მთიანი აჭარა

ქობულეთის გამგებელი: ტურისტულ სეზონზე ყველაფერი იქნება გადასარევად

19.06.2015 • 1728
ქობულეთის გამგებელი: ტურისტულ სეზონზე ყველაფერი იქნება გადასარევად

 

 

სულხან ევგენიძე
სულხან ევგენიძე

ბატონო სულხან, როგორი საკურორტო სეზონი გექნებათ წელს, როგორია თქვენი წინასწარი პროგნოზი?

 

გადასარევი, წინა წელთან შედარებით ბევრად უკეთესი. ბევრი სასტუმროდან, ასევე მეგობრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე რეკავენ ტურისტები. ხალხი უკვე გამოჩნდა და, ფაქტობრივად, მოსახლეობა ელოდება ბევრ დამსვენებელს არამარტო სომხეთიდან, არამედ უკრაინიდან, ბელორუსიდანაც. უკვე მასობრივად აღნიშნავენ იმასაც, რომ შარშან ვინც იყო და რაღაც-რაღაცები არ მოეწონათ, დაგვირეკეს და გვითრეს, რაც გითხარით იმას თუ აკეთებთო. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი კომფორტი დავახვედროთ დამსვენებელს.

 

 რა დახვდება ახალი წელს დამსვენებელს ქობულეთში, თუნდაც გასართობი ობიექტების თვალსაზრისით? 

 

რაც შეეხება გასართობ ობიექტებს, ჩვეულებრივად პარკშია გასართობი ობიექტები და იჯარით გვაქვს გაცემული ბუნგალოები. წელს ჩვენ ნებართვები არ მივეცით იმ ობიექტებს, რომლებსაც კანალიზაციის საკითხი არ აქვთ მოგვარებული. ბუნგალოა, კაფე თუ რესტორანი, არც ერთს კანალიზაცია არ ჰქონდა სისტემაზე მიერთებული. მხოლოდ ე.წ. შამბო ჰქონდათ გაკეთებული. ჩვენ თავიდანვე გავაფრთხილეთ რესტორნების მეპატრონეები და სურსათუვნებლობის სამსახურმაც გაამკაცრა მუშაობა, რასაც მივესალმები. გვქონდა საუბარი შესაბამის სამსახურებთანაც, რომ ნებართვის გაცემისას სამზარეულოსთან, ასევე უსაფრთხოების სხვა ნორმებთან დაკავშირებით დარღვევებისას ყოფილიყო სერიოზული ჯარიმები. უმსგავსობა იყო ის, რაც იყო წინა წლებში –  შამბოს სუნი აწუხებდა მოსახლეობას და დამსვენებელს. 

 

ზღვის სანაპირო ზოლზე მთლიანად შეიცვლება სკამები. მართლა კარგი იყო ეს სკამები, მაგრამ ახლა კეთდება თანამედროვე სკამები. გარდა ამისა, ყველა სკამთან პატარა ურნა განთავსდება. დავიწყეთ ასევე დაზიანებული ფილებისა და ბორდიურების შეცვლა. მოსახლეობამ მოითხოვა ზღვის სანაპიროზე მანქანების მოძრაობის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა. ყვავილების ქოთნებს დავდგამთ შესასვლელებზე, რაც ერთგვარი ბარიერიც იქნება. გვინდა ასევე შევიმუშაოთ ფორმა –  დამსვენებელს ექნება მოწმობა, სადაც ჩაიწერება მანქანის ნომერი, პატრულს ეცოდინება, რომ ეს ადამიანი მდგურია და მას პლაჟზე შესვლის დროს არ დააჯარიმებს.

 

 ვისაც ასეთი დოკუმენტი არ ექნება, მანქანით ვერ იმოძრავებს?

 

შევა და პატრული დააჯერიმებს. გარდა ამისა, ზღვაზე ჩასასვლელ ზოლს მოაჯირები არ აქვს, მაგალითად, ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე. არის საშიშროება, რომ ბავშვი გადმოვარდეს. ამის გაკეთებას ვგეგმავთ. განათება კეთდება და სკამებიც შეიცვლება გორგილაძის ქუჩაზე. დამატებით ვაპირებთ შევიძინოთ ნაგვის დიდი კონტეინერები, რომლებსაც არამხოლოდ ქალაქში, სოფლებშიც დავამატებთ. მაქსიმალურად გავაკონტროლებთ, რომ მოსახლეობამ არ დაანაგვიანოს მდინარე, რაც შემდეგ ზღვაში ჩადის და ანაგვიანებს. გვინდოდა ასევე ჩოლოქზე, შემოსასვლელთან მანიშნებლის განახლება, მაგრამ ბევრ თანხასთანაა დაკავშირებული.

 

ჭავჭავაძეზე დასრულდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და დაიწყო ფილების დაგება. ხალხი კმაყოფილია. ორმაგადაც ვაქირავებთო უკვე, რადგან უბანში მოწესრიგებულია ყველაფერი და სისუფთავეა. ამ უბანში იგეგმება სამი ახალი სასტუმროს აშენება. გარდა ამისა, ყველამ დაიწყო სახლების მოწესრიგება, ფასადის იერსახის რეკონსტრუქცია, რომ ბევრი სტუმარი მიიღოს.

 

მუზეუმს დამატებითი სივრცე შეემატა. იქ სამუშაოები კიდევ არის ჩასატარებელი. ასევე ვაპირებთ 14 სპორტული მოედნის გარემონტებას. ვგეგმავთ ასევე ერთი ახალი სტადიონის გაკეთებას, რაც მოსახლეობას არჩევნების დროს დავპირდი. გაკეთდა კულტურის სახლი, ველოდებით სამხარაულის დასკვნას.

 

ბევრ პროექტზე მითხარით, რომ აპირებთ… და საკურორტო სეზონამდე დაასრულებთ ამ ყველაფერს?

 

 დიახ. საავადმყოფოს უბანში ცოტა გაიწელა სამუშაოები და მოსახლეობა იყო უკმაყოფილო, მაგრამ სამუშაოს შესრულებას დრო უნდა. უფრო ადრე, სამწუხაროდ, პრობლემები იყო, თუმცა შესყიდვების სააგენტომ გაამართლა კომპანიები. მოსახლეობა ამბობს, რომ ივლისის 20 რიცხვისთვის თუ დასრულდება სამუშაოები, მათ საკურორტო სეზონთან დაკავაშირებული პრობლემები არ შეექმნებათ. ჭავჭავაძის უბანში უფრო ადრე შემოდიან ტურისტები. გურამიშვილის, კომახიძის ქუჩებზე – თუ გინდათ გადათხარეთ ყველაფერი, ოღონდ 20 ივლისამდე დაგვიმთავრეთ და პრეტენზიას არ გამოვთქვამთო. ძირითადად აგვისტოში ელის მოსახლეობა დამსვენებელს. 

 

 გასულ კვირას გადავიღეთ ფოტორეპორტაჟი ქობულეთში და რამდენიმე ქუჩა იყო გადათხრილი…

 

თქვენ ალბათ გელაურში იყავით, სადაც საკანალიზაციო სისტემა კეთდება, კომპანია ისეთი ტემპით მუშაობს, უფრო ადრე დაასრულებს სამუშაოებს, ვიდრე გათვალისწინებულია.

 

 უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სასტუმროებში დაწყებული შემოწმება თუ დასრულდა და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ ამ მხვრივ პასუხისმგებლობა?

 

შესაბამის სამსახურებთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი. უახლოეს მომავალში მივმართავთ მოთხოვნებით, კეთილი უნდა ინებოს ყველა სასტუმროს მეპატრონემ და მოთხოვნები შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გავავრცელებთ ინფორმაციას, თუ რომელ სასტუმროებს აქვთ დაცული უსაფრთხოების წესები და ექვემდებარებიან სტანდარტებს.

 

 შეგიძლიათ თქვათ, რომ ქობულეთის ცენტრალური ნაწილი დამსვენებელს გადათხრილი არ დახვდება?

 

 დიახ, ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში დამსვენებელს არ დახვდება ქუჩები გადათხრილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: