიკა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან. ამ გათვლებით, მინიმუმ 25, მაქსიმუმ კი – 27 ტრაქტორი იმუშავებს მიწის დახვნაზე. ყველაზე დიდი მოთხოვნა ქობულეთსა და ხელვაჩაურზე მოდის, თითქმის ორი კვირაა დავიწყეთ სამუშაოები და ამ დროისთვის 40 ჰექტარი მიწა გვექნება დამუშავებული, 28 მარტიდან ვაპირებთ აჭარის მთიანეთში გადავინაცვლოთ და იქაც დავიწყოთ საგაზაფხულო სამუშაოები“.

მიწის დამუშავების საფასურთან ერთად, ფერმერმა ტრაქტორის გადაადგილების თანხაც უნდა გადაიხადოს. ტექნიკის გადაადგილების ფასი ერთ კილომეტრზე 1 ლარი ღირს. დამუშავებისა და ტექნიკის საკუთარ ნაკვეთამდე გადაადგილების მომსახურების თანხის გადახდა ფერმერებს ბანკ „საქართველოსა“ და „ლიბერთი ბანკში“ შეეძლებათ.

„იმ შემთხვევაში, თუ ფერმერისგან იქნება დაკვეთა და მას მიწის სპეციალურად დამუშავებისთვის სხვა აგრეგატები დასჭირდება, მან აგრეგატების ნაკვეთამდე გადაადგილებისთვისაც უნდა გადაიხადოს მომსახურების საფასური. ტექნიკის გადაადგილების თანხას ფერმერი იმ შემთხვევაში იხდის, თუ სოფელში შესულ ტექნიკას დროულად არ გამოიყენებს და მაშინ მოგვცემს დაკვეთას, როდესაც ტექნიკა უკვე სხვა სოფელში იქნება,“ – ამბობს ზურაბ ბერიძე.

მთავარი ფოტო: მიწის დამუშავება აჭარაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: