მთავარი,სიახლეები

რა თქვა არჩევნებზე არ მისვლით ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა – შეფასება

06.10.2025 •
რა თქვა არჩევნებზე არ მისვლით ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა – შეფასება

„არჩევნების მოგება იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არჩევნებში მიზანმიმართულად არ მონაწილეობს, ლეგიტიმაციას კი არ გძენს – გაკლებს“, – ასე აფასებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი 4 ოქტომბრის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს.

რა გაკვეთილი უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით და რა გვაჩვენა კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლის ბოიკოტმა? – ვკითხეთ იაგო კაჭკაჭიშვილს.

  • ბატონო იაგო, რა თქვა კრიტიკულად განწყობილმა ამომრჩეველმა 4 ოქტომბერს არჩევნებზე არ მისვლით?

ქართველი ამომრჩეველი, ზოგადი თვალსაზრისით ორ ჯგუფად იყოფა, ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და ეს არის „ქართული ოცნების“ ოპოზიციური ამომრჩეველი, ან ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი, შეგვიძლია ასეც ვთქვათ.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა, უერთგულა თავის არჩევანს, მეტიც, კიდევ უფრო გააქტიურდა, ვიდრე ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არის დამახასიათებელი.

საერთოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უფრო ნაკლებად მნიშვნელოვნად აღიქვამენ ამომრჩევლები, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ამომრჩევლის მეტ-ნაკლებად სრული მობილიზება მოახდინა.

ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდმა უმრავლესობამ, როგორც კვლევები აჩვენებს, დაახლოებით, 65-70%-მა არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს.

შესაბამისად, ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან. ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩევლებმა კი უარი უთხრეს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას. თქვეს, რომ არჩევნები ქვეყანაში გაუქმებულია, არჩევნები აღარ წარმოადგენს ხელისუფლების და ძალაუფლების შეცვლის, ასე ვთქვათ, ეფექტურ და ლეგიტიმურ მექანიზმს.

ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს. ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს ურჩევნიათ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ვიდრე გაყალბებულ არჩევნებში ან არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა.

საიდან გაუჩნდა ოპოზიციურ ამომრჩევლებს ასეთი შთაბეჭდილება? გაუჩნდა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.

პირველი ფაქტორი იყო 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო აბსოლუტურად მანიპულაციური; მეორე – გაუჩნდათ რეპრესიული პოლიტიკის საფუძველზე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თუ მედიის მიმართ და, რა თქმა უნდა, გაუჩნდათ იმის საფუძველზე, რომ ამ არჩევნებს არ აკვირდებოდა არც ერთი სერიოზული სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაცია. იცით, რომ ეუთო/ოდირ-მა უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო სადამკვირვებლო პროცედურაში. არ არსებობდა არჩევნების მეტ-ნაკლებად სანდო დამკვირვებელი.

მოკლედ, სრულიად სამწუხარო ამბავია და პოლიტიკური კრიზისის ცალსახა მანიშნებელია ის, რომ არჩევნებს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არ განიხილავენ, როგორც ხელისუფლების ცვლის მექანიზმს და ეს აქაც გამოჩნდა.

იაგო კაჭკაჭიშვილი

  • რა უთხრა ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა პოლიტიკურ პარტიებს? ოპოზიციურმა პარტიებმა რა დასკვნა უნდა გამოიტანონ ამ შედეგებით, რა შედეგებიც ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბერს?

ერთია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები და მეორეა ეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები მხარს უჭერენ თუ არა ოპოზიციურ პარტიებს. ნდობის დეფიციტი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსაც აქვთ, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებში.

პრინციპში, ეს გასაკვირი არც არის, რადგან ოპოზიციურ პარტიებს არ ეძლევათ სრულფასოვანი შესაძლებლობა, კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ ამომრჩევლებთან. ავტორიტარიზმის პირობებში ეს სულ უფრო და უფრო რთული ხდება. როდესაც ოპოზიციური პარტია არ მიდის ოპოზიციურ ამომრჩეველთან და არ ამყარებს მასთან მეტ-ნაკლებად მჭიდრო კომუნიკაციას, ნდობაც ქრება.

ეს ნაწილობრივ გამოწვეულია „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკით და ნაწილობრივ გამოწვეულია ოპოზიციური პარტიების, რა დავარქვა ამას არ ვიცი, კაბინეტური პოლიტიკით. როდესაც ისინი ცდილობენ რეგიონში მყოფ ამომრჩევლებთან კომუნიკაცია იქონიონ თბილისიდან.

მოკლედ, სხვადასხვა მიზეზია, მაგრამ ერთია, რომ ოპოზიციური პარტიების ნდობა და ოპოზიციური ამომრჩევლების, ოპოზიციური პარტიების მიმართ ნდობა, თვითონ ოპოზიციურ ამომრჩევლებშიც სერიოზულ გამოწვევებს აწყდება.

  • 4 ოქტომბრის არჩევნები გამორჩეული იყო დაბალი აქტივობით…

თბილისში განსაკუთრებით დაბალი 31% იყო, ისიც თუ დავუჯერებთ ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს. თორემ დასწრების აღრიცხვის თვალსაზრისით, მაინცდამაინც სანდო არც ცესკო-ა. ცესკო-ს მონაცემები აჩვენებს, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში საკმაოდ დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები, როგორც ხელისუფლების ცვლის ლეგიტიმური მექანიზმი, დემოკრატიის პირობებში, საქართველოში აღარ მუშაობს, რაც არის აბსოლუტურად სამწუხარო რეალობა, იმიტომ, რომ უნდა დაბრუნდეს არჩევნების მიმართ ნდობა. რადგან არჩევნები გახლავთ ყველაზე უფრო ეფექტური, მშვიდობიანი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესაცვლელად.

ოღონდ, არჩევნების მიმართ ნდობა დემოკრატიის, დემოკრატიული გარემოს გაჯანსაღების გარეშე ქვეყანაში არ დაბრუნდება.

დემოკრატიული გარემოს გაჯანსაღება კი არის „ქართული ოცნების“ ხელში და ამ სურვილს „ქართული ოცნება“ არ ამჟღავნებს. პირიქით, ის აღრმავებს ავტორიტარიზმის ხარისხს და ცდილობს ავტორიტარიზმის ჩაბეტონებას.

ვინ შეიძლება ამ ხელისუფლებას დემოკრატიულ სტანდარტებზე დაბრუნება აიძულოს? – ეს შეიძლება იყოს ოპოზიციური საზოგადოება, რომელიც ქუჩაში გამოხატავს პროტესტს. ჩვენ ვხედავთ, რომ უწყვეტი პროტესტია. და მეორე – ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოება. მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იძულებას დემოკრატიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, სჭირდება უფრო გაძლიერება და გაღრმავება.

შიდა პროტესტს სჭირდება შენარჩუნება და, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერებაც კი. მხოლოდ შიდა და გარე ზეწოლის საფუძველზე შეიძლება შეფერხდეს, ასე ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სწრაფვის მადა და მეტ-ნაკლებად გამოსწორდეს საარჩევნო გარემო.

ფაქტია, ამ არჩევნებმა სრულიად ეფექტურად და ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს დაკარგული აქვს არჩევნების მიმართ ნდობა. აი, თვით „ლელოს“ და გახარიას ამომრჩევლებსაც კი. ამ პარტიამ ხომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა? ამ პარტიების ამომრჩევლის დიდი ნაწილიც კი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან ჩათვალა, რომ სამართლიანობის მიღწევა რთულია.

  • რა დაუბრუნებს იმედს და არჩევნების რწმენას ქართველ ამომრჩეველს?

ზეწოლა ხელისუფლებაზე, მხოლოდ, ზეწოლა და საარჩევნო გარემოს გაკეთილშობილება, რა თქმა უნდა. საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა.

გარემოს გაუმჯობესება, თუნდაც ის, რომ არჩევნებზე ყოველ ჯერზე ხდება მობილიზება ასე ვთქვათ, რაღაც კრიმინალური დაჯგუფებების, ხელისუფლების აგრესიული დამცველების. ესე იგი, ისევ ხდება ტერორი ოპოზიციურ ამომრჩევლებზე, ისევ ხდება ზეწოლა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებზე იმ თვალსაზრისით, რომ მათ ევალებათ არა მხოლოდ თვითონ მისვლა და დაფიქსირება თავიანთი არჩევანის, არამედ მათი ოჯახის წევრების, ნათესავების მიყვანაც.

ჩვენთან არჩევნები არ არის თავისუფალი.

ეს არათავისუფალი არჩევნები ადამიანებს უბიძგებს იმისკენ, რომ ხელისუფლების ცვლისთვის სხვა ალტერნატიული მექანიზმები იპოვონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: