მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი, რომელიც სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

19.11.2018
ყოფილი პატიმარი, რომელიც სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

პროფესიით მხატვარ-დიზაინერია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 14 წელი ჰქონდა მისჯილი და საპატიმროში 7 წელი დაჰყო, პროფესია არ დავიწყებია. რამდენიმე წელია, რაც ხის საკუთარი სახელოსნო აქვს, დეკორატიულ ავეჯს, ნივთებს, ხატებს აკეთებს და სახელოსნოში მხოლოდ ყოფილ პატიმრებს ასაქმებს.

თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ყოფილ პატიმრებს ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება და რეალიზება. შესაბამისად, სურს ყველაზე მეტად მათ დაეხმაროს. ასეთია ყოფილი პატიმრის, 46 წლის გიორგი ლომსიანიძის ისტორია.

ის გვიყვება, როგორ არ დაივიწყა საქმე პატიმრობისას, როგორ შექმნა ადმინისტრაციასთან შეთანხმებით სახელოსნო ციხეში, მასალა მოიმარაგა და ხეზე დეკორატიული დეტალების კვეთა ასწავლა სხვებსაც. მერე ციხეში ორმოცდაათი ექსპონატისგან შემდგარი გამოფენაც მოაწყო.

ამბობს, რომ ხეზე კვეთა 1 ან 2 თვეშიც შეიძლება ისწავლოს მსურველმა. მას შემდეგ, რაც 2016 წელს გათავისუფლდა, ციხეში მისმა შეგირდებმა სახელოსნოში მუშაობა ისევ გააგრძელეს.

გიორგი 2009-2016 წლებში იხდიდა სასჯელს. იხსენებს, რომ გეგმიური ჩხრეკისას 2012 წლამდე ყველა ნამუშევარს უნადგურებდნენ ზედამხედველები – ნახატებს, წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს. „დასტაცებდნენ ხელს და გვიყრიდნენ“, – ამბობს გიორგი.

2016 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა, ამნისტიაც შეეხო და გათავისუფლდა.

ახლა ხის სახელოსნო მშობლიურ ქალაქ ქუთაისში აქვს. ამბობს, რომ მზადაა ყველა დაინტერესებულ ყოფილ პატიმარს შეასწავლოს ხეზე კვეთა.

„როცა დახმარება მჭირდება და დამატებითი საქმე მაქვს, ყოფილ პატიმრებს ვასაქმებ და მათ ვუხდი ხელფასს, მცირედს, მაგრამ მაინც. ვფიქრობ, ჩვენი ადამიანური მოვალეობა ამქვეყნად ერთმანეთის დახმარებაა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ასეც უნდა იყოს“, – გვეუბნება ყოფილი პატიმარი.

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში გიორგი ლომსიანიძეს და მის მეგობარს, რომელიც, ასევე, ყოფილი პატიმარია და გიორგის სახელოსნოში მუშაობს, ხელსაწყოების შეძენა დაუფინანსა. მანამდე კი, ყოფილმა პატიმრებმა ბიზნესპროექტის წერის ტრენინგი გაიარეს.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში. პროგრამა მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას 
    • იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

 

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: