მთავარი,სიახლეები

სოცმუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ

12.03.2019
სოცმუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ

სოციალური მუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ. მათი თქმით, „სისტემური ცვლილებებისთვის“ ერთი თვის წინ დაყენებული მოთხოვნებიდან ხელისუფლებამ არც ერთი შეასრულა და თვის ბოლოს გაფიცვის უფლებით ისარგებლებენ. გაფიცვის კონკრეტული პირობები ამ დროისთვის უცნობია.

„არანირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლისთვის. პირიქით, მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მიმდინარე ამბების ფონზე 12-მა სოცმუშაკმა თავისი სურვილით დატოვა სამსახური. მიიღეს ახალი, გამოუცდელი კადრები… არის ქაოსი და გაუგებრობა.

ჩვენ ვაძლევთ კიდევ ერთ კვირას სამინისტროს, თუმცა სკეპტიკურად ვუყურებთ ამ ერთ კვირასაც. გაფიცვას, სავარაუდოდ, 25 მარტიდან ვაპირებთ. ზუსტ თარიღს უახლოეს დღეებში დავაანონსებთ,“ – გვითხრა ქეთი ხუციშვილმა, სოციალური მუშაკების საინიციატივო ჯგუფის წევრმა. იგი ყოფილი სოციალური მუშაკია.

ქეთი ხუციშვილისა და ასევე სხვა სოცმუშაკების თქმით, მოთხოვნები უცვლელი რჩება და იგი, ძირითადად, სოცმუშაკების სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე, აუცილებელი სერვისების შექმნას უკავშირდება. სოცმუშაკები ამბობენ, რომ მათ ცარიელი ხელებით უწევთ მუშაობა მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებთან.

სოცმუშაკების გაფიცვას აღარ ელიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.

„შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელშიც ჩართული არიან სოცმუშაკები და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რაზეც იყო მოთხოვნა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,“ – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, სადაც ჩვენ ასევე ვიკითხეთ, სოცმუშაკების მოთხოვნებიდან კონკრეტულად რომელი შესრულდა. სამინისტროს პრესცენტრში განმარტებას დაგვპირდნენ, რაც ამ დრომდე არ მიგვიღია.

სოცმუშაკებმა თავდაპირველად წერილი დავით სერგეენკოს 9 თებერვალს გაუგზავნეს. „სისტემურ დონეზე არსებული ხარვეზები სერვისცენტრებში, არსებული მძიმე სამუშაო გარემო და ეფექტური მენეჯმენტის არარსებობა აუცილებლად მიგვიყვანს ახალ ტრაგედიებამდე,“ – აღნიშნავდნენ მაშინ სოციალური მუშაკები სერგეენკოსთვის გაგზავნილ წერილში.

17 თებერვალს სოციალურმა მუშაკებმა ინტერნეტპეტიცია გაავრცელეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციის ხელმომწერები ადასტურებდნენ, რომ სოცმუშაკების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და მათი სამუშაო გარემოც გაუმჯობესდეს. 18 თებერვლიდან მედიატორი ჩაერთო ამ პროცესში.

5 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სოციალური მუშაკების კითხვებს უპასუხა. „წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ დამანახა იმის საჭიროება, რომ ბევრი რამ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, მნიშვნელოვნად სწრაფად უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ პარლამენტში გამოსვლის დროს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: