დღეს, 9 სექტემბერს, პარტია „ლელომ“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა წერილობით და ბათუმში, გამსახურდიას 41-ე ნომერში არსებული მოდერნის სტილის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მოითხოვა.
„ჩვენ ვითხოვთ ყველა სახის დოკუმენტაციას, მათ შორის ცვლილებებს, რაც დაფიქსირდა ზვიად გამსახურდიას 41-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებით.
ასევე, გავდივართ კონსულტაციას შესაბამის ჯგუფებთან, რომ მოხდეს ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის შესწავლა.
გარდა ამისა, ვაპირებთ, ბათუმის საკრებულოში დავაყენოთ ინიციატივა სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც შეისწავლის რეაბილიტაციის ყველა ეტაპს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი გასაჯაროვდეს, რადგან ჩვენ ვნახეთ „ნექსთის“ განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ შენობის გაფერადება-დამახინჯება არ იყო შეთანხმებული სააგენტოსთან და ეს დაადასტურა კიდეც სააგენტომ.
შესაბამისად, ვითხოვთ ყველა დოკუმენტაციას, რომ გამოვიკვლიოთ, რამდენად სწორად იქნა გაცემული ამ ძეგლის შესახებ ნებართვები“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია.
მისი თქმით, სააგენტომ აღნიშნული დოკუმენტაცია წესით 10 დღეში უნდა მიაწოდოს. ვაჟა დარჩიამ „ბათუმელებთან“ ასევე აღნიშნა, რომ ითხოვენ, გასაჯაროვდეს პროექტი, რათა საზოგადოებამ იცოდეს, როგორი იქნება ძეგლის საბოლოო იერსახე რეაბილიტაციის შემდეგ.
„ნებისმიერი ცვლილება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სააგენტოსთან, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და ექსპერიმენტები არ უნდა ტარდებოდეს მის ფასადზე.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულნი, აჯარიმებენ ასფალტზე წარწერის გამო და ამ დროს „ნექსთი“ თავისი ნება-სურვილით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს საქართველოში, ფაქტობრივად, სპობს, ფასადს უნადგურებს და ჩანს, რომ ამ ძეგლთან დაკავშირებით სამუშაოები ისე არ არის ჩატარებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
ასევე დღეს, 9 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, აზა გაბუნიამ.
„გთხოვთ, მოგვაწოდოთ საჯარო ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები, რომლებიც უკავშირდება ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ქუჩების №12/14- გადაკვეთაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე/განხორციელებულ სამუშაოებს. კერძოდ, გთხოვთ მოგვაწოდოთ:
სააგენტოსთან შეთანხმებული თავდაპირველი პროექტის სრული ასლი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების განხორციელება გახდა შესაძლებელი;
აღნიშნულ პროექტში შეტანილი ყველა ცვლილების, დამატებისა და კორექტირების შესახებ დოკუმენტაცია, მათ შორის ცვლილებები/განახლებული პროექტების სრული ასლები, არსებობის შემთხვევაში;
- აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გაცემული ყველა ნებართვის, თანხმობის, ბრძანებისა და ადმინისტრაციული აქტის ასლები;
- სააგენტოს შესაბამისი კომისიების/საბჭოების სხდომების ოქმები, გადაწყვეტილებები და დასკვნები, რომლებზეც განხილული ან შეთანხმებული იყო აღნიშნულ შენობაზე სამუშაოების, მათ შორის ფასადის ცვლილების საკითხი;
- მესაკუთრის, ინვესტორის, საპროექტო ორგანიზაციის ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ყველა წერილის, განცხადების, განმარტების, პროექტისა და სხვა დოკუმენტის ასლები, რომლებიც აღნიშნულ ობიექტსა და მიმდინარე სამუშაოებს შეეხება;
- ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რა პირობებითა და მოთხოვნებით იქნა შეთანხმებული სამუშაოების განხორციელება, მათ შორის ფასადის, ფერთა გადაწყვეტის, დეკორატიული ელემენტებისა და სხვა არქიტექტურული დეტალების მიმართ დადგენილი მოთხოვნები;
- სააგენტოს მიერ აღნიშნულ ობიექტზე განხორციელებული მონიტორინგისა და ინსპექტირების ყველა მასალა, მათ შორის შემოწმების აქტები, ოქმები, დასკვნები, ფოტოფიქსაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;
- ინფორმაცია იმის შესახებ, დადგინდა თუ არა სამუშაოების მიმდინარეობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობის, გაცემული ნებართვის ან შეთანხმებული პროექტის პირობების დარღვევა; თუ ასეთი დარღვევა დადგენილია, გთხოვთ მოგვაწოდოთ: დარღვევის დადგენის თარიღი; შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის, ოქმის, დასკვნის ან სხვა დოკუმენტის ასლი; ინფორმაცია, რა სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა სააგენტოს მიერ;
რა სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს ან განხორციელდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით; მიღებული გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაციის ასლები“- წერია განცხადებაში, რომლითაც აზა გაბუნიამ სააგენტოს მიმართა.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ სააგენტომ აცნობოს საზოგადოებას, შეესაბამება თუ არა ობიექტზე ამჟამად შესრულებული სამუშაო სააგენტოს მიერ შეთანხმებულ პროექტსა და ნებართვის პირობებს და თუ არა, რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ან უკვე განახორციელა სააგენტომ დარღვევის აღმოსაფხვრელად.
კომპანია NEXT-მა მის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე გადაღება. როგორც კომპანიაში „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადეს, ეს მხოლოდ ტესტი იყო.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძეგლის რეაბილიტაციის დროს ყველა მოქმედება უნდა იყოს შეთანხმებული ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან.
ამ თემაზე:
„საზოგადოებისთვის არ შეგვიღებავს, ჩვენთვის შევღებეთ“ – ძეგლის ახალი მფლობელი NEXT-ი






