მთავარი,სიახლეები

თამილა დოლიძე: რამდენი ნათესავი მყავს აჭარაში და გაქანება აღარ შემიძლია?

24.10.2019
თამილა დოლიძე: რამდენი ნათესავი მყავს აჭარაში და გაქანება აღარ შემიძლია?

უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ილია ვერძაძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატი თამილა დოლიძე, მისი ცოლის ნათესავი, კერძოდ დეიდაშვილია, კანდიდატის და – გურანდა დოლიძე კი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

თამილა დოლიძე მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა ფრაქციამ – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“,   ფრაქცია  „ქართული ოცნება – აჭარას“ რჩეული კი, სოსო სტურუა გახდა. თამილა დოლიძე ამავე დროს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობს.

„თამილა დოლიძე არის უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატი და სანამ ნათესავი გახდებოდა, იმ ტელევიზიაში მუშაობდა. აქცენტი უნდა გაკეთდეს მის კვალიფიკაციაზე“, – ამბობს ილია ვერძაძე.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის თამილა დოლიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ილია ვერძაძის მეუღლესთან ნათესაურ კავშირზე გვითხრა: „დეიდაშვილია, მაგრამ მესამე თაობის“.

„მე ვარ ბათუმელი, მახინჯაურელი, მამაჩემის დედას ათი დედმამიშვილი ჰყავდა, მამაჩემს – 6 დედმამიშვილი. მამის მხრიდან 28 შვილიშვილი ვართ, აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ რამდენი ნათესავი მყავს აჭარაში და გაქანება აღარ შემიძლია? უხერხულია და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როდესაც ამ კითხვას მისვამთ, რადგან ჩემი ოჯახის წევრი არის მხოლოდ ჩემი შვილი“, – ამბობს თამილა დოლიძე.

მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ როცა მისი და, გურანდა დოლიძე, საკრებულოს წევრი გახდა, ამის გამო სამსახურში დისკომფორტი შეექმნა. „ეს უხურხულობა გამიჩინა ნათია კაპანაძემ, რადგან ის მეუბნებოდა, რომ მე მყავს და დეპუტატი და უხერხულია, რომ აქ მუშაობთო, რასაც მე ვაპროტესტებდი.“

იყო თუ არა ეს მიზეზი იმისთვის, რომ ახლა უკვე კანდიდატი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვდა? – ამ კითხვის პასუხად თამილა დოლიძემ აღნიშნა: „მე იმპიჩმენტის მომხრე არ ვიყავი, ჩვენ ვითხოვდით ხელფასების გაზრდას და პროცესების გაჯანსაღებას. მაგრამ ჩვენი გამოსვლით ისარგებლა მრჩეველთა საბჭომ, მათ შორის საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა გამოიყენა პირადად“.

თუკი გახდება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი, იარსებებს თუ არა იმის რისკი, რომ დეპუტატთან ახლობლობა ან ის, რომ მმართველი პარტიის კანდიდატია, ტელევიზიის მიუკერძოებლობას დააყენებს დარტყმის ქვეშ?  – თამილა დოლიძე ამბობს: „მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე და რა უნდა გავაკეთო. ამდენი ხანი ვხელმძღვანელობ საინფორმაციო სამსახურს და მოუსმინეთ, თუ არის ისეთი, რის გამოც შეიძლება ეს კითხვა დამისვათ“.

„ბათუმელების“ კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ უმაღლესმა საბჭომ არ მისცა ოპოზიციის წარმომადგენლებს მათთან ანუ კანდიდატებთან გასაუბრების საშუალება, თამილა დოლიძე ამბობს, რომ ის მზადაა ოპოზიციას ნებისმიერ დროს გაესაუბროს.

„მე თუ დამიძახებენ, მივალ და შევხვდები“, – ამბობს ის.

_________________

ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან.

ამავე თემაზე:

ბორდის წევრობის კანდიდატი, თამილა დოლიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნათესავია – ენმ

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: