მთავარი,სიახლეები

„ღმერთმა დამიფაროს, მოღალატე ირაკლისთვის მოსაწონი საქმით ვიყო დაკავებული“ – ნაკაიძე

28.03.2023
„ღმერთმა დამიფაროს, მოღალატე ირაკლისთვის მოსაწონი საქმით ვიყო დაკავებული“ – ნაკაიძე

„ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ მისი გუნდის სახიფათო გზავნილების გადაფარვას ჩემი დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს.

ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული“ – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუქზე „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ტარიელ ნაკაიძე არის პრობლემური თავისი საქმიანობით“ და ის თავისი საქმიანობით „უპირისპირდება მუსლიმ თემს“.

„ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ბრალს მდებს ჩემი 20-წლიანი საქმიანობის გამო, რომელიც მუსლიმი თემისა და საქართველოში მცხოვრები სხვა უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. ჩემი საქმიანობა ქართული ოცნებისთვის ნამდვილად არის პრობლემატური. რატომ?

მხოლოდ ფაქტები:

1. 2013 – 2021 წლები – ქართულ ოცნებას არ გაუვიდა, მუსლიმებისთვის შეეზღუდა ნიგვზიანში, სამთაწყაროში, წინწყაროსა და ბუკნარის მეჩეთებში შესვლა.

2. 2013 წელი – ქართულმა ოცნებამ სამხედრო და საპოლიციო ძალების გამოყენებით მოხერხა სოფელ ჭელის მეჩეთის მინარეთი, რომელიც, 2 თვის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანვე დავაბრუნებინეთ.

3. 2014 წელი – სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმი მოქალაქეები მშვიდობიანად ითხოვდნენ ისტორიული შენობის დაბრუნებას, პოლიციამ სასტიკად სცემა შეკრებილ ადგილობრივებს, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა, რითაც დადგინდა სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენა.

4. ქართული ოცნება დღემდე, დისკრიმინაციულად, არ გასცემს ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მაგრამ 2017 წლიდან მუსლიმი თემი სახელდახელოდ მოწყობილ მეჩეთში მაინც აღავლენს ლოცვას. ქალაქ ბათუმის მერმა კი, ცინიკურად, ბაირამის დღესასწაულზე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არგაცემა დისკრიმინაციულად შეფასდა.

ქართულ ოცნებას აღიზიანებს ქართველი მუსლიმების მიერ ხმის ამაღლება უსამართლობაზე; ის, რომ უმცირესობებს საქართველოს პარლამენტში პირველად ჰყავთ მათი პრობლემების გამჟღერებელი; ასევე ღიზიანდება საქართველოს უმცირესობებში მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ზრდით“ – წერს ტარიელ ნაკაიძე.

ტარიელ ნაკაიძე 20 წელია მუსლიმი თემის ინტერესებს აქტიურად იცავს. ის ამჯერად დამოუკიდებელი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. მას 22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიკროფონი ჩაარტყეს და აგენტი უწოდეს. კონფლიქტის მეორე დღეს, 23 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს და კუთხეში დგომა ეკუთვნის.

ამავე თემაზე: 

„ოცნება“ მზადაა, გააღვივოს რელიგიური შუღლი – რეაქციები პარლამენტში მიკროფონის ჩარტყმაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: