10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

ბათუმში საავტორო კინოს მე-12 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალზე 40-მდე მხატვრულ და დოკუმენტურ, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში. „ბათუმელები“ გთავაზობთ 10 ახალ ფილმს, რომლებმაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა კინოფესტივალზე.

„უსიყვარულობა“

რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. რუსეთი/საფრანგეთი 2017

კინოთეატრი „აპოლო“, 20 სექტემბერი, 22:00 საათზე

ფილმი მოსკოველ ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს, რომლებსაც განქორწინება სურთ. მშობლებისთვის ზედმეტ ბარგად ქცეული 12 წლის ალიოშა ოჯახური კონფლიქტების შემსწრეა. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის შემდეგ ბავშვი მოულოდნელად იკარგება.

ფილმს წელს კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი გადაეცა.

კინოფესტივალზე ფილმს აჩვენებენ „დიდოსტატთა კოლექციის“ არასაკონკურსო სექციაში.

 

„ცოცხლად გადარჩენის მეთოდი“

რეჟისორი არნო ჰაგერსი. ჰოლანდია, ბელგია 2016 წ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]

კინოთეატრი „აპოლო“, 21 სექტემბერი, 12.00 საათზე

ფილმი ცნობილი ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის გმირების ნამდვილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. იგი პოპის მუსიკის ფონზე წიგნებიდან გაცნობილი პერსონაჟები რეალური სახით გვევლინებიან, ყოველდღიური, ადამიანური ისტორიებითა და ყოფით. დასასრულს კი მიშელ უელბეკი და იგი პოპი უელბეკის დიდი ბაბუს სახლში ხვდებიან ერთმანეთს და ახალგაზრდობის წლებზე და საკუთარ შემოქმედებაზე საუბრობენ. ფილმი განსაკუთრებით საინტერესო უელბეკისთვის მკითხველებისთვის იქნება.

 

„ქსელი“

რეჟისორი კიმ კი დუკი. სამხრეთ კორეა 2016 წ. [სპეციალური ჩვენების არასაკონკურსო სექცია]

კინოთეატრი „აპოლო“, 21 სექტემბერი, 23.00 საათზე

ვენეციის, ბერლინის, კანისა თუ სხვა კინოფესტვალების არაერთი ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, კიმ კი დუკის ეს სურათი ჩრდილოკორეელ მეთევზეზეა, რომელსაც ნავი უფუჭდება და შემთხვევით სამხრეთ კორეაში აღმოჩნდება. შემთხვევითობის წყალობით მას ორი სხვადასხვაგვარი სამყაროს შედარების საშუალება ეძლევა.

 

„მზის ქალაქი“

რეჟისორი: რატი ონელი. საქართველო, აშშ, ყატარი, ჰოლანდია 2017 წ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]

ღია ჩვენება, ევროპის მოედანი, 21 სექტემბერი, 21.30 საათზე

ფილმი ჭიათურაშია გადაღებული. ყოფილი საბჭოთა ქალაქის თითქმის მიტოვებული ნანგრევების ფონზე ადამიანები საინტერესოდ ცხოვრების გზებს ეძებენ. მუსიკის ყოფილ მასწავლებელს ოჯახისთვის ახალი ცხოვრების შექმნა სურს, ყოფილი მსახიობი კი ვერ ახერხებს ერთმანეთს შეუთავსოს მსახიობობა და გადარჩენსთვის აუცილებელი შრომა – მაღაროში მუშაობა.

ქართველი რეჟისორის ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი წელს „ბერლინალეს“ ფორუმზე აჩვენეს.

 

„შუქ-ჩრდილი“

რეჟისორი: იეშიმ უსტაოღლუ. თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი 2016 წ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]

კინოთეატრი „აპოლო“, 22 სექტემბერი, 20.00 საათზე

ფილმი ორი ქალის ამბავს გადმოგვცემს. შეზღუდვები გარდაუვალ ფსიქოლოგიურ ტრავმებს აყენებს გმირებს, რის გადალახვაც მათ ერთად უწევთ.

თურქი რეჟისორის სხვადასხვა ფილმს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ბერლინის, სანდერსის და ვენეციის კინოფესტივალებზე.

 

„იმედის მეორე მხარეს“

რეჟისორი: აკი კაურისმიაკი. ფინეთი, გერმანია 2017 წ. [დიდოსტატთა კოლექცის არასაკონკურსო სექცია]

კინოთეატრი „აპოლო“, 22 სექტემბერი, 22.30 საათზე

ამბავი ორ, ბედისგან შემთხვევით დაკავშირებულ ადამიანზეა, მათი ისტორიები ფილმის პირველი 40 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ვითარდება. პირველი ამბის გმირი სირიელი ლტოლვილი ხალედია, რომელიც ქვანახშირის გემიდან შემთხვევით ჰელსინკში აღმოჩნდება. მეორე კი, ვიკსტრიომი, ვაჭრობას ანებებს თავს, აზარტული თამაშებით მოგებული თანხით ჰელსინკში რესტორანს ხსნის და ორი გმირის გზაც ამ დროს იკვეთება: ვიკსტრიომი თავისი რესტორნის ეზოში ჩაძინებულ ხალედს პოულობს.

ფილმისთვის „იმედის მეორე მხარეს“ 2017 წელს  აკი კაურისმიაკი  ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

 

„დედე“

რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი, საქართველო, ყატარი, ირლანდია, ჰოლანდია, ხორვატია 2017 წ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]

ევროპის მოედანი, ღია კინოჩვენება, 22 სექტემბერი, 20.00 საათზე; კინოთეატრი „აპოლო“, 23 სექტემბერი, 22:30 საათზე.

დინა ტრადიციულ მთის სოფელში ცხოვრობს. დათო ომიდან სოფელში ბრუნდება. დინას ბაბუამ მას პირობა მისცა, რომ შვილიშვილს მიათხოვებდა, თუმცა დინას სხვა ბიჭი, დათოს მეგობარი გეგი უყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

 

„როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი „კუნძი“ მოხუცთა თავშესაფარში“

რეჟისორი: ალექსანდერ ჰანტი, რუსეთი 2017 წ. [მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია]

კინოთეატრი „აპოლო“, 23 სექტემბერი, 16:30 საათზე

ვიქტორი სმასა და დროსტარებას გადაყოლილი, თავგზააბნეული კაცია. ცოლი არ უყვარს, სხვა ქალისგან დაუგეგმავად შვილი უჩნდება. ბავშვობაში დედამ თავი მოიკლა, მამამ კი მიატოვა. ასე აღმოჩნდა ვიქტორი ობოლთა თავშესაფარში. გადის დრო და მამა ბრუნდება. ფილმის მთავარი ამბები მამა-შვილის შეხვედრის შემდეგ იწყება.

 

„თავისუფლების დღე“

რეჟისორები: უგის ოლტე, მორტენ ტრაავიკი. ნორვეგია, ლატვია 2016 წ. [დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია]

კინოთეატრი „აპოლო“, 23 სექტემბერი, 12:00 საათზე.

ჩრდილოეთ კორეაში იაპონიის კოლონიური პოლიტიკისგან გათავისუფლების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. ქალაქში სლოვენიური ბენდი „ლაიბახი“ ჩამოდის, რომელიც „ბითლზის“ და სხვა საკულტო როკ-ჯგუფების ქავერებს ასრულებს.

ჩრდილოეთ კორეის ჩაკეტილ საზოგადოებაში პირველად ჟღერს როკი. როგორ გგონიათ, რა რეაქცია ექნებათ ჩრდოლოკორეელებს 21 საუკუნეში თავისუფლების მუსიკასთან პირველი, ცოცხალი შეხებისას?

ფილმის ერთ-ერთი რეჟისორმა, მორტენ ტრაავიკმა, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, როცა ჯგუფი „ლაიბახი“ ჩაიყვანა და ჩრდილოეთ კორეა როკენროლის რიტმებს აზიარა.

 

„შემდგომი სახე“

რეჟისორი: ანჯეი ვაიდა. პოლონეთი, 2017 წელი. [დიდოსტატთა კოლექციის არასაკონკურსო სექცია]

კინოთეატრი აპოლო, 23 სექტემბერი, 20:30 საათზე.

ანჯეი ვაიდას ბოლო ფილმი კომუნისტური რეჟიმისგან დევნილი „თანამედროვე მხატვრობის მესიის“, ვლადისლავ სტრჟემინსკის ცხოვრების პერიოდს ასახავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ნერგაძე