თსუ-სა და სტუ-ს კურსდამთავრებულები გეგმავენ შეხვედრა-დისკუსიას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე, რომელიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება.
შეხვედრა თბილისში, 14 თებერვალს, 17:00 საათზე, „ტერმინალში“ გაიმართება.
„ჩვენი უნივერსიტეტები, ადგილი სადაც გავიზარდეთ, პიროვნებებად ჩამოვყალიბდით და მეგობრები შევიძინეთ – განადგურების პირასაა!
„ქართული ოცნება” ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აპირებს საქართველოს ორი უძველესი, საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის ძალადობრივ რეფორმირებასა და შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების მიღებამდე არ შემდგარა დისკუსიები საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. თსუ-სა და სტუ-ს პროფესურა თუ სტუდენტები ხელისუფლების ახალი იდეებისა და მიზნების შესახებ მედიით იღებენ ინფორმაციას. განათლების სამინისტრო კონსულტაციებს პოსტ-ფაქტუმ მართავს ხოლმე.
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“, მოძრაობა „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“, „თავისუფლების მოედანი“ და „განათლება საფრთხეშია“ მიიჩნევს, რომ თსუ-სა და სტუ-ს განვითარებაზე ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.
საუნივერსიტეტო ერთობის ნაწილი მხოლოდ მოქმედი სტუდენტები და თანამშრომლები არ არიან, თსუ-სა და სტუ-ს განსაცდელი, კურსდამთავრებულების განსაცდელიცაა“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 10 თებერვალს გავრცელდა ფეისბუქით.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, უნივერსიტეტების პროტესტის ფონზე, ჯერ-ჯერობით უკან წაიღო გადაწყვეტილება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, განათლების სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.
მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვა, რომ სტუ-ს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები არ შეუნარჩუნდება და ამ ფაკულტეტებზე არსებული სპეციალობები მილევად რეჟიმში გადავა.






