ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა და შუახევის მერიამ წააგეს სასამართლო დავა გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ.
დავა შუახევის მერიის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში ვახტანგ ბერიძის სასარგებლოდ დასრულდა, მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს კი, სასამართლო ბეგლარ ცინცაძემ მოუგო.
ბეგლარ ცინცაძე 2021 წლის 18 თებერვლიდან მუშაობდა „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2022 წლის 10 იანვარს მას სამსახურში უთხრეს, რომ გათავისუფლებულია, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
ბეგლარ ცინცაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს უთხრა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მიზეზი მისი პოლიტიკური აქტივობაა – 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ბეგლარ ცინცაძე საარჩევნო სუბიექტის „გახარია-საქართველოსთვის” ხელვაჩაურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიული სიის წევრი იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მოქალაქე ბეგლარ ცინცაძის სარჩელი დააკმაყოფილა. ის „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ უნდა აღადგინონ თანამდებობაზე და განაცდური გადაუხადონ.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, როგორ განხორციელდება მისი სამსახურში აღდგენა – მის პოზიციაზე ხელვაჩაურის მერიას უკვე სხვა ადამიანი დაუსაქმებია.
„სამართლიანი არჩევნები“, რომელიც ბეგლარ ცინცაძის ინტერესებს იცავდა, აღნიშნავს, რომ „სასამართლო დადგენილი პრაქტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება უვადოდ მიიჩნევა და დამსაქმებელს უფლება არ ჰქონდა გათავისუფლების საფუძვლად ხელშეკრულების ვადის გასვლაზე მიეთითებინა.“
გათავისუფლების ბრძანება ბათილად მიიჩნია და განაცდურის 5506 ლარის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ შუახევის მერიას, რომელსაც ვახტანგ ბერიძე ედავებოდა.
ვახტანგ ბერიძე შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორად მუშაობდა და 2017 წელს გაათავისუფლეს, როცა იტალიაში, „ტორ ვეგატას“ კონფერენციას დაესწრო. იგი შუახევის მაშინდელმა გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ გაათავისუფლა „უნებართვო წასვლისთვის“.
ვახტანგ ბერიძის იტალიაში მივლინებისთვის ბიუჯეტის თანხა არ დახარჯულა.
გათავისუფლებული საჯარო მოხელის ინტერესი ხელვაჩაურის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, 2021 წელს კი, უზენაესმა სასამართლომ საქმე სააპელაციოს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლომ ვახტანგ ბერიძის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ბათილად მიიჩნია მისი გათავისუფლების ბრძანება და კომპენსაციის ოდენობად 5506 ლარი განსაზღვრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც გაუსაჩივრებია შუახევის მერიას, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ იგი წარმოებაში აღარ მიიღო.