მთიანი აჭარა

საკანალიზაციო სისტემის პრობლემები ქედაში

23.05.2015 • 2706
საკანალიზაციო სისტემის პრობლემები ქედაში

 

დაბა ქედა, სალექარი რუსთაველის ქუჩაზე

 

საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება – ეს ერთ-ერთი იმ დაპირებთაგანია, რასაც მოქმედი გამგებელი დავით დუმბაძე ქედის მოსახლეობას 2014 წელს, ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაჰპირდა. მართლაც, დავით დუმბაძის გამგებლად არჩევის შემდეგ საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაზე მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა – დაბა ქედაში, აწჰესის დასახლებაში, ზვარესა და ცხმორისის თემების ცენტრებში, საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს 1 მილიონ 199 900 გამოიყო. ჩატარდა სამუშაოებიც, მაგრამ ამის მიუხედავად, დაბა ქედაში კანალიზაციის სუნი ისევ დგას.

 

ქედის მუნიციპალიტეტმა ქსელის მშენებლობაზე ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზასთან~ გააფორმა. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას დაბა ქედასა და აწჰესში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ზვარესა და ცხმორისის თემების ცენტრებში კი, კანალიზაციის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა.

 

ამჟამად, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ღია მდგომარეობაშია სპეციალური ავზი, რომელშიც სალექარებიდან გამომდინარე წყალი ჩაედინება და საიდანაც წყალი გრუნტში უნდა ჩაიღვაროს. რუსთაველის ქუჩისგან განსხავებით, 9 აპრილის ქუჩაზე უარესი მდგომარეობაა – სალექარიდან გამოსული წყალი პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. ყველაზე მძაფრი სუნი და ანტისანიტარიაც სწორედ ამ მონაკვეთშია.

 

როგორ გაკეთდა ქედაში საკანალიზაციო სისტემა, რა პროექტით – ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაციის წარმოდგენა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12-მა დეპუტატმა მოითხოვა: მათ წერილობითი განცხადებით საკრებულოს 24 აპრილს მიმართეს დეტალური ინფორმაციის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ქედის საკრებულომ სხდომა 13 მაისს ჩაატარა, დეპუტატის მიერ მოთხოვნილი საკითხი საკრებულოს არ განუხავს. დეპუტატები საკანალიზაციო სისტემაზე გახარჯული თანხისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ დრომდე ელიან.

 

ქედის საკრებულოს წევრი და დაბაში მცხოვრები უშანგი ბერიძე შესრულებული სამუშაოების ხარვეზებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ პრობლემები არამარტო დაბაში, აწჰესსა და ცხმორისშიც არის.

 

„არსებული საკანალიზაციო სისტემა დიდ პრობლემას შექმნის, – სალექარები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არის, დაუსრულებელია სამუშაოები, წყალი არ იფილტრება, რის გამოც დგას სუნი. ცხრა აპრილის ქუჩაზე კი, წყალი საერთოდ არ იფილტრება და ფეკალური მასა პირდაპირ მდინარეში ჩაედინება. პროექტით, ჯერ უნდა გაიფილტროს წყალი და მერე უნდა ჩავიდეს მდინარეში, თუმცა აქ არ სრულდება ტექნოლოგიური პროცესი და პირდაპირ იღვრება. საკრებულოს 12-მა დეპუტატმა მოვითხოვეთ წარმოგვიდგინონ შესრულებული სამუშაოს დეტალური ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა და როგორ, რატომ არის ასეთი საშინელი მდგომარეობა, ძალიან უხარისხოდ შესრულებულია სამუშაოები, თანხა კი ბევრია დახარჯული“, – განაცხადა უშანგი ბერიძემ.

 

„ჩემს სოფელში, ცხმორისში, თითქოსდა გაკეთდა კანალიზაცია, მხოლოდ სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის. იქ არის სასადილოები, საერთო საპირფარეშოები კანალიზაციის გარეშე. ვნახავთ რა ანგარიშს წარმოგვიდგენს გამგეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ, შესრულებული სამუშაოები აუდიტმა შეისწავლოს“, _ აცხადებს ქედის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე.

 

მიღება-ჩაბარების აქტი მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შემსრულებელ კომპანიას შორის შარშან გაფორმდა – დასრულებული ობიექტი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმდი სამუშაოების მიმღებმა კომისიამ გასულ წელს ჩაიბარა. იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული და შეისწავლა თუ არა კომისიამ ობიექტის მდგომარეობა, ვიდრე ჩაიბარებდა? – ამ კითხვებით მიმღები კომისიის თავმჯდომარეს გურამ ბერიძეს მივმართეთ. მან საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძეა. ის შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია. ამბობს, რომ კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და საკანალიზაციო სისტემა პროექტის მიხედვით მოაწყო. აქვე დასძენს, რომ კომპანიას შესრულებულ სამუშაოებზე სამწლიანი საგარანტიო ვალდებულება აქვს:

 

„სამუშაოები პროექტის მიხედვით სრულყოფილად შესრულდა. თუ რაიმე სახის ხარვეზი აღმოჩნდება, მშენებელს სამწლიანი გარანტია აქვს და ვალდებულია ამ ხნის განმავლობაში პრობლემა გამოასწოროს, პროექტით მოეწყო სალექარები დაბაში, აწჰესში, ზვარესა და ცხმორისის ცენტრებში, სალექარებში შესული კანალიზაციის წყალი ფეკალური მასისგან იწმინდება და გრუნტში ჩაედინება, მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ამოვიდა წყალი ზემოთ, რაც პროექტით იყო გათვლილი. გზის ქვემოთ საჭიროა დამატებითი ჭის მოწყობა, სადაც წყალი ჩაიღვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში სალექარიდან გამოსული წყალი უნდა გადავიდეს ქვიშიან გრუნტში, ანუ წყალი ზედაპირზე არ უნდა ამოვიდეს. რაც შეეხება სუნს – ეს რომ არ იყოს, წყალი უნდა დაიქლოროს, რაც პროექტში ვერ იქნებოდა, ეს შიდა სამუშაოა“.

 

კითხვაზე, მიმართა თუ არა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მშენებელ კომპანიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სულიკო ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ ინფორმაციას ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ფლობს. თავის მხრივ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, სულიკო სურმანიძემ მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა.

 

საკანალიზაციო სისტემა ქედაში ინდმეწარმე რევაზ დიდმანიძის მიერ დამუშავებული პროექტით გაკეთდა. პროექტის შედგენაზე ქედის გამგეობას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია, ინდმეწარმე ქედის გამგეობამ კონკურსით გამოავლინა.

 

შეესაბამებოდა თუ არა არსებულ გეოგრაფიულ არეალს პროექტი, რომლითაც ქედაში საკანალიზაციო სისტემა უნდა გაკეთებულიყო? – პროექტის ავტორი რევაზ დიდმანიძე ამბობს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილია. ის დასძენს, რომ ავზი, სადაც სალექარებიდან გამოსული წყალი ჩაედინება, ღია არ უნდა იყოს:

 

„სადეზინფექციო შენობები ორ ადგილზე მოეწყო. ამ შენობებში უნდა დამუშავდეს წყალი საბოლოოდ, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. სადეზინფექციო ხსნარი ქლორით არ უნდა დამზადდეს, რადგან შენობები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის და საშიშია. გარდა ამისა, მავნეა გარემოსთვის. არსებობს სპეციალური მარილი, რითაც უნდა ჩატარდეს დეზინფექცია. ჩვენ ეს მითითება მივეცით ქედის გამგეობას. რაც შეეხება პროექტს – წყლის საბოლოო დეზინფექციამდე სუნი ბუნებრივია იქნება. რაც შეეხება ღია ჭას, ფილა უნდა დაეხურათ, მაგრამ თუ არ არის გადახურული, ისე უნდა გადახურონ, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი მოხსნა-გასუფთავება შესაძლებელი იყოს, – განაცხადა რევაზ დიდმანიძემ.

 

არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმელებმა“ მშენებელი კომპანიის დირექტორის კომენტარის ჩაწერა ვერ მოახერხა. შპს „გზას“ დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ ტელეფონი მას შემდეგ გამორთო, როდესაც ვკითხეთ, შეასრულა თუ არა მან ტენდერით ნაკისრი ვალდებულება ქედის მუნიციპალიტეტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: