ალექსანდრე ჯეჯელავა.  თორნიკე თავაძის ფოტო

ჯეჯელავა დემირელის სკოლის დახურვაზე კომენტარს არ აკეთებს

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე პარლამენტის განათლების კომტეტის გასვლით სხდომაზე მყოფმა საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელევამ უპასუხოდ დატოვა „ბათუმელების“ შეკითხვა „დემირელის სკოლის“ დახურვასთან დაკავშირებით. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს და ჟურნალისტებმა პრესსამსახურს უნდა მიმართონ.

ოფიციალური ინფორმაციით, დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა.

უკვე მეოთხე თვეა, რაც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქი 2017 წლის მაისში დააკავეს და მიზეზი,  როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, არის თურქეთის მხარის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის პარტნიორ სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

შაჰინის სკოლის დახურვის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში გერმანიის მოქალაქე ჯიჰარ აქინს, რომელიც დემირელის სკოლის 60%-ს ფლობს, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში გააბრუნეს.

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯლავამ 2017 წლის მაისში განაცხადა, რომ დემირელის სკოლის მმართველის, მუსტაფა ჩაბუქის დაკავება სკოლის ფუნქციონირებას პრობლემას არ შეუქმნიდა.

2017 წლის თებერვალში მუსტაფა ჩაბუქმა დემირელის კოლეჯის მფლობელების (იუსიფ ალთაში, მოქალაეობა – თურქეთი, ფლობს წილის 20%-ს, იაშარ შიმშექი, თურქეთი- 20%, ჯიჰარ აქინი, გერმანია- 60%) მინდობილობით საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის წილები ამერიკულ კომპანიაზე უნდა გადარეგისტრირებულიყო, თუმცა რეესტრმა ეს მოთხვნა არც ერთხელ დაუკმაყოფილა. ჩაბუქის განცხადების მიხედვითვე, დემირელის კოლეჯს უნდა შეცვლოდა სახელი და დარქმეოდა “ქართულ – ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი”.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.