საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია

„უსაფუძვლოა“, „არაა საკმარისი მტკიცებულებები“ – ეს ფრაზები ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე თქვა. საოლქო კომისიამ დღეს, 23 ოქტომბერს, საარჩევნო დარღვევებზე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები განიხილა. ოლქს არ მოუწვევია რომელიმე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ან წევრი, რომ დადგენილიყო, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას საჩივარში აღწერილი დარღვევა. კომისიას კითხვები არავისთვის დაუსვამს.

უსაფუძვლობის მოტივით საოლქო კომისიამ, მაგალითად, არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი ბათუმის 29-ე უბანზე. ორგანიზაციის მონაცემებით, ერთ-ერთი რეგისტრატორი საარჩევნო ბიულეტენებს ნომრავდა და მან დაახლოებით 40 ბიულეტენი დანომრა, ვიდრე დამკვირვებელმა ეს დააფიქსირა. დამკვირვებელმა ხმების დათვლის დროს დანომრილი ბიულეტენების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა საუბნო კომისიამ ეს პოზიცია არ გაიზიარა.

ბიულეტენების ბათილად ცნობაზე უარი თქვა საოლქო კომისიამაც.  „ბიულეტენის ბათილად ცნობის საფუძველი არის სულ სხვა და არა დანომრვა. ეს არის, როცა ერთ კონვერტში არის ორი ერთნაირი ბიულეტენი, ან როცა უკონვერტოდ არის ჩაგდებული ბიულეტენი ყუთში… არ იყო დამამტკიცებელი ფაქტები წარმოდგენილი, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა,“ – განმარტა ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.

„დარღვევა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულია ეს, გამოძიებას მიმართეთ…  მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ კომისიას,“ – განაცხადა კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ჯაიანმა და სხდომა დატოვა.

კომისიის სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით ბაციკაძეც. მისი აზრით, კომისიის წევრი, ვინც ბიულეტენებს ნომრავდა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ ბიულეტენი არ უნდა გაუქმდეს, რადგან „ამომრჩეველს არაფერი დაუშავებია და თავისი არჩევანი გამოხატა“.

„ჩვენ გვქონდა მოთხოვნილი ამავე 29-ე უბნის კომისიის წევრების პასუხისმგებლობაც. ეს საკითხი საერთოდ განუხილველი დატოვა საოლქო კომისიამ,“ – აღნიშნა მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა.

ბათუმის საოლქო კომისიამ შენიშვნა მისცა მე-7 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს. ამ უბანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველს რეგისტრატორმა საკუთარ მაგიდასთან შეავსებინა ბიულეტენები.

„რა უნდა ექნა კომისიას, როცა სპეციალური კაბინა არ არსებობდა?“ – იკითხა საოლქო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.

„სხვა ამომრჩეველი უნდა დახმარებოდა,“ – უპასუხა მას კომისიის თავმჯდომარემ. ციალა შავაძემ ამ შემთხვევაშიც თქვა, რომ ფარულობის პრინციპი არ დარღვეულა, რადგან მისი ინფორმაციით ამომრჩეველი რას ხაზავდა, ამას არავინ უყურებდა.

ბათუმის საოლქო კომისიამ 9 სარჩელი განიხილა. საუბნო კომისიის 6 თავმჯდომარეს გაფრთხილება მისცეს, ორს – შენიშვნა. დარღვევები, ძირითადად, პროცედურული ხასიათის იყო.

საოლქო კომისიამ არ განიხილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ 6 სარჩელი – ვადის დარღვევის გამო.

„დილის წილისყრის პროცედურებზე, მაგალითად, ერთ-ერთი სარჩელი ჩვენთან დარეგისტრირდა 17 საათზე. საჩივარი წარმოდგენილი უნდა იყოს დაუყონებლივ,“ – უთხრა ჟურნალისტებს ციალა შავაძემ, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: „ეს არის უკანონო, ვინაიდან საჩივრების წარმოდგენა მოხდა კანონის ფორმალური წესების დაცვით. როგორც ჩანს, საოლქო კომისია ახალი პრაქტიკის დანერგვას ცდილობს და ეს აუცილებლად გასაჩივრდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ანალოგიურ დროში დაწერილ საჩივრებს ოლქი გასულ საპარლამენტო არჩევნებზე განიხილავდა. საოლქო კომისიის ეს განმარტება არის ძალიან საშიში ტენდენცია საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისთვის. ახალი განმარტება, რომელიც დაგვიდგინა ოლქმა, კანონისგან განსხვავებით, შექმნის საფრთხეს, რადგან როცა ორგანიზაცია აკვირდება მთელი დღე პროცესს, ის ვერ მოახერხებს თითოეული უბნიდან დამკვირვებლის გამოყვანას და ოლქში დაუყონებლივ საჩივრის წარმოდგენას. კანონში წერია, რომ დაუყონებლივ საჩივარი უნდა დაიწეროს უბანში აღმოჩენილი დარღვევის დროს“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი