მთავარი,სიახლეები

რუსეთის მოქალაქის კომპანია ძველ ბათუმში 10-სართულიანი კორპუსის ჩადგმას გეგმავს

10.02.2026
რუსეთის მოქალაქის კომპანია ძველ ბათუმში 10-სართულიანი კორპუსის ჩადგმას გეგმავს

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგილაძის ქუჩის კუთხეში მდებარე ისტორიული სახლის გვერდით კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ ათსართულიან სახლს აშენებს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანახმად, „სამშენებლო საქმიანობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება“.

თუმცა ბარათაშვილის #14, სადაც „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, ესაზღვრება გორგილაძის #2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ე.წ. საათიან სახლს.

დაშორება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლსა და ახალ მშენებარე კორპუსს შორის 20 მეტრიც კი არაა.

კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ადგენს ძეგლის დაცვის ზონას.

კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობასთან 50 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ისეთი სამშენებლო ნებართვის გაცემა ან სამშენებლო საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ძეგლის დაჩრდილვას ან მის დაზიანებას.

დემონტაჟის სამუშაოები ბარათაშვილის #14-ში

ისტორიული სტატუსის მქონე „საათიანი სახლის“ ბინადრებს აქვთ სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სახლის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა.

კერძოდ, ექსპერტის დასკვნით, სახლს სჭირდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ფუძე-საფუძვლის გამაგრება, დაზიანებული მზიდი კონსტრუქციების გაძლიერება და სხვა არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

„სახლის ერთი კუთხე ისე იყო გახლეჩილი, ლამის ევროპის მოედანი ჩანდა იმ ბზარიდან,“ – ასე აღწერს გორგილაძის #2-ში მდებარე ისტორიული სახლის მდგომარეობას ერთ-ერთი მცხოვრები, სალომე ხალვაში.

სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, თუმცა განმეორებითი ექსპერტიზა – არა. ამიტომ სალომე ხალვაში შიშობს, რომ ჯერ დემონტაჟი და შემდეგ უკვე ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებისგან გამოწვეული ბიძგები ისედაც დაზიანებულ სახლს კიდევ უფრო დააზიანებს.

„ძველი ბათუმის გამგებელი დამპირდა, რომ სანამ ამ ისტორიული სახლის ახალ ექსპერტიზას არ გააკეთებენ, არ ნახავენ რამდენად გაუძლებს სამშენებლო ბიძგებს, მანამდე ხიმინჯების ჩასმას და მსგავს მძიმე სამუშაოებს არ ჩაატარებენ.

ვიცი, რომ ამ კორპუსის მშენებლობას არავინ გააჩერებს ჩვენ გამო. ამაზე არც ვდავობთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ისე ააშენონ, ჩვენი სახლი არ დააზიანონ. რამდენიმე დღის წინ დემონტაჟი რომ დაიწყეს, ზანზარებდა ყველაფერი. მერიას მივმართე, მუნიციპალური ინსპექცია გამოვიძახე.

კომპანიის წარმომადგენელსაც შევხვდი და დამპირდა, პირადად მივაქცევ ყურადღებასო.

ხედი რომ აღარ გვექნება და ჰაერი, მაგას თითქოს უკვე შევეგუე. ახლა ჩემი მოთხოვნაა, ჩვენს სახლს არ დაუზიანდეს არაფერი,“ – უთხრა სალომე ხალვაშმა „ბათუმელებს“.

პროექტის რენდერი, ხედი ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან. მარცხენა მხარეს, გორგილაძის ქუჩა #2-ში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლი, რომლის მობინადრეებიც ფიქრობენ, რომ დაგეგმილი მშენებლობა მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის.


ასე გამოიყურება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ე.წ. „საათიანი სახლი“ ამჟამად. ხედი ბარათაშვილის ქუჩის კუთხიდან 6/02/2026

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ადასტურებენ, რომ მოქალაქის გამოძახების საფუძველზე იმყოფებოდნენ ბარათაშვილის #14-ში მიმდებარე მშენებლობაზე.

„კომპეტენციის ფარგლებში გადამოწმდა სამშენებლო საქმიანობა და ნებართვის ფარგლებში ხორციელდება.

რაც შეეხება მიმდებარედ მცხოვრებების საცხოვრებელი ფართობების დაზიანებას, არ მიეკუთვნება მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპის“ წარმომადგენელს.

დავინტერესდით, გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მიმდინარეობს, არსებობდა თუ არა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალური თანხმობა ამ კონკრეტული მშენებლობისთვის?

„რა თქმა უნდა, გვაქვს მშენებლობის ნებართვა. ირგვლივ მდებარე შენობებზე შეფასების აქტიც გვაქვს, ექსპერტიზაც გვაქვს.

რაც შეეხება გორგილაძის #2-ს, როგორც მე ვიცი, მერიას გამაგრების პროექტი აქვს მაგ [შენობაზე] და გამაგრებულიც არის ეგ სახლი. ჩვენ მაგ სახლთან საერთოდ შეხება არ გვაქვს არანაირი. მაგ ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩვენ გრუნტს ისე ვამაგრებთ, რომ ჩვენი მუშაობის [გამო] ზემოქმედება, საერთოდ ნულოვანია ირგვლივ მდებარე შენობებზე. არანაირი ზემოქმედება არ არის, ნულოვანია.

[კომპანიას] აქვს დემონტაჟის პროექტი, აქვს მშენებლობის პროექტი. მშენებლობის პროექტი, როგორც მოგეხსენებათ, მოიცავს კონსტრუქციულ ნაწილს. კონსტრუქციულ ნაწილში მითითებულია გრუნტი როგორ უნდა გავამაგროთ. ე.წ. ცემენტიზაცია კეთდება.

ცემენტიზაცია მოიცავს გრუნტის ბეტონით ჩანაცვლებას. მშენებლობა ცალკე სამუშაოა, რომელსაც ირგვლივ მდებარე შენობებზე ზემოქმედება ნულამდე დაჰყავს. ანუ აბსოლუტურად არავითარ ვიბრაციას, რხევას საერთოდ არ განიცდის გრუნტი ჩვენი ქვაბულის იქეთ. ამას [მშენებლობის მეთოდს] ფართოდ იყენებენ ევროპაშიც და ჩვენთანაც, საქართველოშიც შეგიძლიათ ნახოთ. გრუნტის ცემენტიზაცია ჰქვია. ეს გვიწერია ჩვენ პროექტში და უნდა გავაკეთოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ედნარ ხიმშიაშვილმა, „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპის“ წარმომადგენელმა.

თავდაპირველად სწორედ ედნარ ხიმშიაშვილი ფლობდა კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპის“ 100 %-იან წილს.

ამჟამად წილის 70% ჯულიანა იონახს ეკუთვნის, 30 % კი – იულია ლიტვინენკოს, რომელიც ედნარ ხიმშიაშვილის მეუღლეა.

  • რა ვიცით კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპის“ შესახებ

„ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპს“ ორი მფლობელი ჰყავს.

კომპანიის 70%-იან წილს ჯულიანა იონახი ფლობს, ხოლო 30%-იან წილს – იულია ლიტვინენკო.

ჯულიანა იონახი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, იულია ლიტვინენკო კი – უკრაინისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე.

„ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი  წილის მფლობელი ედნარ ხიმშიაშვილი იყო.

2022 წელს კომპანიის დირექტორად ჯულიანა იონახი დაინიშნა. 2023 წლის ნოემბერში კომპანიის 70%-იანი წილი ედნარ ხიმშიაშვილმა ჯულიანა იონახს გადაუფორმა, მას კი 30% დარჩა.

კომპანიის წილის მფლობელი ბოლოს 2024 წლის 4 ოქტომბერს შეიცვალა. ედნარ ხიმშიაშვილმა კომპანიის კუთვნილი 30%-იანი წილი იულია ლიტვინენკოს გადაუფორმა.

საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომი დოკუმენტების თანახმად, კომპანიის ყოფილმა მფლობელმა ედნარ ხიმშიაშვილმა 70%-იანი წილი ჯულიანა იონახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაუფორმა. რაც შეეხება დარჩენილ 30%-იან წილს, ის იულია ლიტვინენკოს უსასყიდლოდ გადაუფორმა.

ედნარ ხიმშიაშვილი რამდენიმე სხვა კომპანიაშიც ფლობს წილს.

კომპანია „ჯორჯიან გრანდ დეველოპმენტ გრუპი“ ბათუმის გულში, მერიის წინ, ერთი კვარტალის ნაწილობრივ ათვისებას გეგმვას.

10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მისამართი ოფიციალურად ასეა –  ბარათაშვილის ქუჩა #14/დემეტრე თავდადებულის ქუჩა #27.

დოკუმენტების მიხედვით, 10- სართულიანი კორპუსი ბარათაშვილისა და თავდადებულის ქუჩებს შორის, 1750 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

შენობის სიმაღლე 36.40 მეტრი იქნება. -1 სართულზე მოეწყობა საპარკინგე სივრცე, პირველი სართული კომერციული ფართობებისთვის იქნება, მეორედან მეოთხე სართულამდე ნაწილობრივ კომერციული, ნაწილობრივ საცხოვრებელი, ხოლო მეხუთე სართულიდან მეათე სართულამდე სრულად საცხოვრებელი ბინები იქნება.

ისტორიულ ზონაში დაგეგმილი ათსართულიანი შენობის პროექტის ავტორი და არქიტექტორი თენგიზ ესიავაა.

იმ ადგილას, სადაც ახლა ათსართულიანი სახლი უნდა ააშენონ, ორსართულიანი განაშენიანება იყო.

თავდადებულის ქუჩის მხრიდან მდებარე სახლში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა იყო განთავსებული. საოლქოს შენობის უკან ასევე ორსართულიანი განაშენიანება იყო, რომელიც ვიწრო გასასვლელით უკავშირდებოდა ბარათაშვილის ქუჩას. ახალი კორპუსიც ამ გასასვლელით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: