ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებას. დღეს, 9 ივნისს, საიაში ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ ონიანმა ისაუბრა ამ საკითხზე და განაცხადა, რომ ორგანიზაცია, შესაბამისი განცხადებებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს.
საიას განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში, ამგვარი პრაქტიკა არსებითად უთანაბრდება ექსპერიმენტული იარაღის გამოყენებას, რამაც შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციასაც მიაღწიოს.
საია წერილობით კომუნიკაციასთან ერთად, ღიად მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით.
კერძოდ, საიას განცხადებით:
„გენერალურმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და უშუალო ამსრულებლების გამოკითხვით. ვინაიდან სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიებით უკვე საჯაროდ დადასტურებულია, რომ შსს წყლის ჭავლში (თუნდაც 1 ღამის განმავლობაში) ქიმიურ ნივთიერებას ურევდა.
საიას მიერ დოკუმენტირებულია, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა გამოყენებული იყო დამატებით 5 სხვა ეპიზოდში: 2024 წლის 28, 29, 30 ნოემბერს, 1 და 3 დეკემბერს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით ხდებოდა ეს, ხოლო პროკურატურამ ეს საკითხი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა აქციოს.
საია განაგრძობს დაზარალებულთა უფლებების დაცვას და სამართლებრივ ადვოკატირებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და საზოგადოებას დროდადრო განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის“ – აცხადებს ორგანიზაცია.
- რა ხდება?
2025 წლის პირველ დეკემბერს გამოქვეყნებული BBC-ის საგამოძიებო ფილმის მიხედვით, 2024 წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ამ ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სუსმა გამოძიება 5 დღეში ჩაატარა და თქვა, რომ შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამეს, პროევროპული აქციების დარბევისას, გამოიყენა არა „კამიტი“, რაც აკრძალული ქიმიური ნივთიერებაა, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, იგივე ცრემლსადენი გაზი.
2024 წელს მშვიდობიანი, პროევროპული აქციების დარბევების და წყლის ჭავლით დაშლის დროს ასეულობით ადამიანი დაშავდა.
უფლებადამცველები და იურისტები განმარტავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში მოუწევს პასუხისგება აკრძალული ქიმიური ნივთიერების აქციაზე გამოყენების გამო.






