მთიანი აჭარა

მეწარმე ქალი ხულოდან – გლადიოლუსები კარტოფილის ნაცვლად

15.07.2014 • 6810
მეწარმე ქალი ხულოდან – გლადიოლუსები კარტოფილის ნაცვლად

 

დღის პირველი საათია, ნარგულს ძირითადი სამუშაოები დასრულებული აქვს, ყოველი დღე მისთვის ძალიან ადრე იწყება, შუადღით კი ისვენებს და მუშაობას საღამოს აგრძელებს. ყვავილებს უვლის. ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ყვავილის გამოყვანის ტექნოლოგიას დაეუფლა და მოსავლითაც კმაყოფილია.

 

 

„მართალია, ყვავილების გამოყვანა ფიზიკურ შრომას მოითხოვს, მაგრამ ისეთი შრომატევადი არ არის, როგორც პომიდვრისა და კიტრის მოყვანა, დროთა განმავლობაში შევისწავლე მცენარის მოვლის წესები და დღეს ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. მყავს შვილები, რძლები, მაგრამ ძირითადად მე ვუვლი, კარგად ვიცი, რა სჭირდება ყვავილს.

 

 

გლადიოლუსი ბოლქვიდან ისე იზრდება, როგორც კარტოფილი, შესაბამისად ბოლქვს მიწის სიღრმეში ვრგავ, რადგან მცენარე დიდი იზრდება და შემდეგ რომ არ წაიქცეს. როცა ბოლქვიდან მცენარე აღმოცენდება, მას ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც სხვა მცენარეებს, მორწყვა, გასუფთავება და შეწამვლაც კი შხამ-ქიმიკატებით, მაგრამ არა ხშირად, ორჯერ საკმარისია. წვიმიან და ცივ ამინდში მცენარეს მატლი უჩნდება, ყვავილის გამოღებამდე უნდა შეწამლო, მერე დაგვიანებულია. ივლისიდან იწყებს ყვავილის გამოღებას და სექტემბრის ბოლომდე ყვავის. ამ პერიოდში უფრო მეტი შრომა მიწევს, დაკრიფო უნდა, დაახარისხო და დაითვალო თითო ღეროზე რამდენი ყვავილი აქვს“, – ამბობს ნარგული.

 

 

მართალია, ყვავილები უყვარს, მაგრამ ამბობს, რომ ბიზნესის წამოწყება მაინც ფინანსურმა მხარემ განაპირობა. ყვავილების გამოყვანა სამი წლის წინ დაიწყო. თეთრი, ცისფერი, წითელი და ნარინჯისფერი გლადიოლუსის სულ 500 ბოლქვი იყიდა, თითო 50 თეთრად და სამი წლის განმავლობაში 500 ძირი 3000 ძირამდე გაამრავლა, დღეს ის ყვავილებთან ერთად გლადიოლუსის ბოლქვებსაც ყიდის.

 

„სადაც ახლა ყვავილს ვაშენებ, ადრე კარტოფილი მომყავდა და ვყიდდი. დროთა განმავლობაში კარტოფილის ფასი დაეცა, გადავწყვიტე ისეთი ბოსტნეული დამერგო, რომელიც მეტ სარგებელს მომიტანდა. ნანახი მქონდა მეზობელ სოფელში ყვავილები რომ გამოჰყავდათ, გადავწყვიტე მეცადა. სხვადასხვა ფერის გლადიოლუსების ბოლქვები ვიყიდე და მეც ყვავილების გამოყვანა დავიწყე.

 

ძალიან შრომატევადი არ არის, თან უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვა კულტურა, რომლის გამოყვანაც შესაძლებელია ხულოში. პრობლემას მხოლოდ ტრანსპორტი წარმოადგენს, რადგან ხულოდან ბათუმში ჩამაქვს, ყვავილების ბიზნესს ხულოში მხოლოდ სამი ვეწევით, დღეს ყველაზე მომგებიანი ყვავილის წარმოებაა“, – ამბობს მეწარმე.

 

 

ნაკვეთში ყველაზე დიდი ადგილი თეთრ გლადიოლუსს უკავია, მეურნე ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა თეთრ გლადიოლუსზე მეტია და, შესაბამისად, ფასიც მაღალია.

 

 

„თავდაპირველად თეთრი, წითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი გლადიოლუსი თანაბრად მქონდა. ახლა თეთრით ვავსებ ნაკვეთს, რადგან შედარებით ძვირია, როგორც ყვავილი, ასევე მისი ბოლქვიც. როცა დარგვას ვიწყებ, ჯერ თეთრს ვრგავ, როცა ამომეწურება თეთრი, მერე ვრგავ სხვა ფერის ყვავილებს.“

 

 

ხულოში მოყვანილ ყვავილს ფერმერი ბათუმში ყიდის, სპეციალურად დათვლილ და  დაფასოებულ ყვავილებს სამარშრუტო ტაქსს ატანს, მას კი ყვავილები შეკვეთის ადგილზე მიაქვს.

 

 

ნარგულ ხოზრევანიძე: „დღის განმავლობაში 50-100 ცალამდე ვკრეფ, ვახარისხებ თეთრს – თეთრთან, წითელს – წითელთან, გადავითვლი ერთ ღეროს რამდენი ყვავილი აქვს და ორი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში ვინახავ. ყვავილი რომ არ გამოიღოს, ორი დღის შემდეგ ისევ ვკრეფ და სანამ 250 ცალამდე არ დავაგროვებ, სიბნელეში მაქვს. სპეციალურად დათვლილ და ფერებით დაფასოებულ ყვავილს 10 ცალობით ვკრავ, ერთ ყუთში ვათავსებ და მარშუტკას ბათუმში ვატან, ნაცნობი მძღოლები არიან და 2-3 ლარში შეკვეთის ადგილზე მიაქვთ.

 

თუ ღეროს 12-14 ყვავილი აქვს, 80-90 თეთრი ღირს ჩაბარება, მაგრამ თუ 9-10, 50-60 თეთრი, მნიშვნელობა ყვავილის შეფერილობასაც აქვს.

 

ჯანსაღი და დიდი ბოლქვი 4 ყვავილს იძლევა, ეს მაქსიმუმია, ზოგადად ერთი ძირი ერთ ყვავილს იკეთებს, ამ სეზონზე ყვავილი ჯერ არ დამიკრეფია, მაგრამ მცენარე კარგად გამოიყურება და კარგი მოსავლის იმედი მაქვს“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: