მთავარი,სიახლეები

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

23.10.2025
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმიანება ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტების, მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი პრიზით, სახაროვის პრემიით.

„ევროპარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები.

ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2025 წლის 22 ოქტომბერს ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები: მზია ამაღლობელი და ანდრეი პოჩობუტი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად გამოაცხადა.

„პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის“ – ასე ერქვა ნომინაციას, რომელშიც ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტები იყვნენ წარდგენილნი.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 284 დღეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: