სიახლეები

კონკურსი – ”საკრებულოს საუკეთესო წევრი”

23.03.2015 • 1594
კონკურსი – ”საკრებულოს საუკეთესო წევრი”

 

 

კონკურსის მიზანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტში გამოავლინოს მოტივირებული, ინიციატივიანი საკრებულოს წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საკრებულოს საქმიანობაში, მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროცესებში. ყოველ მუნიციპალიტეტში გამოვლენილი იქნება თითო საკრებულოს წევრი, რომელსაც გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები.

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) ახორციელებს საკრებულოების საქმიანობის მონიტორინგს, რომლის საშუალებითაც მოხდება ყველაზე აქტიური – „საკრებულოს საუკეთესო წევრის” გამოვლენა. მონიტორინგის მიზანია მიაღწიოს საზოგადოებრივ ჩართულობას და ზედამხედველობას თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაზე, ასევე წაახალისოს საკრებულოების ყველაზე აქტიური და კვალიფიცირებული წევრები. მონიტორინგი ხორციელდება იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ასახულია „კარგი მმართველობის დეკლარაციაში” და რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში: საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს სხდომაზე საკითხის ინიცირება, საკრებულოს სხდომაზე აზრის გამოთქმა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საჯარო და ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება, შუამდგომლობების გაგზავნა შესაბამის სამსახურებთან (თუ პრობლემა სცილდება დეპუტატის კომპეტენციის ფარგლებს), კომისიის სხდომებზე დასწრება და ასე შემდეგ.

 

კონკურსში მონაწილედ განიხილება საკრებულოს ყველა წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილისა. ასეთი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებებით, რომ საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, თანამდებობრივი სტატუსიდან გამომდინარე, გაცილებით ხშირად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებსა და მოსაზრებებს საკრებულოს სხდომებზე. შესაბამისად, კონკურსში მათი მონაწილეობა არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა საკრებულოს დანარჩენ წევრებს.

 

იდეა – გამოვავლინოთ „საკრებულოს საუკეთესო წევრი” ყველა წევრს მოსწონს და დადებითად აფასებენ. ვახტანგ ლორთქიფანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ის, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” „საკრებულოს საუკეთესო წევრს” დაასახელებს, მან ამავე ორგანიზაციის მიერ „კარგი მმართველობის დეკლარაციის~ გადაცემის ღონისძიებაზე გაიგო. „თუ ბედი გამიღიმებს და მე ვიქნები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „საკრებულოს საუკეთესო წევრი~, თავს იღბლიან დეპუტატად ჩავთვლი და უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ ჩემი ამომრჩევლების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. თუ ეს სტატუსი ჩემს კოლეგას მიენიჭება, მაინც აამაღლებს ჩემს მოტივაციას და იმ კომპონენტების გამოსწორებას შევეცდები, სადაც დაბალი შეფასება მექნება.”

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამია ჟორდანია მიიჩნევს, რომ „საკრებულოს საუკეთესო წევრის გამოვლენა მისასალმებელია. ეს წაახალისებს საკრებულოს წევრებს და მეტი ენთუზიაზმით შეუდგებიან თავიანთი უფლებამოსილების შესრულებას.”

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედუარდ მიქელაძე ამბობს: „საკმაოდ აქტიური წევრი ვარ, მაგრამ „საკრებულოს საუკეთესო წევრის“ სტატუსის მონიჭება ათმაგად აამაღლებს ჩემს მოტივაციას და შესაბამისად უფრო მეტად ვიაქტიურებ.”

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტისთვის” ეს კონკურსი არ ახალია. 2010 წელს პროექტის „ჩემი არჩევანი – რეალური თვითმმართველობა” ფარგლებში გამოავლინა „საკრებულოს საუკეთესო წევრები” აჭარის რეგიონის ოთხ (ხულო, შუახევი, ხელვაჩაური და ქობულეთი) მუნიციპალიტეტში. გამონაკლისი აღმოჩნდა ქედის მუნიციპალიტეტი. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, რომ ყოველი საკითხი საკრებულოს სრული შემადგენლობის „ხელის აწევით~ გადიოდა და არც ერთს ჰქონია განსხვავებული აზრი. სამწუხაროდ ვერც სხვა აქტივობები ვერ გამოვლინდა. მიმდინარე მონიტორინგის დროს სურათი საგრძნობლად შეიცვალა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” „საკრებულოს საუკეთესო წევრს” ქედის მუნიციპალიტეტშიც დაასახელებს.

„პროექტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე რამდენიმე მსხვილი კომპონენტისაგან შედგებოდა, რომელთა ერთობლიობა მიმართულია საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობისა და თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლებისაკენ. რაც შეეხება საკრებულოს საუკეთესო წევრის გამოვლენის კომპონენტს, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია საკრებულოს წევრების სტიმულირებისაკენ, მათი მოტივაციის ამაღლებისაკენ. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში თითო მუნიციპალიტეტში გამოვლინდება თითო საუკეთესო წევრი, საკრებულოს სხვა წევრებს გაუმძაფრდებათ კონკურენციის შეგრძნება, რაც გაზრდის მათ ეფექტურობასაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია მსგავსი აქტივობისათვის სისტემური ხასიათის მიცემა,” -განაცხადა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ პროექტების კოორდინატორმა დავით არძენაძემ.
აჭარის რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის „საკრებულოს საუკეთესო წევრს” ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი” სპეციალურ დიპლომსა და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.

კონკურსი – „საკრებულოს საუკეთესო წევრი” ხორციელდება პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის” ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

 

საგაზეთო ჩანართს გამოსცემს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”. ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “თემები დემოკრატიული არჩევნებისთვის” ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

 

ჩანართის რედაქტორი: თეონა კაკაციძე

მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის ქ.#13; ტელ.: 24-16-40, ფაქსი: 24-16-50

ელ.ფოსტა: info@intellect.org.ge; ვებ.გვერდი: www.intellect.org

გადაბეჭდვის წესი


ასევე: