ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მიწა 20%-იანი ფასდაკლებით ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას 

24.06.2021
მიწა 20%-იანი ფასდაკლებით ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას 

აჭარის მთავრობა გასაყიდი მიწებიდან ჯერარმიღებული ფულით ბიუჯეტს ზრდის და სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად ანაწილებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას, მიწის ნაკვეთს მესამე წელია ვერ ყიდის.

11 235 კვ.მ ფართობის მიწა გასაყიდად სამინისტრომ აუქციონზე უკვე მერვედ გამოიტანა. ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მეორედ, ვინაიდან იმავე ფასად წინა აუქციონზე ეს ნაკვეთი არ გაიყიდა – მონაწილეობა არავინ მიიღო.

მიმდინარე აუქციონი 9 ივლისს დასრულდება. მიწის საწყისი გასაყიდი ფასი, წინა აუქციონის მსგავსად, კვლავ 4 360 000 ლარია, ბიჯი კი – 100 ათასი ლარი.

მიწა პირობებით იყიდება – მთავარი პირობაა მომავალმა მესაკუთრემ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელში აამოქმედოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან/და სარეაბილიტაციო ცენტრი, მოაწყოს არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და სკვერი.

 

სამინისტრომ ეს ნაკვეთი ერთ-ერთ აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებითაც კი გაყიდა  – 1 146 250 ლარად [ერთ-ერთი პირობით მყიდველს არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო]. მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, უქციონი გაუქმდა.

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის თებერვალში, ეს ნაკვეთი 5 450 000 ლარად იყო გამოტანილი [თუმცა მყიდველს ამჯერად არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა]. აუქციონი არ შედგა.

მიმდინარე წლის აპრილში კი, სამინისტრომ მიწა 20-პროცენტიანი ფასდაკლებით [ანუ 1 მილიონით ნაკლებად] გამოიტანა პირობებიან აუქციონზე, რომელიც ასევე არ შედგა.

აჭარის მთავრობა 2021 წელს, დაგეგმილთან შედარებით, დამატებით 62 მილიონ ლარს მარტო მიწის გაყიდვიდან ელის, ამ პროგნოზის საფუძველზე კი ბიუჯეტი გაზარდა.

რა არის მთავრობის როლი, როცა ბიუჯეტი მიწების გაყიდვის ხარჯზე იზრდება? –

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ საპრივატიზაციო ობიექტს, გარდა იმისა, რომ მისი პრივატიზების შედეგად მოხდება ბიუჯეტში თანხების შევსება, თვითონ ეს ობიექტები მნიშვნელოვანია ეკონომიკური  აქტივობის თვალსაზრისით. აბსოლუტური უმრავლესობა ამ მიწის ნაკვეთებისა, რომელიც ჩვენ შეთავაზებული გვაქვს, ითვალისწინებს შესაბამის ვალდებულებებს,“ – განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ამავე თემაზე:

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: