სპორტი

ამირან მუჯირი ფეხბურთში რჩება

13.09.2015 • 2284
ამირან მუჯირი ფეხბურთში რჩება

 

 

ამირან მუჯირის გაცილება
ამირან მუჯირის გაცილება

ამირან, თქვენ დიდი ხანია თამაშობთ ფეხბურთს. ამ სეზონზე რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?

დასრულდა ჩემი კარიერა ფეხბურთში. ეს ყველაფერი მოხდა შეგნებულად, ყველასთან შეთანხმებით. ყველა ფეხბურთელი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს ფეხბურთი. ისე მიყვარდა ფეხბურთი, მეგონა სულ ვითამაშებდი, მაგრამ როდესღაც ხომ უნდა დამდგარიყო წასვლის დრო. რას იზამ, თაობები იცვლება, კარიერა მთავრდება და ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაში დგება ასეთი მომენტი, სამწუხაროდ.

 

როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას ხომ არ უკავშირდება წასვლა ფეხბურთიდან?

არა, პირიქით, ყველაფერი რიგზეა. შეიძლებოდა კიდევ მეთამაშა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარიერის დასრულება არ მიგრძვნია იმიტომ, რომ მაინც მინდორზე დავრჩი _ მწვრთნელის რანგში, დამხმარე მწვრთნელი ვარ. ახლა უკვე გარედან ვადევნებ თვალს ფეხბურთს. ვარჯიშზე მწვრთნელებთან ერთად ვარ და ვიღებ გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ჯერ ლიცენზიები უნდა მივიღო, მწვრთნელი ოფიციალურად რომ დამერქვას. პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, რა იქნება მომავალში. ფეხბურთს ვერ ველევი და ვნახოთ, მწვრთნელობაში რა გამოვა. მინდა წარმატებას მივაღწიო.

 

როდის აპირებთ მწვრთნელობის ლიცენზიის აღებას?

ახლო მომავალში. შემდეგ კვალიფიკაციასაც ავიმაღლებ. სანამ მთავარ მწვრთნელობას მივაღწევ, მანამდე ბევრი საფეხურია გასავლელი.

 

როგორია თქვენი ხედვა ფეხბურთში?

ჯერჯერობით, როგორც ფეხბურთიდან ახალწასული, სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა ბევრი მეუბნება, რომ, როცა სწავლას დავიწყებ, აზრი შემეცვლება. ფეხბურთელი რომ ხარ, გგონია ბევრი რამე იცი, მაგრამ მწვრთნელობა სულ სხვაა – ნერვიულობასთანაა დაკავშირებული და იღბალთანაც.

 

თქვენთვის ქართულ ფეხბურთში რომელი მწვრთნელის გამოცდილება იქნება გასაზიარებელი?

ბედნიერი ვარ, ჩემს მწვრთნელთან რომ ვმუშაობ, იმასთან, ვისთანაც დავიწყე თამაში, შოთა ჭეიშვილთან. არაჩვეულებრივი ადამიანი და კარგი მწვრთნელია. მის შესახებ ბევრი შეიძლება ილაპარაკო. „დინამომ“ წინა სეზონი არაჩვეულებრივად ჩაატარა, თითქმის არაფრისგან მეორე ადგილიც დაიკავა უმაღლეს ლიგაში და უეფაზეც ითამაშა. იმედია, წელსაც ასე იქნება, აქვს ჩვენს გუნდს ამის შანსი.

 

თქვენს მრავალწლიან კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რომელი იყო?

ყველა თამაში განსხვავებულია. ფეხბურთელისთვის მთავარია მინდორზე გასვლა. რა თქმა უნდა, უეფაზე თამაში განსაკუთრებულია. იმისთვის იბრძვის ყველა გუნდი, რომ ევროტურნირების საგზური მოიპოვოს, ევროპაზე ითამაშოს, რათა აჩვენოს თავისი სახე და თავისი ქვეყანა.

 

თუ არის მომენტი, რომელსაც ნანობთ?

ისე გაფრინდა წლები… უბრალოდ, გული მტკივა უფრო დიდი ყურადღება უნდა დამეთმო ფეხბურთისთვის… პატარა გულისტკივილი მაქვს, კარიერა იქ რომ დამემთავრებინა, საიდანაც ჩემი პირველი თამაში დავიწყე, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, „დინამოს“ სტადიონს ვგულისხმობ, რომელიც გუნდს საერთოდ აღარ აქვს.

 

ფეხბურთის სამყაროში თქვენ გიცნობენ სახელით „მუმუ“. რატომ გეძახიან „მუმუს“?

„დინამოში“ რომ მივედი, ამირანს მეძახდნენ. მერე შემარქვეს „მუმუ“. ბათუმის „დინამოში“ ადრე დავით მუჯირი თამაშობდა. მას ეძახდნენ ასე. გვარად მეც მუჯირი ვარ და მაგის გამო ვეტერანმა ფეხბურთელებმა დამარქვეს „მუმუ“.

 

ფეხბურთელებისადმი თქვენი მთავარი რჩევა რა იქნება?

არაფერი არ უნდა მიაკლო ფეხბურთს, მისთვის ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. რა თქმა უნდა, ოჯახზე არ მაქვს საუბარი, პირველ რიგში, ოჯახია მთავარი და მერე ფეხბურთი, რისთვისაც ყველაფერი უნდა გააკეთო. ჩემი აზრით, ამაზე ლამაზი თამაში დედამიწაზე არ არის. გარდა ამისა, დღეს თუ გამოაჩენ შენს ნიჭს, სადაც გინდა – ევროპისკენ გზები გახსნილია.

 

P.შ. ამირან მუჯირი ცხოვრობს ბათუმში. ჰყავს მეუღლე, თამილა ცენტერაძე და სამი შვილი – 16 წლის ანა, ორი წლის ტყუპები – დათა და გიორგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: