მთავარი,სიახლეები

რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

21.09.2017 • 6058
რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სკოლის ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებით სკოლაში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა, სკოლები ცომეული პროდუქტების ამარა დარჩა ან საერთოდ არაფერი იყიდება.

პირველი სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, დირექცია ბუფეტის ფართობზე აუქციონს აცხადებს. „დოკუმენტაცია უკვე მზადაა და აუქციონი მალე გამოცხადდება“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოიჯარემ სკოლაში უნდა შემოიტანოს? დირექტორი ამბობს, რომ სკოლა მხოლოდ ფართობს გასცემს, ხოლო მოიჯარე ვალდებულია განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად მოამარაგოს სკოლის ბუფეტი. „სკოლა კი ვალდებულია მონიტორინგის სამსახურთან ერთად შეამოწმოს ბუფეტი,“-გვეუბნება ნატალია მგელაძე.

იმ შემთხვევაში, თუკი  ახალი მოიჯარე დროულად არ გამოჩნდება, მოსწავლეებს ლანჩის სკოლაში წაღება სახლიდან მოუწევთ.

„15 სექტემბრისთვის უნდა ყოფილიყო ბუფეტი მზად, მაგრამ საიჯარო პროცედურებმა წაიღო დრო. მოსწავლეებს გაკვეთილების პერიოდში სკოლის გარეთ არ ვუშვებთ, ამიტომ ვთხოვთ მოსწავლეებს საკვები სახლიდან წამოიღონ. მოსწავლეებს უჭირთ იმის გააზრება, რომ საკვები სახლიდან უნდა მოიტანონ, რადგან არ არიან მიჩვეული და ეს ტრადიცია ქართულ სკოლებში არ არის.“

დირექტორი ამბობს, რომ იმის მონიტორინგს თუ რა მოაქვს ბავშვს სახლიდან, ან ხომ არ ყიდულობს გზაში არაჯანსაღ პროდუქტს, ამის მონიტორინგს სკოლა ვერ განახორციელებს.

„ჩვენ დავარეგულირებთ მხოლოდ იმას, რაც გაიყიდება სკოლის ბუფეტში, მშობლის არჩევანში ვერ ჩავერევით“-გვეუბნება ის.

შეზღუდულია არჩევანი მეორე საჯარო სკოლის ბუფეტში, რომელიც ქალაქში ასევე ყველაზე მაღალკონტინგენტიანი სკოლაა. სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების შემდეგ, სკოლის ბუფეტში ფენოვანი ხაჭაპური, კარტოფილის ღვეზელი და ფუნთუშა დარჩა, რომელიც სკოლის ბუფეტშივე მზადდება.

ცომეულების დიდი ნაწილი, მათ შორის, ფენოვანი ხაჭაპური, სწრაფი კვების ობიექტებში და სკოლაშიც მარგარინზე მზადდება, რაც სპეციალისტების თქმით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. თუმცა დირექტორის ამბობს, რომ ფენოვანი ხაჭაპური არაჯანსაღი პროდუქტების სიაში არ შედის, რადგან „მხოლოდ ყველი და ცომია“.

მარიზა აბაშიძის თქმით, მეიჯარეს ხელშეკრულება თვის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ახალ მოიჯარეს კი უფრო მრავალფეროვან მენიუზე შეუთანხმდება.

სკოლის ხელმძღვანელები გვეუბნებიან, რომ სწავლის პერიოდში მოსწავლეების გარეთ არ გადიან, თუმცა მე-2 საჯარო სკოლის კარი „ბათუმელების“ იქ ყოფნაში რამდენჯერმე გაიღო. სწორედ ამ დროს გავესაუბრეთ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც ქუჩიდან გაზიანი სასმელებით და არაჯანსაღი საკვებით შემოვიდნენ.

სკოლის მოსწავლეები დასვენების დროს არაჯანსაღ საკვებს სკოლის გარეთ ყიდულობენ. ფოტო: ლელა დუმბაძე

სკოლის მოსწავლეები დასვენების დროს არაჯანსაღ საკვებს სკოლის გარეთ ყიდულობენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„თუ ჯანსაღ კვებაზეა საუბარი, მაშინ ბუფეტიც ჯანსაღ საკვებს უნდა გთავაზობდეს. იქ კი მხოლოდ ცომეული იყიდება, რომელიც გვასუქებს. ფასებიც მისაღები უნდა იყოს, რადგან ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს და არც თუ ისე გემრიელია,“-გვეუბნება მე-12 კლასელი სოფიო.

მოზარდები ამბობენ, რომ გაზიანი სასმელები და კრეკერები, რომელიც გარედან შემოიტანეს, მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, თუმცა ჩვეულებას ვერ ღალატობენ.

„არის შემთხვევები, როცა სახლიდან მომაქვს კონტეინერი, მაგრამ სკოლაში არ არის მიღებული საჭმლის ტარება სახლიდან, ამიტომ მაინც იშვიათად დამაქვს“.

მერვეკლასელი ბექა გაზიანი სასმელის შესაძენად მაინც ქუჩაში გადის. „კარგი იქნება ბუფეტში თუ იქნება კიტრი, პომიდორი, ხორციანი საჭმელი,  გემრიელი საკვები უნდა იყიდებოდეს. თანაც დასვენება უნდა გაიზარდოს, რომ სადილის ჭამა მოასწრო“.

სკოლის ბუფეტის მოიჯარე მზია შათირიშვილი ირწმუნება, რომ ბავშვებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწვდის.

„ძირითადად ცომეულს ვაკეთებ. წვენი მაქვს ნატურალური. კისელიც შემიძლია შევთავაზო და კაკაოც, კეფირი, იოგურტი, მაწონიც მაქვს ჩამონათვალში, მაგრამ არ ყიდულობენ. ვაშლი და ბანანიც მაქვს და ამას ყიდულობენ“-გვეუბნება ის.

მოიჯარე ამბობს, რომ რა აზრი აქვს სკოლის მენიუს შედგენას, როცა ყველა აკრძალული საკვები სკოლის ირგვლის იყიდება. „ყველაფერი შემოაქვთ გარედან, ჩიფსიც, კოკა-კოლა და მზესუმზირაც“.

მე-2 საჯარო სკოლის ბუფეტი

მე-2 საჯარო სკოლის ბუფეტი

მოსწავლეებს ცომეულის გარდა სხვა არჩევანს არც ახალშენის პირველ საჯარო სკოლაში სთავაზობენ. როგორც სკოლის დირექტორი რევაზ გორგაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, სკოლაში სამი დაახელების პროდუქტის გარდა, მოსწავლეებს სხვა ვერაფერს სთავაზობენ.

„სკოლის ბუფეტში გაყიდვაშია ხაჭაპური, რომელიც ადგილზე მზადდება, ქარხნულად დამზადებული „ბუბლიკი“ და პეჩენია. სასმელი – წვენი და წყალი“.

სკოლის ბუფეტის მოიჯარე ამბობს, რომ დასახელებული პროდუქტების გარდა მოსწავლეებს სხვას ვერაფერს შესთავაზებს, რადგან „სოფლის სკოლაში დიდი ბრუნვა არ არის და მოგებაც ნაკლებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: