მთავარი,სიახლეები •

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება მოძრაობა ორშაბათიდან ბათუმში

07.11.2026
რომელ ქუჩებზე შეიზღუდება მოძრაობა ორშაბათიდან ბათუმში

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან ბათუმში, სრულად შეიზღუდება მოძრაობა გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 180 მეტრიან მონაკვეთზე – ინასარიძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე.

ნაწილობრივი შეზღუდვა იმოქმედებს ფიროსმანის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.

„საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 9 ნოემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის 180 მეტრიან მონაკვეთზე, ინასარიძის ქუჩიდან ფიროსმანის ქუჩამდე. ხოლო ნაწილობრივ – ფიროსმანის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მონაკვეთში.

მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება შალვა ინასარიძის ქუჩაზე, გენერალ ასლან აბაშიძისა და ხახუტაიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

შეზღუდვა უკავშირდება შერიფ ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებსა და დავით ხახუტაიშვილის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები, განახლდება მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შესრულდება საგზაო მონიშვნები.

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის (კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე), დავით ხახუტაიშვილის ქუჩის (ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე) და ინასარიძის ქუჩის (დავით ხახუტაიშვილის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე) კეთილმოწყობა (2026-2027 წწ.) და ბათუმში, მარეთის ქ. N2-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 7 178 902 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ხელშეკრულება შპს „ბონდი-229“-სთან 6 799 998 ლარზე 2026 წლის 22 მაისს არის გაფორმებული.

ხელშეკრულების მიხედვით მთლიანი სამუშაოს შესრულების ვადა 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია.

შესყიდვების პორტალის მიხედვით კომპანიისთვის 2026 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით 178 522 ლარია გადარიცხული [სახელშეკრულებო თანხის 3%].

ამავე თემაზე:

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის „კეთილმოწყობაც“ იგეგმება – ტენდერი 7 მილიონი ლარით

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: