სომხეთიდან ბათუმში წელს პირველი მატარებელი შემოვიდა

სომხეთიდან ბათუმში, დღეს, 16 ივნისს, 07:10 საათზე,  მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, პირველი მატარებელი შემოვიდა. მატარებელი 180 ადგილიანია და ის პირველ ოქტომბრამდე, ყოველდღე ივლის.

„მაისის თვეში გვაქვს ხოლმე მოლაპარაკება სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან ან სომხეთის რკინიგზასთან და ვთანხმდებით ხოლმე ამ მატარებლის დამატებაზე, ისე ჩვეულებრივ რეჟიმში დადის ხოლმე ერევანი-თბილისი-ერევანი.

მატარებელი ყოველდღიურად ივლის ერევნიდან ბათუმში და მგზავრობის ღირებულება კლასის მიხედვით განისაზღვერბა. ბილეთის ფასი შვეიცარული ფრანკის ექვივალენტში დგინდება“ – გვეუბნება საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის უფროსის მოადგილე, ხარიტონ შალამბერიძე.

მისივე ინფორმაციით, მოდერნიზებულ ვაგონში პლაცკარტის ღირებულება 37,80 ლარია, მოდერნიზებული კუპირებული კი 64,44 ლარი.

გარდა ამისა, პირველი ივლისიდან ბათუმი-თბილისის მიმართულებით შტადლერის ტიპის  ორსართულიანი, ოთხი მატარებელი ივლის. ხარიტონ შალამბერიძის თქმით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, შესაძლებელია მგზავრობის ტარიფებში უმნიშვნელო ცვლილებაც მოხდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com