მთავარი,სიახლეები

კომპენსაციას მიიღებენ ისინი, ვისი ავტომანქანებიც დაზიანდა სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად

12.07.2022
კომპენსაციას მიიღებენ ისინი, ვისი ავტომანქანებიც დაზიანდა სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად

აჭარის მთავრობა მოქალაქეებს, რომლებსაც 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაუზიანდათ, სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირებისთვის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა. პრესსამსახურის ცნობით, ეს თანხა 5 ავტომობილის კომპენსირებისთვისაა განკუთვნილი, სწორედ ამდენი ავტომობილი დაზიანდა სახლის ჩამონგრევის შედეგად.

გარდა ამისა, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან ოჯახებს, რომლებიც ხანძრისა და ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის შედეგად დაზარალდნენ – 10 ოჯახს 97 835 ლარის დახმარება გაეწევა.

ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. ნანგრევებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი.

2022 წლის 5 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 და 4 წელი მიუსაჯა ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს.

ის ოჯახები, რომლებიც 26 მაისის N13 კორპუსში ცხოვრობდნენ, ქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი, დანგრეული კორპუსის ადგილას კი ახალი შენობის აგება იგეგმება.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: