უცნობი ყადირ შერვაშიძე

სულხან სალაძე

დღეს 2016 წლის 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ვინმეს რომ ვკითხო, 1897 წლის 24 აგვისტოს შესახებ რამე ხომ არ ახსენდება, ალბათ პასუხი იქნება – არა. არადა, 1897 წლის 24 აგვისტოს აჭარაში სტუმრად მყოფმა თედო სახოკიამ ქედიდან ბათუმისაკენ აიღო გეზი.

ბათუმისკენ ცხენით მიმავალ ეთნოგრაფს ოთხი თანამგზავრი ახლდა თან. ორი თუფან ბეგის შვილი იყო, ორიც ბეგის ნათესავი. ოთხივე ყმაწვილი, რომლებიც შესანიშნავი ქართულით საუბრობდნენ, ბათუმში ახალგახსნილ გიმნაზიაში უნდა მიებარებინათ. თუფან ბეგის ორი შვილიდან ერთი ათი წლის ყადირ შერვაშიძე იყო. ის ყადირ შერვაშიძე, რომელმაც ამ ამბიდან 21 წლის შემდეგ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს მოაწერა ხელი. თუმცა, ყადირ შერვაშიძის შესახებ ბევრმა მაინც არაფერი იცის.

და ვინ იყო ყადირ შერვაშიძე? მშობლებზე თუ ვიტყვით, მამა თუფან ბეგი, ქვემო აჭარის მმართველი იყო, დედა – ავალიანის ქალი. თავად 1887 წლის ივნისის ბოლოს წინა დღეს დაიბადა. განათლება ჯერ ოჯახში მიიღო. 1897-1899 წლებში ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მოსამზადებელ განყოფილებაში მიაბარეს. ამის შემდეგ 1905 წლამდე ბათუმის გიმნაზიაში სწავლობდა. მერე უკვე თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1909 წელს დაამთავრა და ჯერი სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებაზე მიდგა. იმავე წელს ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში გადაწყვიტა სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება. მატარებლით დაადგა ტარტუს გზას. მატარებლით მოგზაურობისას გაიცნო ნადეჟდა (ცუცა) ბახტაძე, ვისზეც 1914 წლის ოქტომბერში ტალინის რეველის კათოლიკურ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი. ჯვრისწერა კი უცნაური იყო, მუსლიმანი ქართველი, მართლმადიდებელ ქართველზე ქორწინდებოდა და ჯვარს კათოლიკურ ეკლესიაში იწერდა. ამავე დროს ორივე თავის რელიგიაზე რჩებოდა.

ყადირ შერვაშიძე

ყადირ შერვაშიძე

ქორწინებიდან მალე ბობოქარი და ფათერაკებით სავსე ცხოვრების დრო დგება. ამასობაში პირველი მსოფლიო ომიც ხურდება და ახალგაზრდა ექიმი, პრაქტიკულად, უნივერსიტეტიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე მიდის. ძირითადად ართვინი-ერზერუმი-ყარსი-კაგიზმანის მონაკვეთზე. მერე პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და 1916 წლის ბოლოს ბათუმში ბრუნდება, სადაც „ავადმყოფ და დაჭრილ მებრძოლთა დახმარების სრულიად რუსეთის ერობის კავშირის“ რწმუნებულად იწყებს მუშაობას. პარალელურად „წითელი ჯვრის“ საქმიანობაში მონაწილეობს და ქედაში არსებული ორსართულიანი სახლის იმ ნაწილს, რომელიც მას ეკუთვნის, უსასყიდლოდ უთმობს საავადმყოფოს.

1917 წლიდან სხვა ცხოვრება იწყება, ჯერ იყო და თებერვალში, ბათუმში, „აზიზიეს“ მეჩეთში შეკრებილ იმ ადამიანთა შორის ჩნდება, რომლებმაც „ქართველ მუსლიმანთა კომიტეტი“ დააარსეს. კომიტეტის წევრის სტატუსით ბევრს შრომობს საიმისოდ, რომ ბათუმი და მთლიანად აჭარა იქ იყოს, სადაც დანარჩენი საქართველო. იმავე წლის ნოემბერში, საქართველოს ეროვნული საბჭოს ყრილობის დელეგატად ირჩევენ აჭარიდან. ერთი შეხედვით, აჭარასაც ისევე უნდა ეზეიმა მოახლოებული საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც სრულიად საქართველოს. თუმცა, 1918 წლის აპრილის დასაწყისში ბათუმი ოსმალეთმა დაიკავა. ამას „ქართველ მუსლიმანთა კომიტეტის“ ნაწილის დაპატიმრება და ტრაპიზონის ციხეში გამოკეტვა მოჰყვა. შედეგად, ყადირ შერვაშიძე ქემალ ნოღაიდელის, სულეიმან დიასამიძის, ჰაიდარ აბაშიძისა და ხასან თხილაიშვილის ერთად თბილისში გადადის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 11 დღით ადრე „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ თანადამფუძნებელი ხდება. კომიტეტი ყადირს ახალციხეს აბარებს და ამით მისი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი იწყება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ყადირს საგანგებო რწმუნებულის სტატუსს ანიჭებს ახალციხის, ზემო აჭარისა და ფოცხოვის უბანში. თუმცა ეს არ იყო ყველაფერი. ყადირის უშუალო მონდომებითა და მეცადინეობით სამუსლიმანო საქართველოს კომიტეტი ქედაში, ჭვანაში, დიდაჭარაში, ხიხაძირსა და ხულოში ერთმანეთის მიყოლებით ხსნის განყოფილებებს, რომლებსაც საბოლოოდ აჭარა საქართველოს შემადგენლობაში უნდა დაეტოვებინა.

სულ სხვა ამბავია მისი მოწოდება მუსლიმანი ქართველებისადმი და ბერლინში გამგზავრების ისტორია. დიდწილად სწორედ ბერლინში უნდა გადაწყვეტილიყო აჭარის საქართველოში შემადგენლობაში დარჩენა- არდარჩენის საკითხი. არადა, ამ დროს ოსმალეთი უკვე ბათუმში იდგა და მოჩვენებითი რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით საკითხსაც გადაწყვეტილად მიიჩნევდა. ათასი ხიფათისა და დაბრკოლების მიუხედავად, სამუსლიმანო საქართველოს კომიტეტის მიერ, 1918 წლის ზაფხულის ბოლო თვეს, ბერლინში ზია აბაშიძესთან ერთად ჩადის. მათი ძალისხმევითა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა მონდომების შედეგად, ოსმალეთს ბათუმიდან წასვლა მოუწია. ბერლინში ყადირის მიერ გაწეული ძალისხმევა იმდენად დიდი იყო, რომ იქვე, ბერლინში, ქართული ლეგიონის სამახსოვრო ორდენით დააჯილდოეს.

ბერლინი,1918 წელი. ფოტო: თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი. გურამ შარაძის კერძო კოლექცია. ყადირ შერვაშიძე - მარცხნიდან მეხუთე.

ბერლინი,1918 წელი. ფოტო: თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი. გურამ შარაძის კერძო კოლექცია. ყადირ შერვაშიძე – მარცხნიდან მეხუთე.

1919 წლის აპრილში, როცა არავინ არაფერს ელოდა და ისიც მორიგ სხდომაზე დასასწრებად ქუთაისის გავლით თბილისში უნდა გამგზავრებულიყო, ქუთაისში ჩასულმა თავი ცუდად იგრძნო. თბილისში მაინც ჩავიდა. მერე მდგომარეობა უფრო გართულდა და დამძიმდა, მაგრამ ავადმყოფობის მიზეზი ვერავინ გაიგო. 1919 წლის 8 მაისს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზის დაუდგენლობის მიუხედავად ზოგიერთ თანამებრძოლს მიაჩნდა, რომ ყადირ შერვაშიძე მოწამლეს.

ყადირის გარდაცვალებიდან მეორე დღეს დამფუძნებელმა კრებამ ფეხზე ადგომით მიაგო პატივი მათივე წევრის – ყადირ შერვაშიძის ხსოვნას. ოფიციალური ცნობა გამოაქვეყნა მთავრობამაც. სტატიები დაიბეჭდა „ერთობასა“ და „სახალხო გაზეთში“.

1919 წლის 10 მაისს, საღამოს ხუთ საათზე, თბილისში, სუდებნის (ზუბალაშვილის) ქუჩის #16-ში შეკრებილმა ზღვა ხალხმა ყადირ შერვაშიძე აჭარისაკენ გამოაცილა. ბათუმში, აზიზიეს მოედანი ხალხით გადაჭედილი დახვდა. მერე ქედაში წაასვენეს და მისივე სახლის გვერდით დაკრძალეს.

ბოლოსკენ ყველაზე მთავარი. მთავარი, რომელიც დღევანდელ დღეს და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს უკავშირდება. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1918 წლის 26 მაისს – საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დაადასტურა. დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სიის მესამე რიგში, ზემოდან ქვემოთ, მეექვსე ხელმოწერა ყადირ შერვაშიძეს ეკუთვნის. იმ ყადირ შერვაშიძეს, რომელმაც სხვა ყველაფერთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერა ხელი და რომლის დაუღალავი ბრძოლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.

aqti

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


სულხან სალაძე