სიახლეები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალი ემბლემა აქვს

27.05.2015 • 2150
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალი ემბლემა აქვს

 

2015 წელს დამტკიცებული ემბლემა

 

2015 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომლის ველსაც ოთხ თანაბარ ნაწილად ჰყოფს წითელი ჯვარი. ოთხივე ნაწილში თეთრ ფონზე გამოსახულია თანაბარი ზომის თითო წითელი ბოლნური ჯვარი. ველის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ოთხკუთხა ფარი. ფარის ველი ლურჯია. ფარის ზედა ნაწილში ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრიათ, რომელზეც გადაშლილი ლაჟვარდისფერი (ლურჯი) წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო ვერცხლისფერი გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი – ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარის ქვედა ნაწილში ციხე-კოშკია  გამოსახული. ფარის ქვედა ნაწილზე გადმოფენილია თეთრი სადევიზე ბაფთა, რომლის წინა ველზე ლურჯი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი „კანონი და ღირსება“. მრგვალ ჰერალდიკურ ფარს ორი ქობა შემოჰყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა ნაცრისფერია და სისქით სამჯერ მცირეა სიღრმეში შემოყოლებულ ლურჯ ქობაზე.  ლურჯ ქობაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო”.

 

2014 წელს დამტკიცებული ემბლემა

 

2014 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს სამკუთხოვან ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გადაშლილი წიგნი უპყრიათ. წიგნის ქვემოთ ციხე-კოშკია  გამოსახული. ფარის ზემოთა ნაწილში ლურჯ ველზე ვერცხლით ჩაწერილია – „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტრო“.

 

2009 წელს დამტკიცებული ემბლემა

 

2009 წელს დამტკიცებული ემბლემის აღწერილობა: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ფარს. ფარის ველი ლურჯია. ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლური ფარი, რომლის ლურჯ ველზე მოთავსებულია ოქროს სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრია, რომელზეც ლურჯი გადაშლილი წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენასი კი ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინებია გამოსახული ისე, რომ თვითონ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარს ორი ოქროს ქობა შემოყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა სისქით ორჯერ აღემატება უფრო სიღრმეში შემოყოლებულ ქობას. ორ ქობას შორის ლურჯ ველზე ოქროთი ჩაწერილია – „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: