მთავარი,სიახლეები

არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

10.09.2025
არჩევნები კრიზისის და რეპრესიების ფონზე, ეუთო/ოდირის დაკვირვების გარეშე

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმს მერობის ხუთი კანდიდატი ჰყავს – თამარ მიქელაძე [„მამული, ენა, სარწმუნოება“]; ზვიად კვირიკაძე [„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“], გოჩა გუგუნავა [„გახარია საქართველოსთვის“], გიორგი ცინცაძე [„ქართული ოცნება“] და კახაბერ ცისკარიძე [დამოუკიდებელი კანდიდატი].

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 4 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა, ბათუმში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში, წინასაარჩევნო სამზადისი ფაქტობრივად არ იგრძნობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყანა მკვეთრად პოლარიზებული ხვდება – საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარება, „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის, რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, მაშინ როცა თითქმის 300 დღეა ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ფარსია.

და მაინც, რა ვიცით 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე? ვინ მონაწილეობს და ვინ არა არჩევნებში? – „ბათუმელებმა“ ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს თავი ამ სტატიაში მოუყარა.

  • ვინ მონაწილეობს და ვინ არა არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს იმართება.

არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს 8 ოპოზიციური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ევროპული საქართველო“ .

ოპოზიციიდან არჩევნებში მონაწილეობას იღებს „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“.

4 ოქტომბრისათვის ქვეყნის მასშტაბით 3 051 საარჩევნო უბანი 84 საარჩევნო ოლქში გაიხსნება.  აქედან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული იქნება, ხოლო 767 უბანზე, ძველი წესით გაიმართება.

ქვეყნის მასშტაბით უნდა აირჩიონ 64 ქალაქის მერი და 64 ქალაქის საკრებულოს 2 058 წევრი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2025 წლის 4 ოქტომბრისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში 3 476 140 – ია.

ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებში 14 პარტია დარეგისტრირდა.

კერძოდ: „კონსერვატორები საქართველოსთვის“, „მამული, ენა, სარწმუნოება“, „სახალხო ხელისუფლება“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება“, „გირჩი“, „საქართველო“, „მემარცხენე ალიანსი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ქართველ ერთობა“, „მწვანეთა პარტია“, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, „თავისუფალი საქართველო“.

  • რა პრინციპით ტარდება 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები

4 ოქტომბერს ამომრჩევლები ქალაქების მერებს ორტურიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ირჩევენ – თუ კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50 %-ზე მეტი, შესაძლოა გაიმართოს მეორე ტური.

რაც შეეხება საკრებულოების წევრების არჩევას, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ამომრჩეველი ხმას აძლევს კანდიდატს, როგორც პარტიულ სიაში, ასევე ირჩევს მაჟორიტარსაც.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები პირველად ტარდება ელექტრონული წესით, პროპორციული სისტემის ბარიერი გაზრდილია 4%-მდე, ასევე გაზრდილია მაჟორიტარების წილი.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მუნიციპალური არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის მოდიფიცირებით არჩევნების მანიპულაციას მიმართა.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელების პროცესი სამ ეტაპად და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით წარიმართა.

არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყველა ცვლილების მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო, რისთვისაც გაუქმდა 40%-იანი ბარიერი საკრებულოს არჩევნების მაჟორიტარულ კომპონენტში, მკვეთრად გაიზარდა მაჟორიტარული ადგილების წილი მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოებში, შემცირდა მრავალმანდატიანი ოლქის ზომა, პროპორციულ კომპონენტში, ასევე, გაიზარდა სამართლებრივი ბარიერი და მოდიფიცირდა საარჩევნო ფორმულა უკეთესი შედეგის მქონე პარტიის სასარგებლოდ,“ – წერს ISFED-ი.

მარტივად რომ ავხსნათ რას ნიშნავს ეს:

  • 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სისტემის ბარიერი თბილისში იყო 2,5%, ხოლო რეგიონებში – 3%.
  • 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე პროპორციული სისტემისთვის ბარიერი 4% გახდა.
  • გაიზარდა მაჟორიტარების რიცხვი. მაგალითად, თბილისის საკრებულოში 50 წევრია. აქედან 25 წევრი მაჟორიტარული წესით აირჩევა, ხოლო 25 – პროპორციული სიით. მაშინ, როცა წინა არჩევნებზე მაჟორიტარული წესით აირჩეოდა 10 წევრი, ხოლო 40 – პროპორციული წესით.
  • თვითმმართველ ქალაქებში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში – შემცირდა საკრებულოს წევრთა ოდენობა.  ამ ქალაქების საკრებულოებში  35-ის ნაცვლად 25 წევრი იქნება. აქედან 10 წევრს მაჟორიტარული წესით აირჩევენ, ხოლო 15 წევრს – პროპორციული წესით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება 40%-იანი ბარიერის გაუქმებას. კერძოდ, იმისთვის, რომ პირი საკრებულოს წევრად არჩეულად ჩათვლილიყო, საჭირო იყო მას ჰქონოდა ხმების 40%. ახალი ცვლილებით, გამარჯვებული იქნება ის, ვინც უბრალოდ ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, “ეს ცვლილება, ოპოზიციური პარტიების ფრაგმენტაციის პირობებში, „ქართულ ოცნებას“ ანიჭებს შესაძლებლობას, ამომრჩეველთა დაბალი მხარდაჭერითაც საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვოს”.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, „ქართულმა ოცნებამ“ კანონში შეიტანა ცვლილება, რის შედეგადაც, ყველა თვითმმართველი თემის საკრებულოში პროპორციული ადგილების წილი შემცირდა, ხოლო მაჟორიტარების წილი – გაიზარდა. გამონაკლისია მხოლოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. სხვა ყველა თვითმმართველი თემის საკრებულოში მაჟორიტარული ადგილების წილი გაზრდილია.

საკანონმდებლო ცვლილებით დადგენილია, რომ თემის საკრებულოში პროპორციული სისტემით შესაძლოა არჩეული იქნას 15 წევრი, ხოლო ყველა დასახლებიდან, რომელიც შედის ოლქის ტერიტორიაზე (სოფელი, დაბა, ქალაქი), მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ თითო წევრს.

ამასთან, თუ დაბის მოსახლეობა 4 ათასზე მეტია, შესაძლებელია 1-ზე მეტი მაჟორიტარული ოლქის შექმნა. მაგალითად, თუ ქალაქის, დაბის მოსახლეობა 35 ათას მოსახლეზე მეტია, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია 5 მაჟორიტარული ოლქში შეიქმნას.

  • რატომ არ მონაწილეობს ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში

8 ოპოზიციური პარტია 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და არ გეგმავს მასში მონაწილეობას.

„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, 8 პროდასავლური ძალა არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებით.

ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით,“ – ეს ერთობლივი განცხადება პარტიებმა 19 ივლისს გააკეთეს და დღემდე იცავენ ამ პირობას.

არცერთი პარტია არ დარეგისტრირებულა საარჩევნო სუბიექტად.

  • რატომ მონაწილეობს „ლელო“ და „გახარია“ არჩევნებში

2024 წლის 28 ნოემბერს  ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“. კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა სპონტანური აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან, რაც შემდგომ გადაიზარდა მრავალათასიან დემონსტრაციაში.

გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული 285 დღეა საქართველოს მოქალაქეები უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე.

ასევე ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

ოპოზიცია ერთიანი იყო პროტესტში, სანამ დღის წესრიგში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არ დადგა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

„ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“ ემხრობა არჩევნებში მონაწილეობას და უკვე დარეგისტრირებულებიც არიან საარჩევნო სუბიექტებად.

5 ივლისს, პარტიის გენერალურმა მდივანმა და ახლა უკვე თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ასე ახსნა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ არჩევნებში მონაწილეობის მართებულობა.

„ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას – ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, რუსული რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ თქვენს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას. მზად ვართ ერთობისთვის დასავლურ ოპოზიციასთან, მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ბრძოლა დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს არის განაჩენი რეჟიმისადმი. ამ ბრძოლაში, არც რეგიონებში და არც თბილისში, არ ვაპირებთ არც ერთი გოჯის დათმობას. მიუხედავად იმისა, რამდენი პოლიტპატიმარი შეემატა რეჟიმს, განსაკუთრებით ჩვენი გუნდიდან, ჩვენ არ ვაპირებთ ბრძოლაში დანებებას. პირველ რიგში, თქვენი, მოქალაქეების იმედი გვაქვს,“ – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

17 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა გიორგი გახარიამ და ახსნა, თუ რატომ მონაწილეობს მისი პარტია არჩევნებში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი და ერთადერთი გზა… მე პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმ გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენ მივიღეთ.

ჩვენი ყველას – ჩემი, თქვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის – გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ დღეს, სამწუხაროდ და ჩვენდა საუბედუროდ, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრად უფრო მეტი ამომრჩეველი, ვიდრე იმსახურებს. ეს ფაქტია და სანამ ჩვენ ფაქტს არ გავუსწორებთ თვალებს და არ ვაღიარებთ ობიექტურ რეალობას, ჩვენ წინ ვერ წავალთ.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ბოიკოტს და არაფერს არ ექნება აზრი, ჩვენ თუ არ მივაღწიეთ იმას, რომ „ოცნების“ ამომრჩევლების რაოდენობა შემცირდა. ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ თითოეულ ამომრჩეველთან და თითოეულ ოჯახთან არ მივედით და მათ არ დავანახეთ…“ – თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მან გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო.

საზღვარგარეთ გიორგი გახარია მას შემდეგ წავიდა, რაც ის თეა წულუკიანმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე დაიბარა. გიორგი გახარია კომისიას ონლაინ ჩაერთო. ის იმ დროს უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

„გადავწყვიტეთ, ასეთ მდგომარეობაში, როგორშიც ნაც-ქოცები არიან, სრულფასოვანი მონაწილეობა მივიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, ყველა პოზიციაზე”, – ეს განცხადება „გირჩმა“ 7 აგვისტოს გააკეთა და ამ გზით ამცნო, იქვე პარტიის ლიდერებმა ახსენეს თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„დასუსტებული „ქართული ოცნება“ ტყუილებით და ალოგიკური ნაბიჯებით ძალიან დასუსტებული ოპოზიცია ერთმანეთს ხვდება. რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, რომ ზუსტად იგივე გავაკეთოთ, რასაც ყველა საპარლამენტო არჩევნების წინ ვაკეთებდით, მიუხედავად იმისა, რამდენ პროცენტს მივიღებდით. ჩვენ აქამდე არ მოგვცემია საშუალება ადგილობრივ დონეზე როგორი წარმოდგენა გვაქვს ჩამოგვეყალიბებინა საჯაროდ, მაგალითად, ჩვენი ქალაქი როგორი უნდა იყოს, რასაც ადგილობრივი არჩევნები იდეაში ეხება. თუ ჩვენ რევოლუციაში არ ვმონაწილეობთ, ერთმნიშვნევლოვნად სხვა გზა არ არის, ვმონაწილეობთ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ადგილობრივ ამბებს ეხება. გვინდა „გირჩის“ ამომრჩეველს ჰქონდეს სრული კარტბლანში,“ – თქვა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა.

„გირჩმა“ თბილისის მერობის კანდიდატის ასარჩევად შიდაპარტიული პრაიმერიზი გამართა და 4 ოქტომბრის არჩევნებზე გირჩიდან თბილისის მერობისთვის იაგო ხვიჩია იბრძოლებს.

  • კანდიდატები

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველა ქალაქში ჰყავს მერობის კანდიდატი და აქვს საკრებულოს წევრობის მსურველთა სრული სია.

არჩევნებში მონაწილე ვერცერთი სხვა პარტია ვერ ფარავს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და რეგიონს.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 სექტემბერია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ადგილობრივ არჩევნებს არ დააკვირდება ეუთო/ოდირი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებს აკვირდება.

ეუთო/ოდირი 6 სექტემბრამდე არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იყო მოწვეული. უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებას“ დეკლარირებული ჰქონდა, რომ არ აპირებდა დამკვირვებლად ამ ორგანიზაციის მოწვევას.

საბოლოოდ, 6 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წერილი გაუგზავნეს ეუთო/ოდირს და 4 ოქტომბრის არჩევნების დასაკვირვებლად მოიწვიეს, თუმცა 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთო/ოდირი მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად მისიას არ გამოგზავნის. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, მათ თბილისიდან მიწვევა ისეთ დროს მიიღეს, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი. ეს კი, ეუთო/ოდირის განცხადებით, არასაკმარისი დროა სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის.

______________

ფოტოზე: „რუსული ოცნება“ – წარწერა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე თბილისში. ფოტო: „ნეტგაზეთი“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: