მთავარი,სიახლეები

6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

17.07.2017 • 2289
6 თვით პატიმრობა მძღოლს ავარიისთვის, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საპროცესო შეთანხმებით დასრულდა სასამართლო პროცესი მირონ შუშანიძესთან. მას გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებოდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში, გონიოში მოხდა. მირონ შუშანიძე ავტომანქანით დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას, რომელშიც ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა.

საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება არსებითი განხილვის გარეშე მიიღო, რადგან მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, მირონ შუშანიძე პატიმრობაში 6 თვე იქნება, 5 წელი – პირობითი მსჯავრის ქვეშ.

„ამას გარდა, თქვენ ჩამოგერთმევათ ავტომანქანის მართვის უფლება სამი წლის ვადით,“ – მიმართა მსჯავრდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ავარიის შემდეგ ჩამორთმეული ავტომანქანა მირონ შუშანიძეს დაუბრუნდება. მოსამართლემ მსჯავრდებულს უთხრა ისიც, რომ საპროცესო შეთანხმებაზე წასვლა მას არ გაათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან, თუკი დაზარალებული მხარე მისგან რაიმე სახის კომპენსაციას მოითხოვს.

„დაზარალებული მხარე არ წასულა საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგი, რადგან ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მირონი ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. ის სამსახურიდან მოდიოდა ადრე დილით და საჭესთან ჩაეძინა. იმ ადგილას იყო დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერებიც,“ – გვითხრა ადვოკატმა, სიმონ ასათიანმა.

ავტოავარიის შედეგად დაღუპულების ახლობლები სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: