გზით სარგებლობის უფლებისთვის მოქალაქე საპატრიარქოს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე შაქრო თურმანიძე საქართველოს საპატრიარქოს გზის დაბრუნებას სთხოვს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფერიის მთაზე, სადაც მიწის ნაკვეთი 1979 წლიდან აქვს, გზაც თვითონ გაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს, მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა, მათ შორის, გზაც, რომლითაც შაქრო თურმანიძე სარგებლობდა. გზა ამჟამად ფერიის მთაზე მდებარე ეკლესიის სარგებლობაშია.

„ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნაც, რომ შაქრო თურმანიძის მიწის ნაკვეთზე სხვა მისასვლელი გზა არ არსებობს. გზა რეგისტრირებული ცალკე არ იყო და დღეს ის ეკლესიამ ჩახერგა, მაგრამ ადამიანი მისასვლელი გზის გარეშე დარჩა. ჩვენ ვდავობთ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ადამიანს, რომელსაც აქვს საკუთრება, აქვს გზით სარგებლობის უფლებაც,“ – განმარტავს თინა იმნაძე, შაქრო თურმანიძის ინტერესების დამცველი.

რატომ უჩივის მოქალაქე საპატრიარქოს და არა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მისი კუთვნილი გზა ეკლესიას გადასცა? – თინა იმნაძე გვპასუხობს, რომ ამ კითხვას პასუხი უშუალოდ მესაკუთრემ უნდა გასცეს: „ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ამჯერად ვდავობთ იმ კუთხით, რომ ნებისმიერ მესაკუთრეს აქვს „სავალდებულო გზით“ სარგებლობლობის უფლება“, – აზუსტებს ადვოკატი.

„ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს ამ დავას“, – თქვა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზში, სადაც არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მხოლოდ ის უნდა ეთქვა, საპატრიარქოს წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელი ბათუმის სასამართლოს განსახილველი იყო თუ არა. რადგან საპატრიარქოს იურიდიული მისამართი თბილისში აქვს, საპატრიარქომ წინა სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს განეხილა. მოსამართლემ საპატრიარქოს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მოქალაქის სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

თავად შაქრო თურმანიძემ ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა. რაც შეეხება საპატრიარქოს, მისი ინტერესების დამცველი  ვახტანგ ლორია სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ მოვიდა. მან საპატრიარქოსგან შესაბამისი ნებართვის მიღებამდე კომენტარზე უარი გვითხრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი