ბათუმისა და მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლში იყო და არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია ან არ არის რეკომენდებული.
„ბათუმელებმა“ ასეთი ადგილების ჩამონათვალის განახლება სცადა, თუმცა კომპეტენტურ უწყებას ვერ მივაგენით.
შესაბამისად, ვერც ის დავადგინეთ, ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – ვინ უნდა განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და ვინ უნდა მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რატომ არის აკრძალული ან არარეკომენდებული კონკრეტულ ადგილებში ზღვაში ბანაობა.
ხუთი წლის წინ ასეთი ადგილების ჩამონათვალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა და მოგვაწოდეს კიდეც.
მას შემდეგ აღნიშნულ სამსახურში ხან გვეუბნებოდნენ, რომ ჩამონათვალში არაფერი იყო შეცვლილი, ხან კი – არ გვპასუხობდნენ.
2026 წლის 31 ივლისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ანალოგიურ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ საბანაო ადგილების აკრძალვა მათ სამსახურს არ ეხება და ასეთი ადგილების მონიშვნა შესაბამისი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა.
აჭარის სანაპირო ზოლი სამი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშია – ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის. ბანაობისთვის აკრძალული თუ არარეკომენდებული ადგილების შესახებ ინფორმაცია სამივე მუნიციპალიტეტის მერიას ვთხოვეთ.
ხელვაჩაურის მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ასეთი ადგილების დადგენა/მონიშვნას მუნიციპალიტეტი არ ახდენს.
„ჩვენი საკრებულო მხოლოდ სკუტერების, კატერების და იახტების ზღვაში შესვლის დერეფნებს ადგენს, ისიც სანაპირო დაცვასთან შეთანხმებით,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.
ბათუმის მერიაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტი ბანაობისთვის უსაფრთხო ადგილების დადგენას 2026 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყებს „შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებით“. სხვა ინფორმაცია მერიაში ვერ დაგვიკონკრეტეს.
ასეთი ადგილების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აქვთ და არც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.
„იმ ტერიტორიაზე, რაც ჩვენს მართვაშია გადმოცემული, ზღვაში ბანაობა ყველგან დაშვებულია,“ – გვითხრეს „ბათუმის ბულვარში“.
ჩამონათვალი, რომელიც სამაშველო სამსახურიდან მოგვაწოდეს 2021 წელს
ბანაობა აკრძალულია:
- სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ – 3 ამკრძალავი ნიშანი;
- სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში
- კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები
- ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში
- მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ
- მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან
- სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ
- ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან
- მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან
ბანაობა არარეკომენდებულია:
- კვარიათი-სარფის საზღვართან საზღვაო სანაპირო მონაკვეთზე
- მწვანე კონცხი-ბოტანიკური ბაღის სანაპირო მონაკვეთზე
- სასტუმრო ,,კასტელო-მარეს” მიმდებარე ტერიტორიიდან ციხისძირის საპირო ზოლამდე – რადგან აღნიშნული სანაპირო ზოლი ძირითადად არის კლდოვანი
- ასევე არ არის რეკომენდებული ბანაობა მდინარეების [ჭოროხი, ჩაქვისწყალი, კინტრიში] და ზღვის შესართავთან, რადგან წყლის დინების სიჩქარე ძლიერია
„დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენს განცხადებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფთან ერთად მუშაობს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე – „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც უფრო დეტალურად დაარეგულირებს წყალზე უსაფრთხოების ნორმებს“, – მოგვწერეს 2021 წელს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
მთავრობის ასეთი დადგენილება, დღემდე [2026 წლის 2 აგვისტო] არ იძებნება არც „ოცნების“ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე და არც „საკანონმდებლო მაცნეზე“.
ამასთან, 2023 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი – „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულია:
„მოსახლეობის სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების არსებობისას, მუნიციპალიტეტები, ამ კანონის საფუძველზე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
[საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის] სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც ბანაობა აკრძალულია“
აღნიშნული კანონის ეს მუხლი 2023 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ, როგორც ირკვევა არ ამოქმედებულა. მოგვიანებით, უფრო ზუსტად დაახლოებით ერთი თვის წინ, 2025 წლის 24 ივნისს „ოცნების“ პარლამენტმა კანონში შეიტანა ცვლილება, რომელიც ამავე წლის 2 ივლისიდან ამოქმედდა.
ამ ცვლილებით კი, ზემოთ აღნიშნული მე-15 მუხლის ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაწიეს.
ბათუმის მერიისგან მოწოდებული ინფორმაცია, რომ ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებენ, ჩვენი აზრით აღნიშნულ კანონთანაა კავშირში.
ბანაობისთვის საფრთხის შემცველ, ადრე დადგენილ ადგილებს რომ თავი დავანებოთ, დღეს „ოფიციალურ დონეზე“ არავის დაუდგენია რა საფრთხეებს შეიცავს [ან შეიცავს თუ არა] ბათუმის ნაპირსამაგრი ზოლის გასწვრივ ბანაობა, სადაც ზღვას და ქვის უზარმაზარ ლოდებს შორის პლაჟი აღარაა.

ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ არც პლაჟია და ზღვა ნაპირდამცავი ლოდების კონსტრუქციასაც შლის / ფოტო: 10.06.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია:
ვრცლად: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – სააგენტო
ამ თემაზე:






