აჭარის გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში „სოკარ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს.
ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 22 იანვარს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ლევან გურგენიძე შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბათუმისა და ხელვაჩაურის ფილიალში დასაქმებულ 200-მდე თანამშრომელს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოტივით გაიფიცნენ.
გაფიცული თანამშრომლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ რთული სამუშაო პირობები აქვთ, ანაზღაურება მაინც დაბალია და სადღაც 1000-1080 ლარს აღწევს. გაფიცულების თქმით, მათი შრომითი ანაზღაურება სულ ცოტა 1500 ლარი მაინც უნდა იყოს.
რა პირობებით შეწყვიტეს თანამშრომლებმა გაფიცვა? – ამ კითხვით მივმართეთ „სოკარის“ სათავო ოფისს, თუმცა, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ამის თაობაზე ისინი ინფორმაციას არ ფლობენ. „ჩვენთვის არავის მოუმართავს“ – გვითხრეს პრესსამსახურში.
„სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი დღეს, 24 იანვარს, სამსახურში გამოცხადდა.
„დაისახა გეგმა-სტრატეგია არსებული პრობლემების მოგვარებისათვის“ – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
რაც შეეხება „სოკარის“ პროფკავშირებს, როგორც გაფიცული თანამშრომლები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდნენ, არ იზიარებდა მათ მოთხოვნებს ხელფასების გაზრდის თაობაზე და აცხადებდა, რომ სემეკის დადგენილების გარეშე, მათ ხელფასების გაზრდა არ შეუძლიათ.
ამ თემაზე იხილეთ ვიდეო: