მთავარი,სიახლეები •

სროლა კრაკოვის ცენტრში – მოკლულია 6 ადამიანი

07.11.2026
სროლა კრაკოვის ცენტრში – მოკლულია 6 ადამიანი

პოლონეთში, კრაკოვში, ქალაქის მთავარ მოედანზე, ტურისტულად პოპულარულ ადგილას, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირმა მოძრავი მანქანიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა- 4 ქალი და 2 კაცი. პოლონური მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიჭრა 12 ადამიანი.

პოლონური მედია თითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ქალაქის ისტორიულ ცენტრში შავი ავტომობილით მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა და იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყო.

თავდასხმის სამიზნე შემთხვევითი გამვლელები აღმოჩნდნენ. ტყვიები მოხვდა მოედანზე მდებარე მაღაზიების ვიტრინებსაც.

პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი დაჭრილია, დაკავებულია და ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლონეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს “სამხედრო სტილის” ტანსაცმელი ეცვა და ცეცხლი “სამხედრო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან” გახსნა.

პოლიციელებმა თავდამსხმელის ავტომობილიდან სხვა იარაღებიც ამოიღეს.

“შინაგან საქმეთა მინისტრი მაწვდის ინფორმაციას კრაკოვში, სროლის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ. პოლიცია იკვლევს თავდასხმის წინაპირობებს და ყველა გარემოებას,” – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

შეიარაღებული თავდასხმიდან 1 საათის შემდეგ, მალოპოლსკას რეგიონის პოლიციამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ თავდამსხველი პოლონელია.

ამ განცხადებით პოლიციამ გააქარწყლა სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს თავდამსხმელი უცხოელი იყო.

პოლიციამ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი დამნაშავე თავისუფალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.