წყალი გრაფიკით ხულოში

დაბა ხულოსა და მიმდებარე სოფლებს – ოქრუაშვილებს, დუაძეებს, ძირკვაძეებს, განახლებასა და ქვედა ვაშლოვანს, სულ 1 800 აბონენტს, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. სასმელი წყლის მიწოდებაში პრობლემები აქ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

დღე-ღამის განმავლობაში წყალი მოსახლეობას დაბა ხულოსა და რიგ სოფლებში მხოლოდ 11 საათით მიეწოდება, დილის 8 საათიდან შუადღით 2 საათამდე და საღამოს 8 საათიდან ღამის პირველ საათამდე.

ააიპ „ხულოს წყალკანალის“ დირექტორის, ბადრი აბაშიძის განმარტებით,  წყლის მიწოდებაში პრობლემები სათავეებზე გვალვის გამო წყლის კლებამ გამოიწვია.

„ძლიერი გვალვის გამო წყალი სათავეებზე საგრძნობლად დაშრა. ოთხი თვის განმავლობაში აქ არ გაწვიმებულა. საუკუნოვანი წყაროებიც კი დაშრა. წყალი, რომელიც ამ დროისთვის მოსახლეობას მიეწოდება, ნაწილობრივ ზედაპირული წყლებით გროვდება, გარდა ამისა, რეზერვუარებს, რომლებითაც აბონენტებს წყალს ვაწვდით, მოსახლეობის წყლებითაც კი ვავსებთ [მოსახლეობის ნაწილს სოფლებში სასმელი წყლის საკუთარი სისტემები აქვთ მოწყობილი – ავტ.]. გასულ წელს ახალი წყალსადენი გავაკეთეთ, რომ არა ის, სერიოზული პრობლემები შეიქმნებოდა. ძირითადად ახალი წყალსადენით ივსება რეზერვუარი, ერთი გამანაწილებელი, 1000-ტონიანი რეზერვუარი გვაქვს, მაგრამ სრულიად ვერ ასწრებს ავსებას, დაახლოებით 40-50 ტონამდე ივსება, ღამის საათებში კი რეზერვუარებს მოსახლეობის წყლებით ვავსებთ, რომ დილით წყალი მივაწოდოთ აბონენტებს,“ – ამბობს ბადრი აბაშიძე.

ბადრი აბაშიძე გამოსავალს იმ ახალი წყლის მაგისტრალის მშენებლობაში ხედავს, რომელიც სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„ახალი მაგისტრალი შენდება, წყალი მთა საჯოგიადან მოგვყავს. მშენებლობა სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. საჯოგიადან მოყვანილი წყლის ნაწილი არსებულ რეზერვუარში ჩავა, ნაწილი კი – ცალკე რეზერვუარში. დაბაში 1 200, ხოლო სოფლებში 600-მდე აბონენტი გვყავს, თუმცა ამას დაემატა მოსახლეობის ის ნაწილიც სოფლებში, რომლებსაც სასმელი წყალი გვირაბების მშენებლობის გამო შეუწყდა და ვიდრე მოხდება წყლის აღდგენა, წყალკანალს მიუერთდნენ. წყლის კლება ნაწილობრივ აბონენტების მატებამაც გამოიწვია“.

ხულოს წყალკანალი ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს აიპის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 210 625 ლარია გამოყოფილი, საჯოგიადან წყლის მაგისტრალის მშენებლობისთვის, რომელიც გარდამავალი პროექტია და გასულ წელს დაიწყო, სულ 872 811 ლარია გამოყოფილი.

წყალკანალისთვის გამოყოფილი თანხა, ძირითადად, რეზერვუალების დაქლორვას, თანამშრომელთა ხელფასებს, ოფისის ხარჯებს, ტრანსპორტსა და სპეციალური ხელსაწყოების შეძენას ხმარდება. „ხულოს წყალკანალის“ აბონენტები მოხმარებული წყლის გადასახადს არ იხდიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი