ბათუმის ბულვარის შესასვლელში, სადაც ქორწინების სახლი დაანგრიეს, შადრევანს და აუზს მოაწყობენ. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 181 ათას 575 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა გენგეგმა აქ არც აუზს ითვალისწინებს და არც შადრევანს.
ბულვარის გენგეგმით, ქორწინების სახლის და აუზის დანგრევასთან ერთად, ამ ადგილზე ქვედა დონეზე გახსნილი სივრცის მოწყობაცაა რეკომენდებული, თუმცა აღნიშნულ რეკომენდაციას ბულვარის ადმინისტრაცია არ ითვალისწინებს. გენგეგმით ცენტრალურ შესასვლელში არსებულ შადრევნებზე ლითონის ხიდებიც უნდა დაიშალოს, თუმცა, არც ეს ხიდები დაუშლიათ.
აუზი ბულვარში, სადაც ქორწინების სახლი იდგა
ბულვარის შესასვლელში ქორწინების სახლის შენობა, როგორც ბულვარის გენგეგმით შეუსაბამო, 2026 წლის 25 თებერვალს დაანგრიეს:
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით:
„მიმდინარე წლის თებერვლის თვეში განხორციელდა ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში არსებული იუსტიციის სახლის დემონტაჟი. აღნიშნული შენობა განთავსებული იყო მართკუთხედის ფორმის წყლის აუზში.
შენობის დემონტაჟის განხორციელების შემდეგ ბულვარის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება აუზის რეაბილიტაციაზე.
რეაბილიტაციის სამუშაოები მოიცავს აუზის შიდა ზედაპირებზე ფილების დემონტაჟს, აუზის ძირის გარკვეულ ნაწილზე ბეტონის ფილის მოწყობას, აუზის მთლიან შიდა ზედაპირზე წყალგაუმტარი იზოლაციის მოწყობას და შემდგომ ფილებით მოპირკეთებას.
სამუშაოები აგრეთვე ითვალისწინებს მარტივი ტიპის შადრევნის მოწყობას, რაც ვიზუალურად და განლაგებით ანალოგიური იქნება ამავე ტერიტორიაზე არსებული სხვა შადრევნების.
აუზის სავარაუდო ფართობი შეადგენს 480 კვადრატულ მეტრს.“
სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, ეტაპობრივად 60 დღეში უნდა შესრულდეს. წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.
რა წერია ბულვარის გენგეგმაში
„ცენტრალური შესასვლელი… ბათუმის ბულვარის ისტორიის მანძილზე, აღნიშნული სივრცე და ცენტრალური შესასვლელი სხვადასხვაგვარად იყო გადაწყვეტილი. დროთა განმავლობაში და პოლიტიკური გარდაქმნების ფონზე იგი განიცდიდა სახეცვლილებებს.
სხვადასხვა პერიოდში, ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული იყო ყვავილების თარგი, შადრევანი, ძეგლი და ა.შ. უკანასკნელ ასეთ ჩარევას წარმოადგენს ქორწინების სახლის შენობა.
ცენტრალური შესასვლელის აქცენტირებისთვის და იმ მიზნით, რომ იგი გახდეს საინტერესო ადგილი ბულვარის ვიზიტორებისთვის, დაგეგმილია იმ პირველი წყლის აუზის რეკონსტრუქცია, რომელზეც ამჟამად განთავსებულია ქორწინების სახლი.
შემოთავაზებულია აუზის მაგივრად ამ სივრცის გახსნა ქვედა დონეზე, სადაც მოეწყობა ღია შიდა სივრცე და რომელში მოხვედრაც ვიზიტორებისთვის შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მხრიდან კიბეების და პანდუსების მეშვეობით.
ქვედა დონეზე წარმოიქმნება ერთგვარი შიდა მოედანი, რომელიც შეიძენს ღია საექსპოზიციო და საგამოფენო სივრცის ფუნქციას. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება აქ ბულვარის ისტორიის ფოტო-მუზეუმის მოწყობა და ეს სივრცე მიწისქვეშა პანდუსური გვირაბით, რომელიც ასევე საგამოფენო ფართობს წარმოადგენს, დაუკავშირდება ბულვარში ათწლეულების განმავლობაში არსებულ ფოტო ჯიხურს.
ამ ფოტო ჯიხურს გრძელი ისტორია გააჩნია, ბათუმელებისთვის მოგონებებთან არის დაკავშირებული და მისი ამ სახით გარდაქმნა ამ ისტორიის გაგრძელება და შენარჩუნება იქნება ახალი ფუნქციითა და სიცოცხლით.

ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელის ამგვარი გადაწყვეტა, ხსნის უფრო მეტ სივრცეს ვიზიტორებისთვის ბულვარში მოხვედრისთანავე. ამავდროულად, ბულვარის იძენს ახალ საჯარო ფუნქციას, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნახველს მოიზიდავს. საგამოფენო სივრცე თავისი კულტურული დანიშნულებით შესაძლებლობას იძლევა აქ განთავსდეს პერმანენტული ან დროებითი ექსპოზიციები, რაც ფუნქციურად გაამდიდრებს ბულვარს.
შესასვლელში მოწყობილი ასეთი ქვედა დონეზე გახსნილი სივრცე შეიტანს სიახლეს არა მარტო ბულვარში, არამედ ქალაქის ამ ნაწილში და ახალ ღირსშესანიშნაობად იქცევა მთელი ბათუმისთვის.
ამგვარად ასევე გადაწყდება ის საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ბულვარის შესასვლელი და რა უნდა განთავსდეს იქ. შემოთავაზებული გადაწყვეტა წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას საზოგადოებრივი სივრცეების და მოედნების მიმართ. ამ ადგილის ასეთი გარდაქმნა თავისი არსით არის დემოკრატიული და ხსნის უფრო მეტ საჯარო სივრცეს. იგი აღარ ტოვებს მომავალში ამ ადგილის პოლიტიკური ამინდის მიხედვით მუდმივი ცვლილების
შესაძლებლობას.“
ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების (განაშენიანების) გეგმით [ანუ გენგეგმით], რომელიც ბათუმის საკრებულომ 2022 წლის 22 აგვისტოს დაამტკიცა, ბათუმის ბულვარისთვის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე შადრევნებზე დადგმული ლითონის ხიდებიც შეუსაბამოა და გენგეგმაზე მომუშავე სპეციალისტების რეკომენდაციით, ისინი უნდა მოიხსნას.

ბათუმის ბულვარის გენგეგმიდან
„ასევე უნდა მოიხსნას შუა, გრძელ შადრევნის აუზზე მოწყობილი ლითონის ხიდები, რომლებიც აგრეთვე არ ჯდება ისტორიული ბულვარის იერსახეში და ამახინჯებს მთავარ შესასვლელ ღერძს.
იმისათვის, რომ მთავარ შესასვლელში არაფერი ხერგავდეს სივრცეს და ხედს ზღვის მიმართულებით, შემოთავაზებულია ორი მხარის დასაკავშირებლად ხიდების მაგივრად წყლის ზედაპირიდან ოდნავ ამოშვერილი ქვის საფეხურების მოწყობა“, – წერია ბულვარის გენგეგმაში.
ბათუმის ბულვარში დაწყებული ნგრევის პარალელურად, ქალაქის საკრებულომ ბულვარის გენგეგმაში ცვლილებების შეტანაც ისე დაიწყო, არც საზოგადოებას და არც გენგეგმაზე მომუშავე, თუ სხვა სპეციალისტებსაც არაფერს ეკითხება. საკრებულოში დასამტკიცებელ პროექტებს კი, როგორც წესი, მერია ამზადებს.
ბათუმის მერის, გიორგი ცინცაძის განცხადებით, ისინი „მჭიდრო კოორდინაციაში არიან აჭარის მთავრობასთან“.
„როგორც ბათუმის ბულვარის, ისე მთლიანად ქალაქის კეთილმოწყობა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან მჭიდრო კოორდინაციით“, – აცხადებს გიორგი ცინცაძე.
ამ თემაზე:
ბულვარში ვისი კაფეები დაანგრიეს და ვისი დატოვეს, ანუ ვისი ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი
მთავარი ფოტო: ქორწინების სახლის დანგრევა / „ბათუმელების“ არქივიდან







