მთავარი,სიახლეები

„ბატონო რუდენკო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?!“ – პოდოლიაკი სანქციების მოხსნაზე

25.05.2022
„ბატონო რუდენკო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?!“ – პოდოლიაკი სანქციების მოხსნაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებას გამოეხმაურა. ანდრეი რუდენკომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სურსათით დატვირთულ გემებს უსაფრთხო დერეფანი შესთავაზოს უკრაინის დასატოვებლად. სამაგიეროდ, მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე დაწესებული გარკვეული სანქციები მოხსნა.

მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე რუსეთის განცხადებებს, რომ ეს სანქციები „დიდი ბედნიერება და საჩუქარია ეკონომიკისთვის“.

„კრემლი აცხადებდა, რომ სანქციები დიდი ბედნიერება და საჩუქარია ეკონომიკისთვის. ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტების განსაბლოკად სანქციების მოხსნას ითხოვს. თუ სანქციები გაძლიერებთ, რატომ უნდა მოიხსნას? ბატონო რუდენკო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

უკრაინა ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. რუსეთის თავდასხმის შემდეგ შეჩერებულია უკრაინიდან ტვირთის ზღვით გატანა. ამ ვითარებას საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხედ აფასებენ. დასავლური ქვეყნები სურსათის უკრაინიდან გასატანად „უსაფრთხო დერეფნის“ შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ეს რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდება.

როგორც რუსული მედია ციტირებს რუდენკოს, იგი ასევე მოითხოვს „უკრაინამ განაღმოს ყველა პორტი, სადაც გემები დგას“.

ოფიციალური კიევი რუსეთს პორტების დანაღმვასა და ხორბლის ქურდობაში სდებს ბრალს. უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურსათის გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სურსათის ფასი გლობალურად იზრდება, ხოლო უკრაინაში, როგორც დასავლელი ლიდერები აცხადებენ, ტონობით ხორბალია, რომელიც ექსპორტზე ვერ გადის.

__________

ამავე თემაზე: 

 

ყირიმის პორტში რუსული გემები უკრაინიდან მოპარული ხორბლით დაიტვირთა – CNN

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: