miqautadze

„გონიოს პლაჟის ინციდენტი“, რომელშიც დაზარალებული იუსტიციის საბჭოს ახალი მდივანია

„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ინციდენტი გონიოს პლაჟზე“, – ამ სათაურით სტატია „ბათუმელებმა“გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა ამ დრომდე გრძელდება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში. გიორგი მიქაუტაძე 2017 წლის 24 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

გონიოში მომხდარი ინციდენტის სასამართლო გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილს [ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე] საქმეზე, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულად არის ცნობილი, განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

საქმეში ბრალდებული ცოლ-ქმარი – თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე 30 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. ხელვაჩაურის სასამართლოს მენეჯერის განმარტებით, საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.

გასული წლის 26 აგვისტოს, გონიოში პლაჟზე მყოფ მოსამართლეს და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის ოჯახს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურში გადაიზარდა [გამოძიება დაიწყო მოსამართლისგან 13 წლის ბავშვის ცემის ფაქტზე]. იმავე საღამოს მოსამართლის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეუცვალეს და, პირიქით, მოქალაქეებს დასდეს ბრალი – მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში.

გონიოს ინციდენტამდე ერთი წლით ადრე თამარ ხაჭაპურიძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განიხილა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ. მაშინ თამარ ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში შეურაცხყო მოსამართლე. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის და არ მოუთხოვია ფაქტის უარყოფა, რაც მის ღირსებას შესაძლოა ლახავდა.

სწორედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გახდა 26 აგვისტოს, გონიოს პლაჟზე კონფლიქტის დაწყების მიზეზი. პოლიციას თამარ ხაჭაპურიძემ დაურეკა და დახმარება ითხოვა, რადგან მის 13 წლის ბიჭს, როგორც თავად აცხადებდა, მოსამართლემ სცემა – ბიჭს ტუჩიდან სისხლი სდიოდა. გამოძიება არასრულწლოვნის ცემის მუხლით დაიწყო.

გამომძიებლებმა ცოლ-ქმარი დაკითხეს, როგორც დაზარალებული არასრულწლოვნის მშობლები, თუმცა 26 აგვისტოს ღამეს, ცოლ-ქმარი შვილის თვალწინ დააკავეს. აღმოჩნდა, რომ პროკურატურამ ცემის მუხლით დაწყებულ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტზე გაგრძელდა გამოძიება.

„როდესაც გამოძიება იწყება ოფიციალური წესით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, უნდა არსებობდეს კონკრეტული საფუძველი, რომ ძიება შეწყდეს. ამ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ძიება არ შეწყვეტილა, მაგრამ არც მიმდინარეობს ცემის ფაქტზე. თუ ადგილი ჰქონდა სხვა დანაშაულს და ეს გამოიკვეთა, მაშინ  ცალკე უნდა დაიწყოს გამოძიება,“ – ამბობდა გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გასული წლის ზაფხულში.

იმ დროისთვის ეს ორგანიზაცია თამარ ხაჭაპურიძის და მისი მეუღლის ინტერესებს იცავდა. მოგვიანებით, ბრალდებულების სურვილით საია საქმეს ჩამოშორდა. მათ საპროცესო შეთანხმების სურვილი გამოხატეს, თუმცა შეთანხმება საბოლოოდ მაინც ვერ შედგა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხელმოწერილ განჩინებაში, რაც აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გამოიცა, ეწერა, რომ ცოლ-ქმარმა ვერსია მოიფიქრა და ამ გზით გამოძიების შეცდომაში შეყვანა სცადა. ამონარიდი განჩინებიდან: „ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძის მიერ ჰქონდა ადგილი გამოძიების არასწორი გზით წაყვანის მცდელობას, როდესაც შეტყობინება გააკეთა პოლიციაში და შემდეგ თავის მეუღლესთან წინასწარი მოფიქრებული ვერსიით არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, თითქოს დაზარალებულმა გიორგი მიქაუტაძემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული გარემოება ნამდვილად ადასტურებს ბრალდებულის მისწრაფებას, ხელი შეუშალოს ობიექტურ გამოძიებას…“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კრიტიკული შეფასება ჰქონდა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიმართაც. გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევდა, რომ: „თამარ ხაჭაპურიძის მიმართ სასამართლო იყო რეპრესიული, რადგან საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ავლენს გამოძიების არაობიექტურობას, ხოლო უკანონო დაკავება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა. ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა კიკილაშვილმა კოლეგის მიმართ გამოიჩინა პატივისცემა კანონის ნაცვლად, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მოსამართლე კანონით უნდა ხელმძღვანელობდეს“.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი