მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს წევრები 11-12 მარტის აქციის საქმეზე დაკავებულთა ახლობლებს შეხვდნენ

20.03.2017
უმაღლესი საბჭოს წევრები 11-12 მარტის აქციის საქმეზე დაკავებულთა ახლობლებს შეხვდნენ

დღეს, 20 მარტს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები სახალხო დამცველის ოფისში იმ პირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ, რომლებსაც 11-12 მარტის აქციის საქმეზე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა უმაღლესი საბჭოს წევრების ინიციატივა იყო. ისინი გეგმავენ შეხვდნენ დაკავებულთა ადვოკატებსაც.

„მშობლების მოსაზრებებს გაეცნენ, დაამშვიდეს, რომ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში. საბჭოს წევრებს სურდათ დაკავებულთა ახლობლების პოზიციის გაგება და ამასთან, მათ უთხრეს, რომ ისინი საქმის კურსში არიან, რათა უდანაშაულოდ და გადამეტებულად არავინ დაისაჯოს“, – გვითხრეს უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში.

შეხვედრაზე დაახლოებით 25-მდე ადამიანი მივიდა.

„ერთი ქვის სროლით ქვეყანა არ იქცევა“, „იყო აქციაზე, მაგრამ არაფერი დაუშავებია“, „ვანდალები არ არიან“, გამოუშვან, თუნდაც დააჯარიმონ, პატიოსანი ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ“, – დაახლოებით ამ შინაარსის მესიჯები გაისმოდა წინასწარ პატიმრობაში მყოფთა ახლობლების მხრიდან.

უმაღლესი საბჭოდან შეხვედრას 10 დეპუტატი ესწრებოდა: მერაბ კარანაძე, ცოტნე ანანიძე, ნინო ჩხეტია, ილია ვერძაძე, დავით თედორაძე, გიორგი რომანაძე, გიორგი მანველიძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ირაკლი ჭეიშვილი და ნუგზარ სურმანიძე.


არსებული მონაცემებით, 11 მარტის საქმეზე ამ დროისთვის 95 ადამიანს ელის გასამართლება სხვადასხვა მუხლით. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაკავების სერია აღარ გაგრძელდება.

გუშინ, 19 მარტს, აქციის 9 მონაწილე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულთა ახლობლები გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ გარკვეული დროის განმავლობაში არ იშლებოდნენ და აქციებს აანონსებდნენ. მობილიზებული იყო პოლიციაც. სასამართლო დარბაზიდან კი ისინი სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: