Batumelebi | რა ნერგები უნდა დავრგოთ შემოდგომაზე რა ნერგები უნდა დავრგოთ შემოდგომაზე – Batumelebi
RU | GE  

რა ნერგები უნდა დავრგოთ შემოდგომაზე

რომელი მრავალწლოვანი კულტურების დარგვა შეიძლება შემოდგომაზე, როგორ უნდა მომზადდეს ნერგი და ნიადაგი დასარგავად ისე, რომ ნერგს გახარება არ გაუჭირდეს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა ლომინაძეს ესაუბრა.

ბატონო შოთა, რომელი მრავალწლოვანი კულტურების დასარგავად არის ხელსაყრელი შემოდგომა?

მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას უნდა გამოიყოს დაბალი და მაღალი ზონა. დაბალ ზონაში ყველაზე კარგი პერიოდი ციტრუსის დასარგავად შემოდგომაა, ციტრუსის ნებისმიერი სახეობა შემოდგომაზე 15 ნოემბრამდე უნდა დაირგოს, თუ ამის შემდეგ დავრგავთ და იქნება სიცივე, ყინვა, შეიძლება ნერგი მიწას ვერ შეეგუოს, გახარება ზამთარზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მაღალ ზონას, აქ შემოდგომაზე ყველა ხეხილოვანი კულტურა, მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ნიგოზი, თხილი და ვაზი შეიძლება დაირგოს. თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია ზამთრის ფაქტორი, ნერგი სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან ოქტომბერში უნდა დაირგოს, ვიდრე ყინვა დაიწყება.

 როგორ უნდა დავრგოთ ნერგი ისე, რომ არ გაუჭირდეს გახარება?

დარგვამდე სპეციალური ორმო უნდა მოვამზადოთ და სასუქები შევიტანოთ როგორც მინერალური, ასევე ორგანული. იმ შემთხვევაში, თუ ციტრუსი შემოდგომაზე უნდა დარგოს ფერმერმა, სპეციალური ორმოები გაზაფხულზე უნდა მოამზადოს და შეიტანოს მინერალური სასუქი. წინასწარ მომზადებული ნაკვეთი ხელს უწყობს ნერგს როგორც გახარებაში, ასევე ზრდაში. რაც შეეხება ისეთ კულტურებს, როგორიცაა ვაშლი, მსხალი, კაკალი… ნიადაგს ადრეული მომზადება არ საჭირდება, შეიძლება პირდაპირაც ჩაირგოს.

ნიადაგში, სადაც ნერგი უნდა ჩაირგოს, რა მინერალური სასუქების გამოყენებაა რეკომენდებული?

სასურველია ჩაიყაროს ფოსფორი და კალიუმი, რა თქმა უნდა, აზოტიც, მაგრამ აზოტი უფრო მცირე ოდენობით, რადგან ვერ შეითვისებს ნერგი და დაიკარგება. ფოსფორი და კალიუმი ძნელად ხსნადია და შეთვისება ნელ-ნელა ხდება.

 დარგვამდე ნერგს თუ სჭირდება სპეციალური მომზადება?

დარგვამდე აუცილებელია ნერგის ვიზუალური დათვალიერება. თუ აღმოჩნდა, რომ ფესვი დაზიანებულია, ის ფესვთა სისტემას უნდა მოსცილდეს, რადგანაც შესაძლოა დაზიანებული ნაწილიდან სიდამპლე გაუჩნდეს ფესვთა სისტემას. დარგვამდე ფესვთა სისტემა უმნიშვნელოდ უნდა გაიკრიჭოს და ნერგის წვერო გადაჭრას _ ეს ხელს უწყობს ძირის გამსხვილებას. აუცილებელია დარგვის შემდეგ მოირწყას, წვიმაც რომ იყოს ახლად ჩარგული ნერგის მორწყვა აუცილებელია, ეს ხელს უწყობს ფესვზე მიწის კარგად დაჯდომას.

ჩვენს პირობებში შემოდგომაზე ხშირად წვიმს, აქედან გამომდინარე დარგვის შემდეგ დღეებში მორწყვა საჭირო არ არის.

რამდენი წლის ნერგის გადატანაა რეკომენდებული?

მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 2-3 წლის ნერგის გადატანაა შესაძლებელი. შეიძლება სამ წელზე მეტი ხნისა იყოს ნერგი და გადავიტანოთ, მაგრამ რთულია გადასატანად, მთავარი ფაქტორი მაინც ისაა, რომ ერთ წელზე ნაკლები არ უნდა იყოს.

 ბოლო დროს მოსახლეობამ მოცვის, კივისა და ფეიხოს მოშენება დაიწყო, ამ კულტურებს დარგვის განსხვავებული სპეციფიკა ხომ არ აქვთ?

მოცვი ისევე ირგვება, როგორც სხვა კულტურები. რაც შეეხება კივის, ისეთ ადგილზე უნდა დაირგოს, სადაც ახლოს გრუნტის წყალი არ იქნება. გრუნტის წყალი ფესვთა სისტემის განვითარებას შეუშლის ხელს და დაალპობს მცენარეს. აი, მაგალითად, სოფელ დანდალოში ვაშლის ნერგები გახმა. რომ ვნახეთ, ერთი მეტრის ზევით გრუნტის წყალი გამოდიოდა, რამაც გამოიწვია ნერგის ხმობა. ნებისმიერი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას გრუნტის წყალი ახლოს არ უნდა იყოს ფესვთა სისტემასთან. თუ გრუნტის წყალი იქნება, მაშინ შესაბამისი წყალსაწრეტი უნდა გაკეთდეს და ხეხილი გადარჩება. ერთი მეტრის დაბლა თუ არის გრუნტის წყალი, ეს ხეხილს პრობლემას არ შეუქმნის.

კივთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, არსებობს კივი როგორც დედალი, ასევე მამალი ჯიშის. იმ შემთხვევაში თუ ოთხ ძირ დედალ კივში ერთი მამალი არ გამოერია, ან მიმდებარე ტერიტორიაზე არ იქნება მამალი ჯიშის კივი, ნაყოფს არ გამოიღებს. ასეთ შემთხვევაში კარგი გამოსავალია დედალი ჯიშის კივის ერთ ტანზე მამალი ჯიშის კივის დაკალმება, ოღონდ აუცილებლად აგვისტოში.

ვიზუალურად თუ არის შესაძლებელი „დედალ-მამალის“ კივის გარჩევა?

ამას სელექციონერი გაარჩევს, მაგალითად, მე, მანამდე ვერ ვარჩევ, ვიდრე ყვავილს არ გამოიღებს.

სხვა მრავალწლოვან კულტურებში თუ არის მსგავსი „დედალ-მამალი“ ჯიშები?

ასეთი მცენარე ფეიხოა, თუმცა ისე მკვეთრად, როგორც კივის შემთხვევაში არ არის გამომჟღავნებული. ფეიხოას ჯგუფურად დარგვა უყვარს და ბევრში ერთი მაინც გამოერევა. ფეიხოა ერთ საძირეში ერთი ირგვება, მაგრამ შეიძლება ახლოს დაირგოს, თუმცა ისე ახლოს არა, რომ ერთმანეთში გადაიხლართოს ხეები.

რამდენად მნიშვნელოვანია დარგვისას ნერგებს შორის ინტერვალის დაცვა?

ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი კულტურები, რომლებიც დიდი ზომის იზრდება, ორ მეტრზე ახლოს არ უნდა დაირგოს, კაკალს 6-7 მეტრზე მეტი დაცილება უნდა ჰქონდეს, ხოლო მოცვი და მსგავსი დაბალ მოზარდი მცენარეები შეიძლება მეტრ-ნახევარი ინტერვალით დაირგოს.

 საჭიროა თუ არა ახალ დარგულ ნერგზე შხამ-ქიმიკატების გამოყენება?

ციტრუსის შემთხვევაში საჭიროა, სხვა ხეხილოვან კულტურებზე კი ჩვენთან ისეთი დაავადება არ არის, რომ ახლად დარგულ ნერგს შეწამვლა დასჭირდეს. თუმცა ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, დაავადებები ან მწერები თუ გაჩნდება. შეწამვლისას აუცილებელია შესაბამისი დოზის გათვალისწინება, ასევე ვადების დაცვას, თუ შესაბამისად არ გამოიყენებ, ეფექტური არ იქნება.

მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისას რელიეფის დახრილობას მნიშვნელობა აქვს?

მრავალწლოვანი კულტურებისთვის დახრილი რელიეფი უფრო კარგია, რადგანაც ჭარბი წყლის საშიშროება არ იქნება, მაგრამ თუ ძალიან არის დახრილი ნიადაგი, ტერასები უნდა მოეწყოს და ტერასებში დაირგოს ხეხილი.

რამდენ ხანს შეიძლება ნიადაგიდან ამოღებული ნერგის გაჩერება და დარგვა?

წინა დღით ამოღებული ნერგი შეიძლება მეორე დღეს დაირგოს, ან რამდენიმე დღის შემდეგ. თუ ნერგი წყალს მიიღებს, გახარებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჰოლანდიიდან ჩამოვიტანეთ კივის ნერგი, რომელსაც ფესვები ჰქონდა გარეცხილი და სველი ნაჭერი შემოხვეული, ყველამ გაიხარა. მთავარია, ფესვთა სისტემა სველი იყოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი