მთავარი,სიახლეები

როდის შეძლებთ ქორწილის გადახდას და რა შემთხვევაში დააჯარიმებენ სიძე-პატარძალს

03.06.2020
როდის შეძლებთ ქორწილის გადახდას და რა შემთხვევაში დააჯარიმებენ სიძე-პატარძალს

როდის იქნება შესაძლებელი ქორწილის გადახდა, ისევ უცნობია. 8 ივნისიდან  დახურული კაფე-რესტორნების ნაწილი იხსნება, თუმცა ეს არ ეხება საქორწინო და სარიტუალო დარბაზებს. 15 ივლისამდე ძალაში რჩება მთავრობის განკარგულების ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, „იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, მაგალითად, ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

„თუკი შესაძლებელია რესტორნებში 10-ზე მეტი პირის შეკრება სოციალური დისტანციის დაცვით, რატომ არ შეიძლება იმავე წესის დაცვით საქორწინო დარბაზებმაც იმუშაონ? არაა ეს სამართლიანი“, – ამბობს სარიტუალო დარბაზ „ალექსანდრიას“ მენეჯერი დავით ჯაფარიძე. ეს და სხვა საქორწინო დარბაზები ამ ეტაპზე ჯავშნებს ვერ იღებენ – სარიტუალო დარბაზები ისევ დაკეტილია.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცხელ ხაზზე – 144-ზე განმარტავენ, რომ შეზღუდვა 15 ივლისამდე მოქმედებს და ჯერ უცნობია, როდემდე შენარჩუნდება ეს შეზღუდვა, ხოლო თუ ვინმე რესტორანში გამართავს ქორწილს, რესტორნის მესაკუთრეს დააჯარიმებენ 10 ათასი ლარით. შესაძლებელია, მეფე-პატარძალიც დაჯარიმდეს.

„…კი, შესაძლებელია, ფიზიკური პირებიც დაჯარიმდნენ 2 – 2 ათასი ლარით, ამაზე გადაწყვეტილებას ადგილზე მიიღებს ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს რესტორანს. ქორწილის სახე თუ მიეცემა შეკრებას ან იუბილე, ქელეხი და ასე შემდეგ, იურიდიული პირი დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. ჩასწორება ამ კუთხით დადგენილებაში ჯერ არ გვაქვს… არ ვიცით, იქნება თუ არა ჩასწორება,“ – გვიპასუხა 144-ის ოპერატორმა.

როდიდან შეძლებს ბიზნესის განახლებას, ეს არც სარიტუალო დარბაზ „ელიტას“ მენეჯერმა, ზია დიასამიძემ იცის.

„მითითება არ არის არაფერი, ისე როგორ გავაკეთებ ჯავშანს? მოდიან, მელაპარაკებიან, მაგრამ კონკრეტულ თარიღზე არ ვთანხმდებით… გამოაცხადებენ, ალბათ,“ – აღნიშნა ზია დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: