თორნიკე თავაძის ფოტო

დასაშვებზე 1.4-ით უფრო მტვრიანი ბათუმი

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია. ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მტვრიანი ქალაქი ქუთაისია. მტვერი დასაშვებ ნორმას აღემატება ბათუმშიც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალია, ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებშია. სადამკვირვებლო ჯიხურების მაისის მონაცემებით, ჰაერში მტვრის კონცენტრაცია ზღვარზე დაახლოებით 2-ჯერ მაღალია თბილისში, რუსთავში – 2.5-ჯერ, ზეტსაფონში – 1.2-ჯერ, ქუთაისში – 3,0-ჯერ.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში, ძირითადად სადამკვირვებლო ჯიხურების მეშვეობით ხდება. ასეთ ჯიხურებში დღის განმავლობაში ჰაერი სამჯერ იზომება.

თბილისში, ჭიათურასა და უკვე ბათუმშიც [ქათამაძის ქუჩაზე] ავტომატური სადგურები არსებობს, სადაც ჰაერის ხარისხზე მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა ბათუმში ავტომატური სადგური ისევ სატესტო რეჟიმშია და მისი მონაცემები ჯერ არ ქვეყნდება. ბათუმში ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება წარმოებს აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სადამკვირვებლო ჯიხურის საშუალებით, სადაც ისაზღვრება შემდეგი მავნე ინგრედიენტები: მტვერი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, აზოტის დიოქსიდი და ტყვია.

ჰაერის ხარისხის სადამკვირებლო პუნქტი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #1

სადამკვირვებლო ჯიხურების მონაცემები ეროვნული სტანდარტებით იზომება, რომლებიც UNECE-ს ანგარიშის თანახმად, კვლავ კონცენტრაციის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებზეა დაფუძნებული და არ შეიძლება პირდაპირ იყოს შედარებული ჯანმოსა თუ გაეროს მიერ გამოყენებულ სტანდარტებზე.

როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ბათუმში გამართულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე განაცხადა, ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშენებლობებია, კერძოდ კი ის, რომ მშენებლობები არ არის შემოსაზღვრული სპეციალური დამცავი ბადეებით.

„ხშირად ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დაკავშირებულია მშენებლობებთან. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს განსახორციელებლი მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებით… ინტენსიური მშენებლობებია როგორც თბილისში, ისე ბათუმში“, – აღნიშნა მინისტრმა კონფერენციაზე.

გარემოს დაცვის სამმართველოს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ჰაერში მტვრის შესამცირებლად ქალაქი სველი წესით უნდა იწმინდებოდეს, რაც დღეს არ კეთდება.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გვითხრეს, 2016 წელს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 614 ფაქტი გამოვლინდა, გასულ წელს კი – 1066. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, სტატისტიკის შედგენისას, მონაცემები მათ დიფერენცირებულად არ გადმოაქვთ – ანუ ამ მონაცემებში ჰაერის დაბინძურებისთვის დაჯარიმებული შეიძლება იყოს როგორც სამშენებლო კომპანია, რომელიც დამცავ ბადეს არ აფარებს მშენებლობაზე, ისე ბლოკის დამამზადებელი ქარხანა, რომელიც მავნე ნივთიერებებს აფრქვევს ჰაერში.

თამარ მაღლაკელიძის თქმით, ყოველ კვარტალში ერთხელ ამ ქალაქებში ორკვირიანი ხანგრძლივობის ინდიკატორული გაზომვებიც ტარდება, რომლებიც ევროსტანდარტით ითვლება და მასში დაბინძურების მიხედვით, ოთხ გრადაციას გამოყოფენ: დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. „სპეციალური ინდიკატორული მილაკები იკიდება ქალაქის განსაზღვრულ წერტილებში. ისაზღვრება შემდეგი ინგრედიენტები: აზოტისა და გოგირდის დიოქსიდი, ოზონი და ბენზოლი. ორი კვირის შემდეგ ხსნიან ამ მილაკებს, აგზავნიან ინგლისში აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც კეთდება ანალიზი და გვიგზავნიან პასუხებს“, – ამბობს ის.
ბოლო ასეთი გაზომვები მაისში ჩატარდა. ბათუმში ინდიკატორული მილაკები – ტერმინალთან, რუსთაველის ქუჩაზე – თეატრთან, ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სუფსა-ხელვაჩაურის გზაგამყოფზე და ხიმშიაშვილი-კობალაძის კვეთაში ბულვართან იყო განთავსებული, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბულვართან ჩამოკიდებული ინდიკატორული მილაკი ვიღაცამ მოიპარა, ამიტომ ინგლისში ერთით ნაკლები სინჯი გაიგზავნა. ამ გაზომვების მიხედვით ბათუმში ოთხივე ადგილზე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია არის საშუალო დონეზე, ხოლო დანარჩენი ინგრედიენტების კონცენტრაციები დაბალია.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა ამბობს, რომ რეალური სურათის მისაღებად ეს გასინჯვები არ არის საკმარისი:

„ჰაერის ხარისხს, ფაქტობრივად, არ აკონტროლებენ, მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა დაყენებული დანადგარები, ისიც ზოგჯერ მუშაობს, ზოგჯერ – არა. საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გამართული სისტემა არ არსებობს“, – ამბობს ის. მისივე განმარტებით, გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების დინამიკა ორი ძირითადი ფაქტორის გამო იზრდება: „გარდა იმისა, რომ იზრდება მოძრაობის ინტენსივობა, პატარა ქალაქებშიც კი მატულობს საცობები. გარდა ამისა, ძველი ტრანსპორტი კიდევ უფრო ძველდება, ძველი ავტომობილების შემოყვანაც უფრო იაფი ჯდება, არც ტექნიკური შემოწმება უტარდება ამ ავტომობილებს. მეორე ძირითადი ფაქტორი კი საწვავის ცუდი ხარისხია“.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, შესაბამისი რეგულაციების გარეშე და უსაფრთხოებაზე, გზაზე ვარგისობასა და გამონაბოლქვის შესახებ სავალდებულო ტესტის გარეშე, შეუძლებელი იქნება ყველაზე დამაბინძურებელი სატრანსპორტოს საშუალებების აკრძალვა გზებიდან. საქართველომ 2004 წელს თქვა უარი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იქამდე სავალდებულო, ყოველწლიურ შემოწმებაზე. მთავრობამ მხოლოდ 2015 წელს გადაწყვიტა მისი ხელახლა ამოქმედება, თუმცა პროცესისადმი საზოგადოების მოუმზადებლობის გამო ხელისუფლებამ სავალდებულო ტექშემოწმება კიდევ ორი წლით გადაავადა.  რაც შეეხება საწვავის ხარისხს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩატარებულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე დაადასტურა, ბენზინის ხარისხისთვის დადგენილი ნორმები ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი – 2017 წლიდან გახდება.

გელა კვაშილავა ამბობს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიაფდა ჰაერის ხარისხის საზომი თანამედროვე დანადგარები, რომელთა შეძენაც საქართველოში ჰაერის ხარისხის ზუსტ სურათს აჩვენებს და პრობლემებზე დროულად რეაგირების საშუალებასაც მისცემს სპეციალისტებს.  “უკვე შემოვიდა სენსორები [Air Quality Egg], რომლებიც კიდევ უფრო დახვეწილია, ვიდრე აქამდე, ჩვენი პროექტის ფარგლებში შემოტანილი სენსორები. ეს სენსორები 24 საათის განმავლობაში ზომავს ჰაერში სხვადასხვა ინგრედიენტის კონცენტრაციას და ონლაინრეჟიმში ასახავს სპეციალურ რუკაზე ზუსტ მონაცმებს. ასეთი 20-25 რომ დაამონტაჟონ თითოეულ ქალაქში, მივიღებთ მთლიან სურათს ქვეყანაში – კონკრეტულად რა ტიპის დაბინძურებასთან გავქვს საქმე ამა თუ იმ ადგილზე”, – ამბობს გელა კვაშილავა. მისივე თქმით, არსებული სადგურები მხოლოდ რამდენიმე კომპონენტს ზომავენ, ეს დანადგარები კი გაცილებით უფრო მეტი კვლევის საშუალებას იძლევა.

„ჰაერის ცუდი ხარისხი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ევროპულ რეგიონში,“ – წერია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბოლო ანგარიშში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [ჯანმო] მონაცემებით, ყოველწლიურად მილიონი ადამიანის გარდაცვალება დაბინძურებულ ჰაერს უკავშირდება.

ჯანმოს მონაცემებით, 2010 წელს დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობის, ეკონომიკური ზიანის ღირებულებამ საქართველოში 9 127 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 35.2 პროცენტი იყო. ამავე პერიოდში ჰაერის დაბინძურება და მასთან დაკავშირებული გარდაცვალებების შემთხვევები თანხობრივად ყველაზე ძვირი რუსეთს დაუჯდა, კერძოდ, 285 467 მილიონი აშშ დოლარი, რამაც მათი მშპ-ს 9.8% შეადგინა. მართალია, ჯანმოს ევროპის რეგიონის 50 ქვეყანას შორის, უშუალოდ თანხის მონაკვეთში, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ამ თანხის მშპ-სთან მიმართებაში, ანუ გამოდის, რომ ევროპის რეგიონში საქართველოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები ყველაზე ძვირად დაუჯდა.

ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან