მთავარი,სიახლეები

ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს პრემიერი წარადგენს

12.09.2017
ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს პრემიერი წარადგენს

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.  პრემიერი ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობისა და საკრებულოებში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.  როგორც ცნობილია  „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძეა, ის ამ დრომდე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი [თვითმმართველობის კოდექსის ბოლოს წინა ვერსიით გამგებელი – ავტ.] ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა.

ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან. 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

2012 წლიდან დღემდე ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობდა.

ქედის მერობის კანდიდატად ლევან გორგილაძეს დაასახელებენ, ამ დროისათვის ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ხელმძღვანელობს. მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

ქობულეთის მერობისთვის მირიან ქათამაძე, აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე იბრძოლებს. მან მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკვე დატოვა და არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.

„ქართული ოცნებიდან“ შუახევის მერობის კანდიდატი ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი, ფრიდონ ფუტკარაძე იქნება, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა ივლისის ბოლოს დატოვა.

ხულოს მუნიციპალიტეტში კი გოჩა მელაძე დასახელდება, რომელიც შპს „გოდერძი რიზორთსის“ დირექტორის მოადგილეა. ის ამ დრომდე  თანამდებობაზე რჩება.

„ქართული ოცნება“ კანდიდატებს დღეს, საღამოს რვა საათზე ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარადგენს.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.​

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: