კვირის ამბები

რა რეკომენდაციებს აძლევს დემოკრატიის ინსტიტუტი კომუნალური სერვისის მომწოდებელ კომპანიებს

02.07.2014 • 1987
რა რეკომენდაციებს აძლევს დემოკრატიის ინსტიტუტი კომუნალური სერვისის მომწოდებელ კომპანიებს

«დემოკრატიის ინსტიტუტის» ფასილიტაციით საქართველოს რვა ქალაქში (ზუგდიდი, ქუთაისი, ლანჩხუთი, გორი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქობულეთი და დაბა ხელვაჩაური),  23-26 ივნისის ჩათვლით კომუნალური სერვისის მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამუშაო შეხვედრები გაიმართა. სამუშაო შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებელი კომპანიების მომსახურების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის არსებული პრაქტიკა, გამოვლენილი პრობლემები და რეკომენდაციები. შეხვედრები გაიმართა კოალიციური პროექტის «კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია» ფარგლებში, რომელსაც 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს: «სამოქალაქო განვითარების სააგენტო» (სიდა); „გორის საინფორმაციო ცენტრი»; «კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო»; «დემოკრატ მესხთა კავშირი»; «საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» ქუთაისის ფილიალი; «ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი»; «ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრის» მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი; «ათინათი»; «დემოკრატიის ინსტიტუტი».

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე საქართველოს 9 რეგიონის 10 ქალაქში (ზუგდიდი, ქუთაისი, ლანჩხუთი, გორი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქობულეთი და დაბა ხელვაჩაური) მიზნობრივი კვლევა ჩატარდა, რამაც თითოეულ რეგიონში კომუნალური მომსახურების (წყალი, შუქი, გაზი) სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზები გამოავლინა. ასევე კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის სტანდარტები, რასაც სხვადასხვა სერვისის მომწოდებელი კომპანიები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით იყენებენ. მომდევნო ეტაპზე შემუშავდა რეკომენდაციები თითოეული რეგიონის მიხედვით, რაც წარმოდგენილი იყო აღნიშნულ შეხვედრებზე. რეკომენდაციები ძირითადად შეეხებოდა «ენერგო-პრო ჯორჯიას», «სოკარ ჯორჯია გაზსა» და «გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას». შეხვედრა ყველა რეგიონში სამუშაო და დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. მოწვეული სტუმრები, მათ შორის, ადგილობრივი კომუნალური სერვისის მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად, გამოვლენილი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად მუშაობდნენ.

ლანჩხუთში კვლევა მოიცავდა სამ მომწოდებელ კომპანიას: «საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას», «ენერგო-პრო ჯორჯიასა» და «სოკარ ჯორჯია გაზს». სამივე მათგანის შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სხვადასხვა სახის პრობლემები არსებობს, კერძოდ როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციის მხრივ, ასევე ინფორმირებულობის საკითხში. მაგალითისთვის, არ არის გამართული ცხელი ხაზის მომსახურება, მისი საშუალებით მომხმარებლებს მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მიღება შეუძლია, ასევე ზოგადია კომპანიების ვებგვერდი. რეკომენდაციის მიხედვით უნდა გაუმჯობესდეს კომპანიებს ვებგვერდი, ასევე მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, არსებობდეს ელექტრონული სისტემა (კომპანიების ვებგვერდთან ადაპტირებული), რომლითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, გაასაჩივროს კომპანიის მუშაობა, მისი წარმომადგენლის ქმედება და მიიღოს შესაბამისი პასუხი ან კონსულტაცია. სასურველია, ამოქმედდეს ონლაინკონსულტაციის მექანიზმი, რომლითაც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება (გაცვლა).

ქუთაისში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ვითარება თითქმის მეზობელი რეგიონის მსგავსია. ქუთაისში განხორციელებული კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ აქაც მომხმარებელთა ინფორმირებულობის დაბალი დონეა. პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა ადგილობრივ კომპანიებს მიმართეს რეკომენდაციით, რათა გააქტიურებულიყო ცხელი ხაზის საკითხი. ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს მრიცხველების კარადაზე, მითითებული უნდა იყოს პასუხისმგებელი (საკონტაქტო) პირის მობილური ტელეფონის ნომრები. რეკომენდაციები შეეხო როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლისა და გაზის მომწოდებელ კომპანიებს.

საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა ზუგდიდში, წყალმომარაგების მიმართულებით. კვლევამ აჩვენა, რომ ზუგდიდში არ არსებობს ერთიანი წყალმომარაგების სისტემა. მოსახლეობა, რომელიც კერძო სახლებში ცხოვრობს, სარგებლობს საკუთარი ინდივიდუალური ჭით, ხოლო კორპუსები _ ჭაბურღილებით. ჭაბურღილები კომპანიის ბალანსზეა და წყლის შემოწმება ხდება თვეში სამჯერ, ხოლო ჭის წყალი საერთოდ არ მოწმდება. გადასახადები დადგენილია სულადობის მიხედვით. ჭის წყლის სასმელად ვარგისიანობის შემოწმება შესაძლებელია ქუთაისში, მაგრამ მოსახლეობას ამის საშუალება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეკომენდაციით მიმართეს კომპანიას, რათა ქალაქის ერთიანი წყალმომარაგების სისტემით წყლით მომარაგების საკითხის მოგვარებამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ და კომპანიამ განახორციელონ პროექტები, რომელთა მიზანი იქნება ქალაქში დღეს არსებული სასმელი წყლის რესურსების ვარგისიანობის, განსაკუთრებით ჭის წყლის (ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გავლენა) დადგენა არანაკლებ თვეში ერთხელ მაინც; წყლის ვარგისიანობის შეფასების კვლევა უნდა დააფინანსოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ.

წყალმომარაგებით უკმაყოფილო არიან გორის მცხოვრებლები. კვლევამ აჩვენა, რომ გორში მოუწესრიგებელია ოჯახებში სულადობის აღრიცხვის სისტემა, სარგებლობენ ძველი მონაცემებით, რაც ხშირად მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, მათ ოჯახებში ზედმეტი პირების არსებობის გამო ეზრდებათ გადასახადი. რთულია აბონენტის მხრიდან განცხადების საფუძველზე ჩასწორების გაკეთება მათი ოჯახის ზუსტი სულადობის შესახებ. გამოიკვეთა ასევე სხვადასხვა პრობლემები: წყლის დაბალი წნევა; ზოგიერთ უბანში დღემდე გრაფიკით წყლის მიწოდება; მაღალი ტარიფები. აღნიშნულ შემთხვევაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივ კომპანიებს სიტუაციის გამოსასწორებლად რეკომენდაციით მიმართეს.

წყალმომარაგების საკითხები იყო მთავარი პრობლემა მცხეთაშიც, სადაც ადგილზე (მცხეთაში) არ არსებობს «საავარიო-ტექნიკური ჯგუფი». საჭიროების შემთხვევაში ქ. თბილისიდან ხდება სპეციალისტების ჩამოყვანა, რის გამოც ვერ ხდება პრობლემების დროული აღმოფხვრა. «მცხეთის წყალში» მომსახურე პერსონალის ნაკლებობაა, რის მიზეზადაც მოსახლეობის მიერ წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს (ფინანსური კრიზისი). ორგანიზაციებმა მიმართეს „მცხეთის წყალს», რათა საავარიო-ტექნიკური ჯგუფის ადგილზე არსებობა უზრუნველეყოთ. მცხეთაში წყლის მიწოდების სერვისის გაუმჯობესების პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი).

მცხეთის მსგავსი პრობლემებია რუსთავში (მცხეთასა და რუსთავს ერთი და იგივე კომპანია ემსახურება). ასევე გამოიკვეთა ცხელი ხაზის არაეფექტურობა და მომხმარებელთა დაბალი ინფორმირებულობის დონე. მთავარ პრობლემად დასახელდა მოუწესრიგებელი წყალმომარაგების სისტემა, ზამთარში, ყინვის დროს, უწყლობა და წყლის ხარისხი.

თელავში ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების კომპანიები სხვა დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავდება. თელავს ელექტროენერგიით „კახეთის ენერგოდისტრიბუცია» ამარაგებს. აქაც ცხელი ხაზის მუშაობის პრობლემაა, თანაც ელექტროენერგიის მიწოდება ამინდის გაუარესებასთან ერთად წყდება. საერთოდ უმოქმედოა ვებგვერდი, თუმცა, როგორც შეხვედრაზე მოსულმა წარმომადგენელმა განაცხადა, არსებულ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებენ. მათივე განმარტებით ადგილი აქვს ელექტროენერგიის დიდ დანაკარგს (სავარაუდოდ ხშირია ელექტროენერგიის უკანონოდ დატაცების ფაქტები), შესაბამისად მოსაწესრიგებელია ელექტრომომარაგების ქსელი და დასასრულებელია გამრიცხველიანების პროცესი. რაც შეეხება გაზმომარაგებას, თელავს გაზით კომპანია «ვისოლი» უზრუნველყოფს, თუმცა მოსახლეობა ტარიფის სიძვირეზე საუბრობს. ასევე, ხელშეკრულების არ გაფორმებასა და გაზის დაბალ ხარისხზე მიუთითებენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გაუწიეს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ახალციხეში. კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ წყალმომარაგების მხრივ ახალციხეში ცუდი მდგომარეობაა, კერძოდ არ ხდება წყლის სტაბილური მიწოდება, არ არსებობს გრაფიკი წყლის მიწოდებისა, ხოლო თავად წყლის ხარისხი არის ცუდი, ქალაქში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა კი – ამორტიზირებული.

რაც შეეხება ქობულეთსა და ხელვაჩაურს, აქ გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტები ბათუმის მსგავსია, განსხვავებულია მხოლოდ წყალმომარაგების კუთხით გამოვლენილი ხარვეზები. ქობულეთში წყალმომარაგების კუთხით გამოვლინდა სტანდარტული პრობლემები და ხარვეზები, ხოლო ხელვაჩაურში საერთოდ არ არსებობს წყალმომარაგების ერთიანი სისტემა და აქ პრობლემები გაცილებით მეტია, ვიდრე ქობულეთში. ქობულეთსა და ხელვაჩაურში წყალმომარაგების სფეროში არსებულ ვითარებაზე «დემოკრატიის ინსტიტუტი» უახლოეს დღეებში ქ. ბათუმში სამუშაო შეხვედრისა და დისკუსიის მოწყობას გეგმავს.

 

პროექტი ხორციელდება «დემოკრატიის ინსტიტუტის» მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების» ფარგლებში.

პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

პროექტი მხარდაჭერილია «სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის» მიერ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: